2023 წლის I კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების1 585.8 ათასი გასვლა საზღვარგარეთ, რაც 2.2-ჯერ მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. გასვლების უდიდესი ნაწილი, 46.3%, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ, – ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახური იუწყება.
საქსტატის ცნობით, აღნიშნული რაოდენობიდან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 448.4 ათასი შეადგინა, რაც 2.1-ჯერ მეტია 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელდა 255.4 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 76.9 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობის განაწილებას ვიზიტის ტიპის მიხედვით.
ვიზიტების უმრავლესობა, 49.1 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში შემავალი საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ. ქალების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა მთლიანი ვიზიტების 45.4 პროცენტს შეადგენდა.
2023 წლის I კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი (38.1 პროცენტი) განხორციელდა საყიდლების მიზნით.
ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თურქეთსა და სომხეთში, შესაბამისად, 234.1 ათასი და 64.3 ათასი ვიზიტი. ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს ვიზიტების რაოდენობის პროცენტულ განაწილებას მონახულებული ქვეყნების მიხედვით.