დღეს საქართველოს გაკეთებული აქვს პროდასავლური არჩევანი და ამ კონტექსტში რუსეთის მიერ საქართველოს მისამართით გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი მიმართულია იმისკენ, რომ გაზარდოს საქართველოში საკუთარი გავლენა და ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ საქართველომ დასავლური კურსი შეცვალოს,-ამის შესახებ არასამთავრობო კვლევითი ორგანიზაცია „თბილისის ლიბერალური აკადემიის“ ხელმძღვანელმა, ლაშა ტუღუშმა ესაუბრა „ინტერპრესნიუსს“.
მისი თქმით, კითხვები აქვს ყვარლის ტბასთან გამართული ქორწილის გამო, რადგან ორგანიზატორებს წინასწარ აუცილებლად ეცოდინებოდათ, რომ ამ ამბავს ხმაური მოყვებოდა.
„ქორწილი შეუმჩნევლად ვერ ჩაივლიდა. ეს რომ ასე მოხდებოდა ქორწილის ორგანიზატორებს უნდა სცოდნოდათ. მაშ რასთან გვაქვს საქმე? აქ მიჩნდება კითხვები“,-აცხადებს ლაშა ტუღუში.
„ფაქტია, რომ ამ ისტორიაში ხელისუფლება კარგად არ გამოჩნდა. არც საზოგადოების დიდი ნაწილი გამოიყურება კარგად.ვგულისხმობ იმას, რომ ამ თემაზე და სხვა თემებზე რა ინფორმაციებიც ვრცელდება საქართველოზე, მაინცადამაინც პოზიტიურად არ გამოიყურება ქვეყანა“,-განაცხადა მან.
მისივე თქმით, რუსეთთან ფრენების აღდგენას და სავიზო რეჟიმის გაუქმებას, არანაირი კავშირი არ აქვს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დაბრუნებასთან.
„რუსეთი არასოდეს არ დათანხმდება ამას. ვისაც პოლიტიკაში რამე მაინც ესმის, ამის არ სჯერა. ამიტომ, არავის ვურჩევდი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის რუსეთის დახმარებით დაბრუნების ილუზიების შექმნას მხოლოდ იმისთვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს“,-განაცხადა მან.
ტუღუში პოლიტიკურ ძალებს შორის პოლარიზაციის თემასაც შეეხო და განაცხადა, რომ მათ ერთმანეთის მიმართ ისეთი მიუღებლობა აქვთ, რომ დისკუსიის ადგილი არ რჩება. მისივე თქმით, პარლამენტის სამუშაო ჯგუფებში დისკუსია ელემენტარული ზრდილობის ჩარჩოსაც კი ცდება.
„დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებ, მაგრამ, მაინც ვიტყვი, სამუშაო ჯგუფებში გაუთავებელი ლანძღვა-გინება, დედის გინება, ლამის ჩვეულებრივი ამბავია. სამწუხაროდ, ხშირად, რისი მოწმეც ვხდებით, ელემენტარული ზრდილობის ფარგლებს სცილდება. ამიტომ, რაც სამუშაო ჯგუფებში ხდება, ეს არ გახლავთ არანაირი პოლიტიკური პროცესი. დისკუსიაში, ხშირად შინაარსობრივ მსჯელობამდე ვერც კი მივდივართ. სახეზე გვაქვს არა აზრების კონკურენცია, არამედ პოლიტიკური ბრძოლა, თან ისეთი ფორმებით, რაც არანაირ ჩარჩოში არ ჯდება“,-აცხადებს ლაშა ტუღუში.
მისივე თქმით, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ჩამოყალიბდა ტრადიცია, რომ ოპოზიცია ორიენტირებული გახდა დიდ კრიზისზე და მასზე დამოკიდებული გახდა, რაც ქვეყნის განვითარებისთვის ძალიან სერიოზული პრობლემა და სერიოზული ხელშემშლელი ფაქტორია.