სპორტი

ამერიკაში თავს დაესხნენ მოცურავე ქალს, რომელმაც ქალთა ჩემპიონატზე ტრანსგენდერის მონაწილეობა გააპროტესტა

ამერიკელ მოცურავე ქალ რაილი გეინსს თავს დაესხნენ მას შემდეგ, რაც მან სიტყვით გამოსვლისას,  გააპროტესტა ქალთა ჩემპიონატებში ყოფილი მამაკაცების, ამჟამად კი, ტრანსგენდერი ქალების მონაწილეობა. ინციდენტი სან-ფრანცისკოს სახელმწიფო უნივერსიტეტში მოხდა. 

მედიის ცნობით, რაილი გეინსს აგრესიულად განწყობილი ადამიანები თავს დაესხნენ, რის გამოც ის იძულებული გახდა, ერთ-ერთ აუდიტორიაში, 3 საათის განმავლობაში  ჩაკეტილიყო. მოცურავემ აგრესიული ბრბოსგან თავის დაღწევა პოლიციის დახმარებით შეძლო, თუმცა სამართალდამცველებმა 3 საათის განმავლობაში ვერ შეძლეს შენობიდან მისი უსაფრთხოდ გაყვანა. 

როგორც სპორტსმენმა თავის მეუღლეს ტელეფონით შეატყობინა, სიტყვით გამოსვლისას,  ტრანსგენდერების უფლებადამცველებმა ალყა შემოარტყეს, კაბაში გამოწყობილმა მამაკაცმა კი, მასზე იძალადა და ფიზიკურად გაუსწორდა. 

ცნობისთვის, გასულ წელს გეინსი NCAA -ს ჩემპიონატზე ტრანსგენდერ ლია ტომასთან ერთად ქალ მოცურავეთა შეჯიბრში მონაწილეობდა. ამის შემდეგ რაილი გეინსი ითხოვს, ჩემპიონატები ტრანსგენდერების მონაწილეობის გარეშე ჩატარდეს. მისი თქმით, ქალთა სპორტი წარუმატებელი მამაკაცი სპორტსმენების თავშესაფარი გახდა.

ლია ტომასი (წარსულში უილიამ ტომასი)  პირველი ტრანსგენდერია, რომელიც NCAA-ს პირველი დივიზიონის გამარჯვებული გახდა. თუმცა, ის არ არის პირველი სპორტსმენი მამაკაცი, რომელმაც სქესის შეცვლის შემდეგ,  ქალთა ტურნირებში მონაწილეობა დაიწყო. ლია ტომასის განცხადებით, მან სქესი იმის გამო არ შეიცვალა, რომ ჩემპიონობისთვის ადვილად მიეღწია. მისი თქმით, სქესის შეცვლა უკავშირდება სურვილს, იყოს უფრო ბედნიერი.   მოწინააღმდეგეებს კი, მიაჩნიათ, რომ ტომასი, რომელიც 2019 წლამდე მამაკაცთა შორის წარუმატებელი სპორტსმენი იყო, ქალებში ჩემპიონი გახდა. მათივე თქმით, ტომასს გაუმართლებლად მეტი შესაძლებლობები აქვს თავის კონკურენტ ქალებთან შედარებით.  

რაილი გეინსი კენტუკის შტატის უნივერსიტეტის წარმომადგენელია. გასულ წელს მან პროტესტი გამოთქვა ტრანსგენდერების მიერ ქალთა გასახდელით სარგებლობის გამო. მისი თქმით, ქალებს მოუხდათ არა მხოლოდ შეჯიბრებოდნენ მამაკაცს, არამედ გაშიშვლებულიყვნენ გასხდელში, სადაც  6 ფუტის სიმაღლის  ლია ტომასი თავისი  მამაკაცური ორგანოებით, ასევე შიშველი იდგა და ათვალიერებდა მათ.

უნივერსიტეტში მომხდარ ინციდენტს ქალთა დამოუკიდებელი ფორუმის ვიცე-პრეზიდენტი ვიქტორია კოლი გამოეხმაურა. მისი თქმით, ქალი სპორტსმენი, რაილი გეინსი  მამაცად იბრძვის და იცავს სიმართლეს, მეცნიერებას და საღ აზრს. „მან საკუთარ თავზე გამოსცადა უსამართლობა, რომელსაც სპორტსმენი ქალები აწყდებიან მთელ ამერიკაში სპორტის ყველა სახეობაში“,-განაცხადა მან. 

სან-ფრანცისკოს პოლიცია მომხდარის შესახებ ინფორმაციის გაცემისგან თავს იკავებს, თუმცა ადასტურებს, რომ ინციდენტი მოხდა, მაგრამ დაკავებული არავინაა. ლიბერალური პრესა კი, ქალ სპორტსმენზე ტრანსგენდერთა უფლებადამცველების მიერ განხორციელებულ თავდასხმას ღირსების აქტად მიიჩნევს.

 

მოგვიანებით, სოციალურ ქსელში რაინი გეინსმა დაწერა, რომ ამ შემთხვევამ კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ ის ყველაფერს სწორად აკეთებს.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,882,403 ნახვა
%d bloggers like this: