პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე დეოლიგარქიზაციის კანონზე – ჩვენ არ გვჭირდება ეს კანონი, ეს ჩვენი არც თვითმიზანია, არც ინტერესი, თუ ამ მიზანს მოხსნიან 12 პუნქტიდან, კანონი აღარ ამოქმედდება

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „კურიერი ps-ში“ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა, რომ ევროკომისიისგან საჭიროა მეტი კონკრეტიკა რას გულისხმობენ ისინი დეოლიგარქიზაციაში.

„სიტყვა დეოლიგარქიზაცია უკვე ნიშნავს პერსონალიზებულ მიდგომას. როდესაც საუბარია ე.წ. სისტემურ მიდგომაზე, ეს არ არის დეოლიგარქიზაცია, აქ საუბარია სხვადასხვა სფეროში რეფორმების გატარებაზე იმისათვის, რომ არა მარტო მდიდარ ადამიანს, არამედ არავის ჰქონდეს ჭარბი გავლენის მოპოვების საშუალება სხვადასხვა სფეროში, ან ჭარბი სარგებლის მიღების საშუალება. ეს არაფერ კავშირშია დეოლიგარქიზაციასთან. სიტყვა დეოლიგარქიზაცია ნიშნავს სწორედ პერსონალიზებულ მიდგომას.

ჩვენ შეიძლება გავატაროთ სხვადასხვა რეფორმა, ტარდება კიდეც იგივე: სასამართლო რეფორმა, ანტიკორუფციული, კონკურენციის სფეროში კანონმდებლობა შეიძლება დაიხვეწოს, მაგრამ ეს მაგალითად, კეზერაშვილის პრობლემას ხომ არ გადაჭრის?! ამიტომ, ჩვენ გვჭირდება კონკრეტიკა ევროკომისიისგან, რას გულისხმობენ ისინი დეოლიგარქიზაციაში, ვინ არის ოლიგარქი და რა ზომები უნდა დავუპირისპიროთ ჩვენ კონკრეტულ ოლიგარქებს“.-აღნიშნა კობახიძემ.

კობახიძის თქმით, ვიღაცას აწყობდა ეს ჩანაწერი იმისთვის, რომ სივრცე გაეხსნა სპეკულაციებისთვის. მისივე თქმით, გლობალურმა ომის პარტიამ ვერ გათვალა და მათ 12 პუნქტში შეიტანეს ისეთი ჩანაწერი, რომელიც სინამდვილეში ოპოზიციის ინტერესებს უპირისპირდებოდა იმიტომ, რომ მათ მხარეს არიან ოლიგარქები. პარტიის თავმჯდომარემ ასევე განაცხადა, რომ თუ ამოიღებენ ჩანაწერს დეოლიგარქიზაციის თაობაზე, კანონი აღარ ამოქმედდება.

„ფაქტია, რომ ეს ჩანაწერი ვიღაცას აწყობდა იმისთვის, რომ სივრცე გაეხსნა სპეკულაციებისთვის და ეს მოხდა კიდეც. გამოდიოდნენ რასა, კუბილიუსი და სხვები და საჯაროდ საუბრობენ იმაზე, რომ დეოლიგარქიზაცია ნიშნავს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ რაღაც ზომების გატარებას. როგორც ჩანს, იმ ადამიანების მიზანი, რომლებმაც ჩაადებინეს ევროპულ საბჭოს ეს ჩანაწერი იყო სწორედ დაპირისპირება ბიძინა ივანიშვილთან და ამ სპეკულაციებისთვის სივრცის გახსნა, მაგრამ საბოლოო ჯამში მიიღეს რა: რომ ჩვენ დავაკოპირეთ უკრაინული კანონი და აღმოჩნდა, სინამდვილეში, თურმე ოლიგარქები საქართველოში ყოფილან კეზერაშვილი, ხაზარაძე, ჭუტა და არა ბიძინა ივანიშვილი. შესაბამისად, რაღაც დონეზე ვერ გათვლაზე შეიძლება ვისაუბროთ. ანუ, გლობალურმა ომის პარტიამ ვერ გათვალა. აქედან გამომდინარე, მათ 12 პუნქტში შეიტანეს ისეთი ჩანაწერი, რომელიც სინამდვილეში ოპოზიციის ინტერესებს უპირისპირდებოდა იმიტომ, რომ მათ მხარეს არიან ოლიგარქები. ჩვენ არ გვჭირდება ეს კანონი, ეს არ არის ჩვენი არც თვითმიზანი, არც ინტერესი და არაფერი, თუ ამოიღებენ ჩანაწერს დეოლიგარქიზაციის თაობაზე, თუ ამ მიზანს მოხსნიან 12 პუნქტიდან, ამ შემთხვევაში ეს კანონი აღარ ამოქმედდება“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,755,896 ნახვა