პოლიტიკა

მარინა კალიურანდი – საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის საერთო პასუხისმგებლობაა, გვერდზე გადადონ განსხვავებები და თავიანთი მოქალაქეების ევროპული მისწრაფებების განსახორციელებლად იმუშაონ

საქართველოს მთავრობის, საპარლამენტო უმრავლესობის, ოპოზიციური პარტიების საერთო პასუხისმგებლობაა, გვერდზე გადადონ განსხვავებები და ჭეშმარიტად იმუშაონ თავიანთი მოქალაქეების ევროპული მისწრაფებების განსახორციელებლად, – ამის შესახებ ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის ხელმძღვანელის, ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდის განცხადებაშია აღნიშნული, სადაც ის ევროკავშირ-საქართველოს ასოციაციის კომიტეტის მე-12 შეხვედრაზე საუბრობს, რომელიც გასულ კვირას ბრიუსელში გაიმართა.

“მე და ჩემმა ევროპარლამენტარმა კოლეგებმა ხაზი გავუსვით რეკომენდაციების განხორციელების აუცილებლობას როგორც პრაქტიკაში, ასევე მისი სულისკვეთების დაცვას. ზოგიერთ შემთხვევაში, პროგრესი ზედაპირული ჩანს და საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილის მხრიდან აღიქმება გულწრფელი სურვილის ნაკლებობა, ჭეშმარიტად ჩართოს ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ამავდროულად, მოვუწოდეთ საპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებს, საკუთარი წვლილი შეიტანონ დეპოლარიზაციაში და კონსტრუქციულად მიიღონ მონაწილეობა საკანონმდებლო მუშაობაში”- აცხადებს კალიურანდი.

ევროპარლამენტარის თქმით, ევროპარლამენტის წევრები მიესალმნენ იმ ფაქტს, რომ ქართულ საზოგადოებაში საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი მხარდაჭერა ყველა დროის მაქსიმუმს აღწევს.

„შესაძლებლობის ამ ფანჯრის ხელიდან გაშვება არ უნდა მოხდეს. საქართველოს მთავრობის, საპარლამენტო უმრავლესობის, ოპოზიციური პარტიების საერთო პასუხისმგებლობაა, გვერდზე გადადონ განსხვავებები და ჭეშმარიტად იმუშაონ თავიანთი მოქალაქეების ევროპული მისწრაფებების განსახორციელებლად“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ევროპარლამენტარი საქართველოსა და რუსეთს შორის ავიარეისების განახლების საკითხსაც ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს კითხვებს ბადებს მაშინ, როცა ხდება იმ დროს, ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს შეწყვეტილი აქვთ რუსეთთან პირდაპირი ფრენები უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის საპასუხოდ.

კალიურანდი ასევე, საუბრობს ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაზეც.

“ჩვენ გავუზიარეთ ჩვენი შეშფოთება დემოკრატიულ რეფორმებსა და კანონის უზენაესობაში არსებითი პროგრესის არარსებობის გამო და უარყოფითი მოვლენები, რომლებიც შეინიშნება გარკვეულ ძირითად სფეროებში, როგორიცაა უკიდურესი პოლარიზაცია, კანონის უზენაესობის ხელყოფა და სასამართლოს დამოუკიდებლობის წარუმატებლობა, მათ შორის პოლიტიკური მართლმსაჯულების საქმეებში.

ამ კონტექსტში, ჩვენ გავიმეორეთ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ევროპარლამენტის 2022 წლის 14 დეკემბრის რეზოლუციაში გამოთქმული პოზიციები და მოვუწოდეთ ყოფილი პრეზიდენტის პატიმრობის შეჩერება საზღვარგარეთ მკურნალობის მიზნით, ჰუმანიტარული საფუძვლით, როგორც წვლილი უკიდურესი პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების საქმეში, ისევე როგორც მოვუწოდეთ პატიმრობაში მყოფი მედიის მფლობელების გათავისუფლება, როგორიცაა მთავარი არხის დირექტორი ნიკა გვარამია”, – აცხადებს ევროპარლამენტარი.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობას და პარლამენტს მოუწოდეს, გააორმაგონ ძალისხმევა ევროკავშირის რეკომენდაციების განსახორციელებლად.

„მოვუწოდეთ საქართველოს მთავრობას და პარლამენტს, გააორმაგონ ძალისხმევა, რათა მოაგვარონ ისეთი პრიორიტეტები, რომლებიც დაკავშირებულია სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობასთან, დეოლიგარქიზაციასთან, მედიის თავისუფლებასთან და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობასთან, ამასთან, ხაზგასმით აღინიშნა, რომ მეტი ძალისხმევაა საჭირო, როდესაც საქმე ეხება დეპოლარიზაციას, საარჩევნო რეფორმას, ანტიკორუფციულ და მოწყვლად ჯგუფებს, LGBTQIA პირების ჩათვლით”, – აცხადებს ევროპარლამენტარი.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდეს, გამოიჩინონ სიფხიზლე, რათა რუსულმა კომპანიებმა საქართველოს ტერიტორია რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ასავლელად არ გამოიყენონ.

„ჩვენ გავიმეორეთ ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამ მხრივ ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ საქართველოს არცერთ დასავლელ პარტნიორს არასდროს არ უცდია ქვეყნის რუსეთის წინააღმდეგ “მეორე ფრონტში” ჩაბმა“, – აღნიშნულია ევროპარლამენტარის განცხადებაში.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,757,924 ნახვა