საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია Spiegel-თან მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუს ეხმაურება, სადაც ის ამბობს, „არ არის გამორიცხული, ზოგიერთი მათ შორის, ვინც 2021 წლის ოქტომბერში საქართველოში ჩემს დაბრუნებას გეგმავდა, რუსეთის ჩანერგილი აგენტი იყო“.
ალასანიას თქმით, ამ განცხადებაში ქართველი არ იგულისხმება და სააკაშვილი უკრაინას გულისხმობს.
„ამასთან დაკავშირებით გაიმართა რაღაც სპეკულაცია საზოგადოებაში, ვინ რა როგორ იგულისხმება. არავითარი ქართველი იქ არ იგულისხმება, არანაირად. აქ არის ლაპარაკი უკრაინაზე, ახლა არის ყველაზე გავრცელებული და პოპულარული ტერმინი რუსეთში, რაც ნიშნავს საინფორმაციო ფსიქოლოგიურ სპეცოპერაციას. ჩემი შვილის შემთხვევაში მიდიოდნენ სხვადასხვა ადგილში, სადაც ნახავდნენ – ეს აეროპორტი იქნებოდა, კაფე თუ ქუჩა, მიდიოდნენ და არწმუნებდნენ, რომ მისი ჩამოსვლა არის აუცილებელი, ეს უნდა მოხდეს ოქტომბრამდე, უსათუოდ ოქტომბრამდე. რატომ? იმიტომ, რომ მზადდებოდა სწორედ ეს ოპერაცია უკრაინაში და ამ დროს ის არ უნდა ყოფილიყო ზელენსკის გვერდით, ეს იყო ამოცანა და ამ ამოცანას მიაღწიეს, მიაღწია კრემლმა და ჰყავს ახლა აქ გამოკეტილი უკვე წელიწადი და ოთხი თვეა და, ფაქტობრივად, კლავენ. ეს არის კრემლის სპეცოპერაცია, რომელსაც, სამწუხაროდ, აკეთებენ ქართული ხელისუფლების ხელით. კონკრეტულად არავისზე არ არის საუბარი. ვანო მერაბიშვილზე არაერთხელ უთქვამს იგივე, რაც იქ არის დაბეჭდილი, ადრეც უთქვამს, რომ ამ მოვლენებთან მას არანაირი კავშირი არ აქვს“, – განაცხადა ალასანიამ.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა Spiegel-თან ინტერვიუში განაცხადა, 2021 წელს საქართველოში მისი ჩამოყვანის პროცესში რუსეთის ჩანერგილი აგენტები იყვნენ ჩართულნი. გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ ნანობს, რადგან სანდრო გირგვლიანის საქმის გამო ვანო მერაბიშვილი თანამდებობიდან არ გაათავისუფლა.