საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ძმა გიორგი სააკაშვილი „ფორმულას“ ეთერში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ ის მიესალმება მიხეილ სააკაშვილისთვის უფრო აქტიურ მხარდაჭერას და ამავდროულად, მომხრეა, რომ ყველაფერი მოხდეს მშვიდობიანად.
სააკაშვილის ძმის თქმით, რაც შეიძლება მალე უნდა მიეცეს ყოფილ პრეზიდენტს თავისუფლად ცხოვრების საშუალება.
„ჩემთვის მთავარია, მიშას ჯანმრთელობა იყოს მაქსიმალურ კონტროლზე აწეული. პოლიტიკოსებმა თავისი განცხადებები უნდა გააკეთონ. მე, უბრალოდ, მივესალმები მიშასთვის უფრო აქტიურ მხარდაჭერას და ახლა მე ყოველთვის მომხრე ვარ, რომ ყველაფერი უნდა იყოს მშვიდობიანად, ვინაიდან არ აქვს მნიშვნელობა რომელი პოლიტიკური მრწამსის ადამიანია ამ ქვეყანაში – მიშა სააკაშვილი ისტორიაში შესული იქნება, როგორც საქართველოს პრეზიდენტი და ამიტომ, მივცეთ მიშას, რაც შეიძლება მალე, თავისუფლად ცხოვრების უფლება“, – აღნიშნა სააკაშვილმა.