ამერიკული ტურნედან ახლახანს დაბრუნებული მადამ პრეზიდენტი,ერთ-ერთი ოპიზიციური ტელევიზიის ეთერშიეთერში ვრცელი ინტერვიუთი გამოჩნდა და ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილი და უმრავლესობის ახალგაზრდა გუნდი ( “პატარა ბიჭები”) შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენია. პრეზიდენტმა ღარიბაშვილთან შეხვედრის სურვილი დააფიქსირა და პრემიერს ჟურნალისტ დიან ტრაპაიძესთან უჩივლა, არ მეკონტაქტებაო,-ამის შესახებ უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილს, სავარაუდოდ, მეხსიერების პრობლემები აქვს, რადგან დაავიწყდა წინასაარჩევნო კამპანია, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა და „ქართული ოცნების“ გუნდმა ყველაფერი გააკეთეს, რომ ის პრეზიდენტი გამხდარიყო.
“ოლიგარქიის პრობლემა არის მეტი, ვიდრე ივანიშვილი. ივანიშვილის პრობლემა არის მეტი, ვიდრე ოლიგარქიზმი” – განაცხადა პრეზიდენტმა. ალბათ მეხსიერების პრობლემებმა სულ მთლად გადაავიწყეს, წინასაარჩევნო ბანერებზე, მისი სახელისა და გვარის თავზე გამოსახული ბიძინა ივანიშვილის სახე, რომელმაც ის საქართველოს პრეზიდენტად აქცია.
მან არ გამორიცხა “თავისუფალი სიტყვისთვის მოწამე” ნიკა გვარამიას შეწყალება. სიმულანტ სააკაშვილზე განაცხადა, რომ ყოველდღიურად ეცნობა დედა გიულის მიერ შვილისთვის მიტანილი საკვების შემადგენლობას, მის ოდენობას და ასე ადგენს თაღლითის მდგომარეობის სასიცოცხლო პარამეტრებს. როგორც ჩანს, ამ ყველაფრისთვის და კიდევ ალბათ, სხვა რაღაცეებისთვის (ჩვენ რომ ჯერ არ ვიცით) აშშ-ს ელჩმა კელი დეგნანმა შეაქო სალომე და განაცხადა: “პრეზიდენტი ზურაბიშვილი საქართველოს ფანტასტიკური წარმომადგენელია, ის ბრწყინვალე სამუშაოს ასრულებს საქართველოს წარმოდგენის მხრივ”.
აშშ-ს ელჩის და სხვა უცხოელი პოლიტიკოსებისგან სალომეს ქების მიზანია მისი სიტყვებისთვის გარკვეული პოლიტიკური წონის მინიჭება. მსოფლიოს ისტორიაში, სალომე ზურაბიშვილი, ერთადერთი პრეზიდენტია, რომელსაც საკუთარ ქვეყანაში, საქართველოში ყველა აგინებს (ხელისუფლება, ხალხი, ოპოზიცია)და უცხო ქვეყნების ხელისუფლებები კი აქებენ. საქართველოს ისტორიაში სალომე ზურაბიშვილი ერთადერთი პრეზიდენტია, რომლის არც ერთი ნათესავი საქართველოში არ ცხოვრობს, მათ შორის არც შვილები. მას სამშობლოსთან არაფერი აკავშირებს. მისი კავშირი ჩვენს ქვეყანასთან მხოლოდ პრეზიდენტის თანამდებობაა, რომლის ვადის ამოწურვის შემდეგ, სავარაუდოდ თვითონაც დატოვებს ქვეყანას. სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტი ერქმევა, მთავარსარდალი თუ გენერალი, ის და მისი მსგავსი ხელოვნურად შექმნილი პოლიტიკოსების შეფასებები, ქვეყნისათვის საჭირბოროტო პრობლემაზე ქართული საზოგადოების მხრიდან მუდამ აღიქმება ასე: „კუმ ფეხი გამოყო, მეც ნახირ-ნახირაო“.” – წერს ნანა კაკაბაძე.