„ვივამედის“ დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი არ ემორჩილება ექიმების რეკომენდაციებს და მან შეამცირა კალორაჟის რაოდენობა.
როგორც ჩხაიძე ხსნის, სააკაშვილი ექიმებს ეუბნება, რომ ამას იმიტომ აკეთებს, რომ უკმაყოფილოა მიმდინარე პროცესებით, კერძოდ, სასამართლო პროცესებით და კოვიდშეფასებით.
„ბატონი სააკაშვილი უკმაყოფილებას გამოთქვამს მიმდინარე სასამართლო პროცესების მიმართ, უკმაყოფილებას გამოთქვამს თუნდაც ამ კოვიდშეფასების მიმართ, ის რაც რეალობაა ნამდვილი და რა რეალობაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობდით, რომ საკვებს იღებს არა იმ რაოდენობით და კალორაჟით, რაც არის რეკომენდებული. მან ამ ბოლო დღეებში, განსაკუთრებით გუშინდელი დღის შემდეგ, საერთოდ შეამცირა ამ კალორაჟის მიღება, საკვების მიღება, საკვების დანამატის მიღებაზეც უარი განაცხადა და ვინაიდან, კლინიკა ყველაფერს აკეთებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, სასიცოცხლო ფუნქციების შესანარჩუნებლად, შეთავაზებული იყო ინფუზიური თერაპია, რომელიც აუცილებელია მისი ორგანიზმისთვის, ორგანოების ფუნქციონირებისთვის, რომ არ მოხდეს რაიმე გართულება, რაზეც მან კატეგორიული უარი განაცხადა. ადრეც გავუსვით ხაზი, როდესაც ის იღებს საკმარისი რაოდენობის საკვებს, ის ირგებს, ანუ ყლაპვის ფუნქციის გაძნელება, რაიმე პრობლემა არ არსებობს. თვითონ აცხადებს, რომ უკმაყოფილოა მიმდინარე პროცესებით და გამოხატავს პროტესტს ამ ფორმით.
დღეს დილით, პაციენტი იწონიდა 69 კგ-ს და 700 გრამს. მაგრამ თუ ასე გაგრძელდება, ხვალ ის იქნება 68 კგ, ზეგ 65 კგ. ორი კომპონენტია მკურნალობის პროცესში – სამედიცინო მხარე, რომელიც უნდა დაეხმაროს პაციენტს და პაციენტი, რომელიც უნდა ეცადოს, რომ გაუმჯობესდეს მისი მდგომარეობა.
მინდა, ოჯახის წევრებს მოვუწოდო, ქალბატონ გიულის, იქნებ მოხდეს ადამიანის დარწმუნება, რომ დაექვემდებაროს ექიმების რეკომენდაციას“, – განაცხადა ჩხაიძემ.