“სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივნის, დეპუტატ პაატა მანჯგალაძის განცხადებით, მისი პარტია სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით, საგამოძიებო კომისიის შექმნაში გარკვეულ რისკებს ხედავს, თუმცა ინიციატივას მხარს დაუჭერს.
როგორც მანჯგალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რისკები არსებობს უშუალოდ საგამოძიებო კომისიის მუშაობისას გადაწყვეტილების მიღების პროცესშიც.
“სტრატეგია აღმაშენებელი” ამ კომისიის მუშაობაში რისკებს ვხედავთ, მაგრამ მხარს ვუჭერთ მის შექმნას, ვითვალისწინებთ კოლეგების სურვილს. რისკებს ვხედავთ არა მარტო კომისიის შექმნაში, არამედ შიგნითაც, გადაწყვეტილების მიღების პროცესში – შესაძლოა, ოპოზიციის კვოტაში იყვნენ წარმოდგენილი ადამიანები, რომლებიც დაბლოკავენ სწორ გადაწყვეტილებებს. ასევე რისკი არის ის, რომ „კლანმა“ მოსამართლეებს ამერიკაში წასვლა აუკრძალა და გგონიათ, რომ საგამოძიებო კომისიაზე მოვა რომელიმე მოსამართლე? – არ არსებობს. ერთადერთი შანსი გვაქვს, რომ ყოფილი მოსამართლეები დავიბაროთ, ასევე ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები და მხოლოდ ამ ფლანგზე არის შესაძლებელი მოქმედება. ასევე არ უნდა იყოს გაგებული, თითქოს ეს საგამოძიებო კომისია გვჭირდება სანქცირებული მოსამართლეების გადაწყვეტილების რევიზიისთვის – არა. ეს ჩვენთვის საკმაოდ მაღალი მტკიცებულებაა, მაგრამ მათზე რომ გავრცელდეს არა მხოლოდ სავიზო შეზღუდვა, არამედ სხვა დისციპლინური პასუხისმგებლობები, გვჭირდება საგამოძიებო კომისია“, – განაცხადა მანჯგალაძემ.
როგორც ცნობილია, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 4 ქართველი მოსამართლის დასანქცირების შემდეგ, საპარლამენტო ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. შეგახსენებთ იმასაც, რომ მოსამართლეების საკითხის გარდა, უკვე რამდენიმე თვეა, „ნაციონალური მოძრაობა“ დღის წესრიგში აყენებს საგამოძიებო კომისიის შექმნას ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებითაც.