პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – დეოლიგარქიზაცია და სისტემური მიდგომა სხვადასხვაა, სისტემური მიდგომა, რასაც უწოდებს ვენეციის კომისია, ნიშნავს, რომ შენ სხვადასხვა სფეროში ახორციელებ რეფორმებს, რასაც ისედაც ვაკეთებთ, სიტყვა დეოლიგარქიზაცია უკვე ნიშნავს პერსონალიზებულ მიდგომას

სისტემური მიდგომა, რასაც უწოდებს ვენეციის კომისია, ნიშნავს, რომ შენ სხვადასხვა სფეროში ახორციელებ რეფორმებს, რასაც ისედაც ვაკეთებთ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

მისი თქმით, როცა საუბარია ე.წ. სისტემურ მიდგომაზე, ეს ნიშნავს ბუნდოვანების დატოვებას. „ჩვენ ორჯერ გავაგზავნეთ ვენეციის კომისიაში ეს დოკუმენტი. პირველ დოკუმენტშიც ეწერა, რომ არსებობს ორი მიდგომა – სისტემური და პერსონალიზებული და ვენეციის კომისია თავიდანვე აცხადებდა, რომ უფრო მეტად მხარს უჭერს ე.წ. სისტემურ მიდგომას.

„როცა ვენეციის კომისიას არ გამოურიცხავს არც პერსონალიზებული მიდგომა და აქ შემოგვთავაზა ექვსი კონკრეტული ცვლილება იმ კანონისთვის, რომელიც ჩვენს მიერ იყო პირველი მოსმენით მიღებული. ვენეციის კომისიის დასკვნაში დაფიქსირებულია, რომ ჩვენ ყველა საკვანძო რეკომენდაცია გავითვალისწინეთ, რითაც ვუპასუხეთ რისკებს, რომელიც დაკავშირებულია პერსონალიზებულ მიდგომასთან. ჩვენი თვითმიზანი ამ კანონის მიღება არ არის. ჩვენი ინიციატივაც არ იყო ამ კანონის მიღება, საერთოდ დისკუსია ჩვენ არ დაგვიწყია ამ თემასთან დაკავშირებით, ეს იყო ევროკომისიის ინიციატივა.

გახსოვთ ისტორია, დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერი გაჩნდა 12 პუნქტში, ისევე, როგორც უკრაინის და მოლდოვის შემთხვევაში და უფრო მეტიც, პუნქტის განმარტებასთან ერთად გამოვიდა ევროკომისიის პრეზიდენტი და განაცხადა შემდეგი, რომ უკრაინამ მიიღო ძალიან კარგი კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ და ახლა დარჩენილია მხოლოდ ამ კანონის აღსრულება. ანუ, არა მარტო პუნქტი ჩაიწერა დეოლიგარქიზაციის შესახებ, არამედ ძალიან მაღალი შეფასება მიეცა უშუალოდ უკრაინულ კანონს დეოლიგარქიზაციის შესახებ, რომელიც ჩვენ გადმოვიტანეთ საბოლოო ჯამში საქართველოში. თვითონ სიტყვა დეოლიგარქიზაცია უკვე ნიშნავს პერსონალიზებულ მიდგომას, რაც შეეხება ე.წ. სისტემურ მიდგომას, რეალურად დეოლიგარქიზაცია და სისტემური მიდგომა საერთოდ სხვადასხვა რამეა. სისტემური მიდგომა, რასაც უწოდებს ვენეციის კომისია, ნიშნავს, რომ შენ სხვადასხვა სფეროში ახორციელებ რეფორმებს, რასაც ისედაც ვაკეთებთ. ეს არის ანტიკორუფციული საკითხები, რაზეც ახალი კანონი მივიღეთ, ახალი სააგენტო შევქმენით, ეს არის ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა, სასამართლოზე ცალკე პაკეტი მივიღეთ და ა.შ., მაგრამ ავიღოთ კონკრეტული მაგალითი, როდესაც დეოლიგარქიზაციაზეა საუბარი, ჩვენ გვჭირდება ასევე კონკრეტიკა. დღეს ხედავთ რა ვითარებაა – არის ცოტა ბუნდოვანი ჩანაწერი 12 პუნქტში და ამით ახერხებენ სპეკულირებას მაგალითად კონკრეტული ევროპარლამენტარებიც. საუბარია ბიძინა ივანიშვილზე და ათასი სპეკულაცია მოვისმინეთ. რასა იუკნევიჩიენე ბევრს არაფერს წყვეტს რეალურად არც ევროკავშირში, მაგრამ სპეკულირების შანსი მიეცა.

ჩვენ არ გვინდა ბუნდოვანების დატოვება. როცა საუბარია ე.წ. სისტემურ მიდგომაზე, ეს ნიშნავს ბუნდოვანების დატოვებას. ჩვენ ვეუბნებით ევროკომისიას ასეთ რამეს – მოდით, დაგვიკონკრეტეთ რა გსურთ, რა უნდა გავაკეთოთ. სისტემური მიდგომა არის სხვა რამე. კი ბატონო, რეფორმები თუ გჭირდებათ, დეოლიგარქიზაციაზე კი ნუ ვისაუბრებთ, თქვით, რომ გვჭირდება რეფორმები სასამართლოში და ა.შ. ეს რა შუაშია დეოლიგარქიზაციასთან, სასამართლო რეფორმა საჭიროა ზოგადად იმისთვის, რომ არცერთმა ადამიანმა არ მოიპოვოს ჭარბი სარგებელი, როდესაც არ იმსახურებს, რა შუაშია აქ დეოლიგარქიზაცია, ან როცა საუბარია იგივე ტენდერების სისტემაზე, ანტიკორუფციულ კანონმდებლობაზე, ეს ნებისმიერს ეხება, აქ რა შუაშია დეოლიგარქიზაცია, არცერთმა ადამიანმა არ უნდა მიიღოს ისეთი სარგებელი, რომელიც არ ეკუთვნის. ანუ, არაფერ კავშირში არ არის ე.წ. სისტემური მიდგომა დეოლიგარქიზაციასთან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,758,027 ნახვა