მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიღაურაში მცხოვრებმა ბიზნესმენმა გიორგი ჩიკვაიძემ გადაცემაში „რეალური სივრცე“ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა.
ბიზნესმენი ჯიღაურაში უკანონოდ აშენებული ბეტონის ქარხნის დროულ დემონტაჟს ითხოვს, რადგან ყოველგვარი უსაფრთხოების ნორმების დაცვის გარეშე მომუშავე ქარხანა ჰაერში მავნე ნივთიერებებს გამოყოფს და წამლავს მოსახლეობას.
მისივე თქმით, ქარხნის მეპატრონე და მისი მფარველი ოჯახში მიუვარდნენ და მის დედას დაემუქრნენ.
გიორგი ჩიკვაიძე, რომელიც წლების მანძილზე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი იყო, პრემიერს მიმართავს და კითხვას უსვამს, რა სახის სახელმწიფო შენდება, სადაც ადამიანმა ოჯახი ძალადობაზე ძალადობის პასუხით უნდა დაიცვას, თუ სახელმწიფო უნდა დადგეს მის გვერდით.
„ბ-ნო ირაკლი, მე მივეკუთვნები ადამიანების იმ კატეგორიას, რომელსაც მიაჩნია, რომ ყველა მოქალაქე და სახელმწიფო უნდა მუშაობდნენ ერთობლივად, რომ საბოლოოდ ავაშენოთ ისეთი ქვეყანა, რომელიც ყველას მოგვეწონება ადრე თუ გვიან. ბევრი მსმენია თქვენი დამოკიდებულების შესახებ ოჯახზე, ოჯახურ ღირებულებებზე და ა.შ. მე, როგორც რიგითი მოქალაქე გეკითხებით, ერთმა ბოროტმოქმედმა ცხვირწინ, მცხეთის მერს აახია სახელმწიფო მიწა, უკანონოდ ააშენა ბეტონის ქარხანა, რის გამოც ყოველდღიურად ვიწამლებით 150-მდე მოსახლე. ამის გაპროტესტების შემდეგ, ჩემთან, სახლში მივარდება ვინმე პარკაული, რომელიც არაფორმალურად განთქმულია საგურამოში და დედაჩემს და სამი წლის ბავშვს ეუბნება- შენ, ქალო, საგურამოს ცენტრში ამოსვლა არ გინდაო?
უნდა ჩამოვყალიბდეთ, რა სახის სახელმწიფოს ვაშენებთ. მე უნდა დავიცვა ჩემი ოჯახი ძალადობრივი გზით და გავხდე კრიმინალი, თუ ჩემს გვერდზე დგას სახელმწიფო და კანონი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თხოვნაც და მიმართვაც საქართველოს პრემიერისადმი“,-აცხადებს გიორგი ჩიკვაიძე.