მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიღაურაში ბოლო წლებია, აქტიური განაშენიანება მიმდინარეობდა. 200-მდე ოჯახმა თავიანთ კუთვნილ ნაკვეთებზე კეთილმოწყობილი სახლები ააშენა და გარემოს გამწვანებას შეუდგა, თუმცა წელიწადნახევარია, ამ ადამიანების ჯანმრთელობას სერიოზული პრობლემა შეუქმნა ბეტონის ქარხანამ, რომელიც პირდაპირ დასახლებულ პუნქტში, უკანონოდ აშენდა და მთელი დატვირთვით დაიწყო მუშაობა.
დაზარალებულთა შორის არის ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე, რომლის ახალაშენებული სახლიდან, ქარხანა რამდენიმე მეტრში მდებარეობს და მთელი დღის განმავლობაში, ეზო სამშენებლო ნაგვით ივსება.
ბიზნესმენის თქმით, ადგილობრივების ძალისხმევით, მერიამ მისი დემონტაჟის გადაწყვეტილებაც გამოიტანა, თუმცა როგორც ხშირად ხდება ასეთ შემთხვევებში, ქარხნის მეპატრონემ გადაწყვეტილება გაასაჩივრა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქმე სასამართლოში წლების მანძილზე არ იქნება განხილული, მთელი ამ დროის მანძილზე, კი ქარხანა მუშაობას და მავნე ნივთიერებების გამოყოფას გააგრძელებს. ბიზნესმენის თქმით, ქარხნის მეპატრონე მარტო არ მოქმედებს და მას მცხეთის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი უწყობს ხელს.
მისივე პოსტებიდან ირკვევა, რომ ცოტა ხნის წინ მცხეთის გამგეობის თანამშრომელმა რაულ ხუბაშვილმა პირად შეტყობინებაში დამცინავი მესიჯი მისწერა და შეხვედრა მოსთხოვა. გიორგი ჩიკვაიძე ამბობს, რომ რაულ ხუბაშვილი მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ნინო ბიწაძის მეუღლეა.
რაულ ხუბაშვილს და ნინო ბიწაძეს გიორგი ჩიკვაიძის დედამ, ეკა წერეთელმაც მიმართა. მისი თქმით, მერიის თანამშრომლის მუქარას შესაბამისი პასუხი გაეცემა კანონის მიხედვით. „თავს გაგივიდათ…ქალბატონო ნინო და რაულ, გონს მოეგეთ.. ჩემი შვილები და შვილიშვილები თქვენაირების მუქარისთვის არ გამიზრდია ექიმ ქალს და ბებიას…ასევე ყველა ჩვენს მეზობელს ჩვენს გარშემო……ხელი არ წაგიცდეთ რაიმე უკანონობაზე.“,-წერს ეკა წერეთელი.
ადგილობრივები საწარმოს „მკვლელ ქარხანას“ უწოდებენ და აცხადებენ, რომ მათი ოჯახის წევრებს, განსაკუთრებით, ბავშვებსა და ასაკოვნებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები უკვე შეექმნათ. მათივე თქმით, ჯიღაურაში ნადგურდება ბიძინა ივანიშვილის მიერ აშენებული და სახელმწიფოსთვის ნაჩუქარი უნიკალური სანერგე მეურნეობა. ჯიღაურას მცხოვრებლები ამბობენ, რომ თუ ქარხანა მუშაობას არ შეწყვეტს, საპროტესტო აქციებს გამართავენ.
„ინფო ფოსტალიონმა“ სცადა კომენტარისთვის ნინო ბიწაძეს და რაულ ხუბაშვილს დაკავშირებოდა, თუმცა ამ დრომდე სოციალურ ქსელში მიწერილ შეტყობინებებზე პასუხი არ მიუღია. სურვილის შემთხვევაში, რედაქცია მზად არის, განათავსოს მათი განმარტებები აღნიშნულთან დაკავშირებით.