პოლიტიკა

გიორგი ამილახვარი – CNN იქნება, BBC თუ Al Jazeera, გადაუმოწმებელ ინფორმაციას ვალდებული ვართ, ვუპასუხოთ – არ არსებობს პატარა მტკიცებულებაც კი, რომ საქართველო გამოყენებულია უკანონო ტვირთებისთვის

Nusagi

სრული პასუხისმგებლობით, არ არსებობს არცერთი პატარა, იოტისოდენა მტკიცებულება და დოკუმენტიც, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, საქართველო არის ან ტრანზიტი ან გამტარი ან რეექსპორტად გამოყენებული ქვეყანა უკანონო ტვირთებისთვის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გიორგი ამილახვარმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, რიცხვები თავისას ამბობს და „ფაქტი ერთია, რომ ამ რიცხვებით, ბოლო ერთი წელია რუსეთთან ვაჭრობა საქართველოს შემცირებული აქვს“.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, CNN-ის წამყვანი, ქრისტიან ამანპური ეყრდნობა იმ ე.წ შეთხზულ ამბებს, რომლის ნარატივი ბოლო ერთი წელია იქმნება, მაგრამ ეს ფაქტები არ არის გადამოწმებული.

„იქნება ეს CNN, Al Jazeera, BBC თუ “პალიტრა”, იქ სადაც გაჟღერდება ჟურნალისტის ან რესპონდენტის მხრიდან გადაუმოწმებელი ინფორმაცია, რომელიც არის ტყუილი, არ არის ფაქტებზე დაფუძნებული, არანაირი მტკიცებულება უკან არ დგას, ბუნებრივია, ჩვენ ვალდებული ვართ, ვინც არ უნდა იყოს ეს და რაოდენ დიდი თუ პატარა მედიასაშუალება და რომელ ქვეყანასაც არ უნდა წარმოადგენდეს, უბრალოდ ამას ვუპასუხოთ სიმართლით, ფაქტებით, დოკუმენტებით. მე გაგახსენებთ, მას შემდეგ რაც რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო, რიგი ევროპარლამენტარის მხრიდან, უკრაინის მაღალჩინოსნების მხრიდანაც არაერთხელ გვსმენია, რომ საქართველო არის ერთგვარი ჩიხი, კორიდორი თუ ხვრელი, სადაც ხდება სანქციების გვერდის ავლით ტვირთის შეტანა რუსეთში და ბუნებრივია, ყოველ ჯერზე ჩვენი რეაქცია იყო მყისიერი, პრინციპული და მკაცრიც. ვითხოვდით ფაქტებს და მტკიცებულებებს“, – აღნიშნა ამილახვარმა.

დეპუტატის თქმით, სანქციების გვერდის ავლაზე, განმცხადებლის მხრიდან, არც ერთხელ ფაქტი, დოკუმენტი არ ყოფილა წარმოდგენილი. როგორც ამილახვარმა აღნიშნა, ფინანსთა სამინისტროს მადლობის წერილები აქვს მიღებული, ევროკავშირისა თუ სხვა პარტნიორების მხრიდან საერთაშორისო სანქციებთან საქართველოს შეერთების გამო.

„ჩვენ, სხვათა შორის, ერთ-ერთი პირველი ვიყავით, ვინც საერთაშორისო სანქციებს შევუერთდით და აღარ განვმარტავ იმას, ორმხრივ სანქციებს რატომ არ ვუერთდებით,“- დასძინა ამილახვარმა.

რაც შეეხება ცოტა ხნის წინ, ამერიკული გამოცემის The New York Times-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას, რომელიც სანქციებისგან თავის არიდებაში, საქართველოს მიერ რუსეთის დახმარებას ეხება, ამილახვარმა აღნიშნა, რომ „პოლიტიკაში, ვინც ოდნავ ჩახედულია, არავის უკვირს რას ნიშნავს ლობისტი, რას ნიშნავს დაკვეთილი სტატიები“.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ არ სჭირდება ფულით ნაყიდი ლობისტები.

„ჩვენი ერთადერთი ლობისტი დღეს არის სიმართლე და ქართველი ხალხი. სწორედ აი, ამ ორი რაღაცით, დღეს ხელისუფლებას აქვს უპრეცედენტო მხარდაჭერა. აი, ეს არის რეალური მოცემულობა“, – აღნიშნა ამილახვარმა.

გარდა ამისა, მმართველი პარტიის წევრმა განაცხადა, არიან ძალები, ვისაც საქართველოში მეორე ფრონტის ხილვა სურს.

ამასთან, მისივე თქმით, სხვადასხვა ძალებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ცვლილება უნდათ.

„არიან ძალები და ამას ჩვენ დიდი ხანია ვამბობთ, ვამხელთ ფაქტებით, მტკიცებულებებით, განსაკუთრებით ქვეყნის შიგნით და ასევე მათ ჰყავთ თავიანთი მხარდამჭერები ქვეყნის გარეთაც, დიახ, ვისაც სურს, რომ საქართველოში იხილოს მეორე ფრონტი. არ მეგულება ქვეყანაში ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი, ვინც მეტ-ნაკლებად ჩახედულია ამ საკითხებში, რომ ამაში ეჭვი ეპარებოდეს“, – დასძინა ამილახვარმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,432,168 ნახვა
%d bloggers like this: