ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო- მას ბავშვთა მოვლისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების მიკერძოებულ ხარჯვაში ედება ბრალი, რადგან ამ სფეროში მის მეუღლეს აქვს ბიზნესი. ინფორმაცია ბრიტანეთის პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. გამოძიებას უხელმძღვანელებს სტანდარტების საკითხებში საპარლამენტო კომისარი დენიელ გრინბერგი.
ინფორმაციაში ნათქვამია, რომ გამოძიება 13 აპრილს დაიწყო. The Guardian წერს, რომ საჩივარი ეხება იმ ფაქტს, რომ რიში სუნაკის მეუღლე აქშატა მურტი ბავშვებზე მზრუნველობის სააგენტოს, Koru Kids-ის აქციონერია.
„როიტერის“ ინფორმაციით, თუ გამოძიების დროს დარღვევა გამოიკვეთება, კომისარს შეუძლია, სუნაკს ბოდიშის მოხდა და მომავალში, მსგავსი შეცდომების საწინააღმდეგოდ, მოქმედების გეგმა მოთხოვოს, ან შესაძლოა, საქმე გადასცეს კომიტეტს, რომელსაც უფლება აქვს, მთავრობის მეთაური თანამდებობიდან გადააყენოს და პარლამენტიდან დაითხოვოს.
მარტში დეპუტატმა ლეიბორისტული პარტიიდან, კეტრინ მაკინელიმ განაცხადა, რომ სუნაკის მეუღლე ბიუჯეტიდან მატერიალურ სარგებელს მიიღებს. მისივე თქმით, პრემიერმა უნდა აღიაროს, რომ სააგენტოსთვის საბიუჯეტო თანხების გამოყოფით, მატერიალური დაინტერესება აქვს. დეპუტატს მხარი ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის წევრმა ვენდი ჩემბერლენმაც დაუჭირა.