პოლიტიკა

როგორ ახერხებს საქართველო ყარაბაღის კონფლიქტში ნეიტრალიტეტის შენარჩუნებას? – Deutche Welle

Nusagi

მთიან ყარაბაღში მიმდინარე კონფლიქტის ყველა ეტაპებზე, საქართველომ, ხელისუფლების ცვლილების მიუხედავად, ამ კონფლიქტში ნეიტრალიტეტი შეინარჩუნა. როგორ გახდა ეს შესაძლებელი? ამაზე მასალას Deutche Welle ავრცელებს. 

უკვე 30 წელია, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ყველა ეტაპზე საქართველო ამ საკითხში ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს. აზერბაიჯანს და სომხეთს, თავის მხრივ, საქართველოსგან არასოდეს მოუთხოვიათ გადაეწყვიტა, თუ ვის მხარეზეა, თუმცა ბაქოსა და ერევანს მეზობელი ქვეყნების პოზიციის მიმართ ძალზე მტკივნეული დამოკიდებულება აქვთ.

ექსპერტების აზრით, კავკასიის რეგიონისთვის, საერთო ჯამში, ასეთი სიტუაცია მოგებიანია. საქართველო მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში ჩათრეული რომ ყოფილიყო, მაშინ კავკასიაში მდგომარეობა კიდევ უფრო დაძაბული იქნებოდა. მაგრამ ასე არ ხდება და ამას ბევრი მიზეზი აქვს.

ნეიტრალიტეტის ესტაფეტის ჯოხი

1991 წელს საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ საქართველოს ხელისუფლებაში სრულიად განსხვავებული ლიდერები იყვნენ და მათ მიერ გატარებული პოლიტიკა განსხვავებული იყო. ამის მიუხედავად, ყველა მათგანი, ერთმანეთს მთიანი ყარაბაღის საკითხზე ნეიტრალიტეტის ესტაფეტის ჯოხს გადასცემდნენ. ამას ხელს არ უშლიდა საქართველოს დამოკიდებულება აზერბაიჯანულ გაზზე და ისიც, რომ თბილისის პოზიცია აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით ძალზე ჰგავს ყარაბაღთან დაკავშირებით ბაქოს პოზიციას – ორივე ქვეყანაში მიაჩნიათ, რომ ეს მათი რეგიონებია, და ქვეყნის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია.

„საქართველოს ყველა მთავრობას ესმოდა და ესმის, რომ ამ საკითხში სიფრთხილეა საჭირო. ჩვენ არასდროს დაგვიშვია შეცდომები, არცერთი მხარისკენ არ გადავხრილვართ, არცერთი მეზობელი არ გაგვინაწყენებია“, – განაცხადა 2016 წელს კონფლიქტის მორიგი ესკალაციის დროს საქართველოს პარლამენტის წევრმა ლევან ბერძენიშვილმა.

2020 წლის ოქტომბერში, ყარაბაღის მეორე ომის დროს იგივე გაიმეორა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა:

„საქართველო იყო, არის და უნდა იყოს სრულიად ნეიტრალური ორ მეზობელ და მეგობარ ქვეყანასთან მიმართებით. სამივე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა და განვითარება ამ მშვიდობასა და სტაბილურობაზეა დამოკიდებული“.

კავკასიის სტაბილურობის და დემოკრატიის კუნძული

საქართველოს ეკონომიკა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სტაბილურობაზე, ან თუნდაც რეგიონში არსებულ ცუდ მშვიდობაზე. ყარაბაღის კონფლიქტის გაყინვის გამო, საქართველომ, ექსპერტების აზრით, არაფერი დაკარგა, არამედ მოიგო კიდეც, მთელი ამ წლების განმავლობაში სომხეთის იზოლაციის ფონზე, ის ტრანზიტული ქვეყნის ფუნქციას ასრულებდა. პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე კი მიიჩნევს, რომ საქართველო „პრაქტიკულად ამ სატრანზიტო მონოპოლიის პარაზიტობას“ ეწეოდა. 

„თავის დროზე, როდესაც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი გაიყვანეს, ამან არა მარტო ეკონომიკური სარგებელი, არამედ უსაფრთხოებაც მოგვიტანა. საქართველომ მოახერხა შეერთებული შტატებისა და ევროპის ყურადღების მიქცევა. ქვეყნით დასავლეთი დაინტერესდა“,”- იხსენებს შარაშენიძე.

ახლა კი, როცა საქართველო ევროპასთან ინტეგრაციას ცდილობს, მისთვის მით უფრო მნიშვნელოვანია დარჩეს „სტაბილურობისა და დემოკრატიის კუნძულად რეგიონში“, როგორც მას ქვეყანას პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა უწოდა. ნეიტრალიტეტი საქართველოსთვის აუცილებელია შიდა უსაფრთხოების თვალსაზრისითაც. სომხები და აზერბაიჯანელები ამ ქვეყანაში ორი ძირითადი ეთნიკური უმცირესობაა და მათ შორის დაპირისპირება ძალზე არასასურველია.

მედიის პოზიცია

რაც შეეხება სამ ქვეყანაში არსებულ საზოგადოებრივ აზრს, აქ ყველაფერი ისე ერთმნიშვნელოვნად არ არის, როგორც პოლიტიკოსების განცხადებებში. როდესაც 2022 წლის სექტემბერში სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ბრძოლები დაიწყო, სომხეთის ზოგიერთი ჟურნალისტი აღშფოთებული იყო იმით, რომ ქართული მედია იგნორირებას უკეთებდა იმას, რაც საქართველოს გვერდით ხდებოდა და უკრაინის ომს კი უდიდეს ყურადღებას უთმობდა. 

ქართული საინფორმაციო პორტალის, Netgazeti-ს რედაქტორის ნინო კახიშვილის თქმით, ეს მთლად სიმართლეს არ შეესაბამება:

„ვფიქრობ, საქართველოში ყარაბაღის კონფლიქტის გაშუქების აქტიურობასა და სტილს ხელისუფლების ნარატივთან არანაირი კავშირი არ აქვს. უბრალოდ, ზოგადად ქართულ მედიას დიდად არ აინტერესებს რა ხდება რეგიონში, თუ ეს უშუალოდ არ არის დაკავშირებული საქართველოსთან და თუ ეს სრულმასშტაბიანი ომი არ არის“.

კახიშვილი ამბობს, რომ  ყარაბაღის მეორე ომს ქართული მედია ძალიან აქტიურად აშუქებდა. და ბევრი მათგანი საერთოდ არ იცავდა ნეიტრალურ ტონს, არ ცდილობდა ბალანსის შენარჩუნებას, არამედ საკმაოდ ღიად გამოხატავდა ბაქოს მხარდაჭერას:

„ისინი მიიჩნევდნენ, რომ აზერბაიჯანი თავისი ტერიტორიულ მთლიანობის აღდგენას ცდილობს. საქართველოსთვის ეს თემა ასევე აქტუალურია“.

ყველას ყველაფერი აწყობს

აზერბაიჯანელი პოლიტიკური ანალიტიკოსი შაჰინ რზაევი, ასევე, მიიჩნევს, რომ საქართველო, ფაქტობრივად, არც ისე ნეიტრალურია, როგორც მას სურს საკუთარი თავი წარმოაჩინოს. ის ყურადღებას ამახვილებს, მაგალითად, იმაზე, რომ გაეროში ან ეუთოში თბილისი ხმას აძლევს ბაქოს სასარგებლოდ –  იგრძნობა ტერიტორიული კონფლიქტების მსგავსება. გარდა ამისა, ამბობს რზაევი, სომხეთი ყოველთვის ეყრდნობოდა რუსეთის დახმარებას, რომელიც საქართველოსთვის ოკუპანტი ქვეყანაა, ამიტომ აზერბაიჯანის მიმართ მეტი სიმპათია იგრძნობა.

„მაგრამ აზერბაიჯანს ესმის, რომ საქართველოსგან მეტ ლოიალობას მაინც ვერ მიიღებს. სომხეთსაც ესმის, რომ თავის მხარეზე თბილისის გადაბირებას ვერ შეძლებს, ამიტომ სჯობს ყველაფერი ისე დარჩეს, როგორც ახლა არის. დღევანდელი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის. ეს იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ისინი პრაგმატიზმით ხელმძღვანელობენ“, – აცხადებს ანალიტიკოსი.

არსებული ვითარება, როგორც ჩანს, საერთაშორისო ორგანიზაციებსაც აწყობთ, რომლებიც ახორციელებენ სხვადასხვა რეგიონულ პროექტს (ჟურნალისტურს, კვლევითს და ა.შ.). სწორედ საქართველოში იმართება სემინარების, კონფერენციების, შეხვედრების უმეტესობა, რომელშიც მონაწილეობენ როგორც სომეხი, ასევე აზერბაიჯანელი წარმომადგენლები.

მოგვარდება თუ არა ყარაბაღის კონფლიქტი სრულად უახლოეს მომავალში თუ ეს პროცესი გაჭიანურდება, ეს, დამკვირვებლების თქმით, საქართველოზე არანაირად არ აისახება  – თბილისისთვის მთავარია, რომ სომხეთმა და აზერბაიჯანმა კიდევ ერთი სრულმასშტაბიანი ომი არ დაიწყონ და რეგიონში რუსეთის გავლენის გაძლიერებას ხელი არ შეუწყონ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,472,550 ნახვა
%d bloggers like this: