პოლიტოლოგი ირაკლი გოგავა 30 აპრილი აქციის შესახებ წერს:
ხალხის რაოდენობა
მეგობარმა მომაწოდა თბილისის საკადასტრო რუკაზე აქციის მონაწილეთა განთავსების არეალის ნახაზი (იხ. ფოტოზე). ამ რუკის მიხედვით, ფართობი, სადაც აქციის მონაწილენი იდგნენ 14,490 კვადრატულ მეტრს შეადგენს. ამ ფართობს სცენის და ზოგიერთი სხვა შესაძლო უზუსტობის თავიდან ასაცილებლად 10%-ს დავაკლებდი. გამოდის, რომ აქციის მონაწილეებმა დაახლოებით 13,000 კვადრატული მეტრი ტერიტორია დაიკავეს. არსებობს აქციის მონაწილეთა დათვლის მეთოდოლოგია, რომელიც კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორმა ჯეიკობსმა შეიმუშავა და ეს მეთოდი ყველაზე პოპულარულია. ამ მეთოდით, მეჩხერი შეკრების დროს 1 კვ.მეტრს 1-2 ადამიანი იკავებს, მჭიდრო შეკრების დროს 3-4, ხოლო ზემჭიდრო შეკრებაზე 5-6. თუ ამ აქციის ფოტოებს ვნახავთ, 1 კვ.მეტრზე საშუალოდ 4 ადამიანი დგას. გამოდის რომ აქციას ესწრებოდა 13,000X4=52,000 ადამიანი. ნებისმიერ აქციას თან ახლავს მიგრაცია ანუ მომსვლელი და წამსვლელი ადამიანები,რაც საერთო რაოდენობის 5-10%-ს შეადგენს ხოლმე. ჩვენს შემთხვევაში უმცირესი ანუ 5% ავიღოთ. გამოდის, რომ აქციაში მონაწილეთა საერთო რაოდენობა დაახლოებით 54,600 ადამიანი უნდა ყოფილიყო. იყო ინფორმაცია, რომ თბილისის შემოსასვლელთან, მცხეთის მხრიდან, დიდი საცობის გამო დასავლეთ საქართველოდან აქციაზე მომავალი სატრანსპორტო კოლონა ვერ ახერხებდა მოსვლას. მათი რაოდენობის დადასტურება შეუძლებელია, ამიტომ სათვალავში ვერ მივიღებთ. ორდღიანმა წვიმებმა და ამინდის ცუდმა პროგნოზმა ბევრს გადააფიქრებინა აქციაზე მოსვლა, აქციამდე 1 საათით ადრე ძლიერად იწვიმა. პატარა ბავშვები ძალიან ცოტა იყო, რადგან მშობლებმა ამინდის გამო ისინი ვერ წამოიყვანეს და თვითონაც ვერ მოვიდნენ. ვფირქობ, უკეთესი ამინდის პირობებში 30%-ით და მეტი დამსწრე იქნებოდა.
აქციის მუხტი
აქციის მონაწილეების დიდი ნაწილი 4-5 სათთის განმავლობაში თითქმის უმოძრაოდ იდგა. ისინი გამომსვლელების წარმოთქმულ სიტყვას ყურადღებით ისმენდნენ. ხალხი ტაშით და შეძახილებით მათთვის მისაღებ აზრებსა თუ მოწოდებებზე მყისიერად რეაგირებდა. ბოლოს, სიმღერის გამეორებისასაც კი, მყისიერი დაშლა არ დაუწყია და იყო შეგრძნება თითქოს ბევრს შეკრების გაგრძელება სურდა. პირადად მე ასეთ შეკრებაზე სიტყვით პირველად გამოვედი და მიკროფონთან დადგომისას ვიგრძენი ხალხისგან წამოსული უზარმაზარი პოზიტიური, ენერგეტიკული ტალღა. ვერ ვხსნი ეს რა იყო, კვლევებს წავიკითხავ და შევეცდები გაივიგო, მაგრამ თითქოს ერთიანი კოლექტიური, ეროვნული გონის ნაწილი გავხდი. აუხსნელი შეგრძნებებია.
