სრულფასოვანი თავისუფლება ჩვენთვის, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ქვეყნის ერთიანობას გულისხმობს. დღეს თუ რაიმე ჩრდილი ადგას ჩვენი თავისუფლების ზეიმს, ეს არის ჩვენი ტერიტორიების დროებითი ოკუპაცია რუსეთის მიერ. ღრმად მწამს, რომ სწორედ ერთიანობა არის გზა ქართველთა, აფხაზთა, ოსთა და ამ მიწაზე მცხოვრები ყველა მოქალაქის თავისუფლებისკენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ხელისუფლების სურვილია, რომ საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესით თანაბრად ისარგებლოს მისმა თითოეულმა მოქალაქემ, მათ შორის ამჟამად რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებმა მოსახლეობამ.
„ჩვენი სურვილია, რომ საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესით და განვითარებით თანაბრად ისარგებლოს მისმა თითოეულმა მოქალაქემ, მათ შორის ამჟამად რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებმა მოსახლეობამ. ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, ძვირფასო მეგობრებო, რომ მშვიდობისა და ნდობის აღდგენის გზა არის უალტერნატივო. მე მჯერა ჩვენი საერთო მომავლის, მჯერა, რომ მხოლოდ მშვიდობიანი, ურთიერთგაგებასა და პატივისცემაზე დაფუძნებული ძალისხმევით, ჩვენ ერთად შექმნით უკეთეს ხვალინდელ დღეს ჩვენი შვილებისათვის, აფხაზთა, ოსთა, ქართველთა მომავალი თაობებისათვის,” – აღნიშნა პრემიერმა.
პრემიერის თქმით, იმპერიათა შორის ბრძოლების ეპიცენტრში მდებარე ჩვენი პატარა ქვეყანა, მაგრამ დაუმარცხებელი და გაუტეხელი ქართველი ერი, მცირერიცხოვანი, მაგრამ ამაყი და თავისუფლებისმოყვარე ქართველი ხალხი საუკუნეების განმავლობაში ყოველდღიური შრომით, ცოდნისა და განვითარებისკენ მუდმივი სწრაფვით, საჭირო დროს – მოთმინებით, საჭირო დროს – თავდადებული ბრძოლით და, რაც მთავარია, უფლის რწმენითა და სამშობლოს სიყვარულით უწყვეტად ქმნიდა მსოფლიოს უძველესი ერების ისტორიათა შორის ერთ-ერთ საოცარ, ამაღელვებელ და საამაყო გმირულ ისტორიას.
„ამ ისტორიის გაგრძელება, ჩვენს დიდ წინაპართა მემკვიდრეობის ჩვენი შვილებისთვის გადაცემა და ქართველთა მრავალი თაობის ოცნების ასრულებისკენ გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმა დღევანდელ თაობებს გვაკისრია. 26 მაისს ყველაზე მძაფრად ვგრძნობთ, რომ ჩვენ, ყველანი, ჩვენი სამშობლოს ისტორიის გამგრძელებელნი, მისი აწმყოს, მისი ერთიანობისა და ძლიერების შემოქმედნი ვართ. ამ პროცესში თითოეული თქვენგანის, ამ მიწაზე მცხოვრები ყველა მოქალაქის როლი უნიკალური და შეუცვლელია.
მე კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს ხალხს, ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს. კიდევ ერთხელ გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, მშვიდობას, კეთილდღეობას, გამარჯვებას და გაერთიანებას ვუსურვებ ჩვენს სამშობლოს. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.