საზოგადოება

ზაზა ბიბილაშვილი: ბეჰემოტის ძეგლის დადგმის მიზანია, დაგვავიწყდეს, რომ წყალდიდობას ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა 

„ნაცმოძრაობის“ ყოფილ წევრს, ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელ ზაზა ბიბილაშვილს მიაჩნია, რომ თბილისში ბეჰემოტის ძეგლის დადგმის მიზანია, რომ ხალხს დაავიწყონ წყალდიდობის დროს ადამიანების დაღუპვის ფაქტი.

მისი თქმით, ხელისუფლებას ჰაერში უნდა აეწია „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს ნაყიდი ვერტმფრენები და ხალხი გადაერჩინა.

„სტიქია, პოლიტიკა და მეხსიერება:

დღევანდელმა წარღვნამ ბევრს 8 წლის წინანდელი წყალდიდობა გაახსენა, მდ. ვერეს ხეობაში.

იმ წყალდიდობის მოსაგონრად, ხელისუფლებამ მზიურის პარკში ბეჰემოტის ძეგლი დადგა. მართლაც საყვარელი და გულისამაჩუყებელი ძეგლია. შეხედავ და თვალწინ გიდგება კადრები, რომლებიც, შესაძლოა, არც არასდროს გინახავს, მაგრამ რომლებსაც უნახავად გამახსოვრებენ – როგორ აწვებიან გმირთა მოედანზე გაბრუებულ საშიშ გიგანტს უკან, ზოოპარკისკენ.

ტოტალიტარულ ქვეყნებში ყველა ძეგლს პოლიტიკური დატვირთვა აქვს. ამ უწყინარი ბეჰემოტისთვის ძეგლის დადგმის მიზანია, დაგვავიწყდეს, რომ იმ წყალდიდობას 22 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

დაგვავიწყდეს, რომ იმ 22-დან ბევრის გადარჩენა შეიძლებოდა, ხელისუფლებას რომ ემოქმედა და წინამორბედის მიერ ნაყიდი ვერტმფრენები აეწია ჰაერში, ჩარჩენილთა გადასარჩენად.

დაგვავიწყდეს, რომ უბედურების შემდეგ, ყველაფერი წინა ხელისუფლების დროს აშენებულ გზას დააბრალეს, რაც, როგორც მალევე გაირკვა, 100%-ით შეგნებული სიცრუე იყო – ახალი გზა არაფერ შუაში იყო, სტიქიამ კომუნისტების დროს აშენებული, ძველი გვირაბი ჩაკეტა.

დაგვავიწყდეს, რომ სადაზღვევო აგენტების მომლოდინე ივანიშვილმა საკუთარ საწყობში მაშველები არ შეუშვა. იქ კი ზოოპარკიდან გაქცეული ვეფხვი ყოფილა დამალული და, როგორც კი საწყობი სადაზღვევო აგენტებისთვის გააღეს, ვეფხმა ადამიანი დაგლიჯა.

თითქოს ხომ ერთი უწყინარი ჰიპოპოტამის უწყინარი ძეგლია. არადა რამდენის დავიწყებას და – ამ დავიწყების ფასად – რამდენის დაუმსახურებელ კეთილდღეობას ემსახურება… ამიტომ, #გვახსოვდეს“,

– წერს ზაზა ბიბილაშვილი.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,758,007 ნახვა