აქციის შემადგენლობა
ხალხი გამომსვლელთა გზავნილებს აზრიანად უსმენდა და ადექვატურად რეაგირებდა. აქციაზე დაკვირვებამ და შემდგომ ფეისბუკში მონაწილეთა ფოტოების ნახვამ მიმიყვანა იმ აზრამდე, რომ იქ ძირითადად “სიღრმისეული ქართველი ერი” იდგა. იყვენენ აკადემიკოსები, პროფესორები, ლექტორები, ბიზნესმენები, ფერმერები, გლეხები, პედაგოგები, ხელოვანები, სტუდენტები, პენსიონერები, ვეტერანები, ოფიცრები, სპორტსმენები, რეგიონების ინტელიგენცია… ეს “სიღრმისეული ქართველი ერი” სწორედ ის ხალხია, ვინც აქციებზე არ დადის, ზოგიერთი პოლიტიკას საერთოდ არ ადევენებს თვალს, თავისი საქმე აქვთ, დროს კი ძირითადად ოჯახს და მეგობრებს უთმობენ. ჩემი შეფასებით, ასეთი ამ შეკრებაზე დაახლოებით 2/3 იყო. ეს ის ხალხია, ვინც თავისი ავტორიტეტით, სანაცნობო წრით ქვეყანაში არჩევნების ბედს წყვეტს. თუ გახსოვთ, სააკაშვილი ბიძამისს ლიფტში რომ ესაუბრება საშუალო კლასი არ მიჭერს მხარსო და ეგენი წყვეტენ არჩევნების ბედსო – აი, ზუსტად ეს ხალხი იყო აქციაზე. “ოცნების” მხარდამჭერებიც შევნიშნე, საკმაოდ ბევრი. მათ ამ აქციის ჩატარება რომ აწყობდათ, ეს ვიცოდით წინდაწინ და ალბათ უთხრეს თავის მომხრეებს მიდითო. რეგიონებიდან 40-მდე სამარშრუტო და 8 ავტობუსი ჩამოვიდა, მე რაც დავთვალე, მოედნის ქვემოთ იდგნენ ეს ავტოები. თბილისთან ახლო რეგიონებიდან ალბათ თავისი ავტოებით ჩამოვიდნენ. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მრევლიდან ბევრი იყო, რადგან პატრიარქმა სააღდგომო ეპისტოლეში პირდაპირ მოუწოდა ქრისტეს მომხრეებს “სიტყვით, საქმით, მოქმედებით იღვაწეთ მშვიდობისთვის”-ო. საკუთარ თავს მრევლს მივაკუთვნებ.
აქციის გზავნილები
სახალხო შეკრებამ გამოაცხადა და გარეთ თუ შინ ყველას ამცნო ის “წითელი ხაზები”, რომელსაც ქართველობა არ გადალახავს არაფრის ფასად. ესენია:
• ჩვენ არ ვიტყვით უარს ღმერთზე და არ დავიწყებთ მისთვის „კორექტული“ გენდერული იდენტობის შერჩევას!
• ჩვენთვის დედა იქნება დედა, მამას კი ისევ მამას დავუძახებთ – ყოველგვარი ნუმერაციის და XY-ის გარეშე!
• ჩვენთვის ოჯახი იქნება მამაკაცის და ქალის კავშირი
• ჩვენ არ დავუშვებთ ბავშვების და ახალგაზრდების გაუკუღმართებული გენდერული დისციპლინებით მოწამვლას და მათ იდეოლოგიურ დამუშავებას.
• ჩვენ სიცოცხლის მომხრენი ვართ და უარს ვამბობთ იმ კაცთმოძულე დღის წესრიგზე, რომელიც შობადობას ამცირებს და ქართველი ერის გაქრობას უწყობს ხელს.
აქციაზე უარვყოფილ იქნა ყველაფერი, რაც სიკვდილის კულტივირებას უკავშირდება:
• აბორტები
• ლგბტ პროპაგანდა
• ნარკოტიკები
• ქალის ოჯახისგან მოწყვეტის სპეცპროექტები
• ევთანაზია
• და სხვა
აქციის მოთხოვნები კი შემდგენაირად ჩამოყალიბდა:
1. ხელისუფლებისგან ვითხოვთ: კანონი ყველას მიმართ თანაბრად აღასრულოს, მიუხედავად პოლიტიკური, სექსუალური თუ სხვა ორიენტაციისა! ჩვენ კანონის წინაშე არავის პრივილეგიებს არ ვცნობთ!
2. ჩვენი გადაწყვეტილებაა, რომ პოლარიზაციის და პოლიტიკური კრიზისის შემთხვევაში, ქართველ ხალხს პლებისციტის გზით აზრის გამოხატვის შესაძლებლობა მიეცეს, რათა რევოლუციები და დესტაბილიზაცია თავიდან ავიცილოთ.
3. მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან 2004-2012 წლებში ნაციონალური მოძრაობის დიქტატორულ რეჟიმს პოლიტიკური და სამართლებლივი შეფასება მიეცეს და შესაბამისი სამართლებლივი მექნიზმებით აღსრულდეს.
4. ხელისუფლებამ სუვერენული ეკონომიკური პოლიტიკის გატარებაზე უნდა იზრუნოს, რაც უმუშევრობას, დაბალ ხელფასებს, სიღარიბეს აღმოფხვრის და ქვეყნიდან ხალხის გადინებას, საქართველოს დემოგრაფიულ დაცლას შეაჩერებს.
5. ევროკავშირის და სხვა ქვეყნების პოლიტიკოსებისგან საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტის პატივისცემას და შიდა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საქმეებში სრულ ჩაურევლობას მოველით. მხარეთა შორის ურთიერთობები პატივისცემას და პარტნიორობას უნდა ეფუძნებოდეს.
6. დაინერგოს სკოლებში ფუნდამენტური განათლება. შეწყდეს ახალგაზრდების იდეოლოგიური დამუშავება სასწავლო დაწესებულებებში.
7. დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსასწორებლად ქმედითი სახელმწიფო პროგრამა უნდა განხორციელდეს.
8. ლგბტ პროპაგანდა კანონით აიკრძალოს.
აქციის მნიშვნელობა
უამინდობის მიუხედავად შეკრებილი 50 ათასზე მეტი ადამიანი წარმოადგენს მკაფიო გზავნილს შიდა თუ გარე ძალების მიმართ, რომ ხალხს არ სურს ომი, ხალხი არ დაუშვებს ხელისუფლების ძალისმიერ ცვლილებას, ხალხი დამანგრეველი იდეოლოგიის წინააღმდეგია. აქციამ ხელისუფლებასთან სიტუაციური მოკავშირეობის მდგომარეობა, ომში ჩათრევის საფრთხის სრულ განეიტრალებამდე, გამოაცხადა. დღეს ხალხს, ხელისუფლების გარდა, დამცველი არ ყავს, ამავე დროს ხელისუფლებას არ ყავს დამცველი, ხალხის გარდა. ამ ვითარებაში ხელისუფლებამ გონივრული ნაბიჯები უნდა გადადგას და შეასრულოს აქციაზე დაყენებული მოთხოვნები. თუ ასე მოხდა, ხალხის და ხელისუფლების მოკავშირეობა გაგრძელდება, რაც ქვეყანას მხოლოდ სიკეთეს მოუტანს. თუ ხელისუფლება არ შეასრულებს დაყენებულ მოთხოვნებს, ის დაკარგავს “სიღრმისეული ქართველი ერის” მხარდაჭერას, რომელიც შეეცდება ახალი ძალის ჩამოყალიბებას. თუ მაინც მოხდება ხელისუფლების ძალისმიერი ცვლილების მცდელობა და ჩვენ დავინახეთ ასეთი სცენარის რეალობა, ძალაუფლებას ხელში ხალხი აიღებს.



