პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი – სანქციების საკითხებში ამერიკისა და ევროკავშირის წარმომადგენელთა ვიზიტის მიზანი არის, უშუალო კავშირი და კონტაქტი ჰქონდეთ საქართველოს შესაბამის უწყებებთან

ვიზიტის დანიშნულება და მიზანი არის, რომ თავად იმ ადამიანებს, რომლებიც კოორდინირებას უწევენ სანქციების საკითხს, იქნება ეს ევროპაში, დიდ ბრიტანეთსა თუ ამერიკაში, ჰქონდეთ უშუალო კავშირი, კონტაქტი შესაბამის უწყებებთან საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

შალვა პაპუაშვილმა სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელის, დევიდ ო’სალივანის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელის, ელჩის, ჯიმ ო’ბრაიენისა და გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის გენერალური დირექტორის ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში, კუმარ აიერის ვიზიტზე ისაუბრა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, სანქციებთან დაკავშირებით კომუნიკაცია მნიშვნელოვანია.

„ერთადერთი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით და რაც დასტურდება უკვე წელიწადზე მეტია, რაც სანქციები არის დაწესებული, არცერთი ფაქტი არ არსებობს გვერდის ავლის და ზუსტად ეს დადასტურდება ამ ვიზიტის დროსაც. მნიშვნელოვანია, რომ ამ ვიზიტის დანიშნულება და მიზანი არის, რომ თავად იმ ადამიანებს, რომლებიც კოორდინირებას უწევენ სანქციების საკითხს, იქნება ეს ევროპაში, დიდ ბრიტანეთსა თუ ამერიკაში, ჰქონდეთ უშუალო კავშირი, კონტაქტი შესაბამის უწყებებთან საქართველოში. ეს ვიზიტი არის მხარდაჭერა. სხვათა შორის, ჩვენ სანქციების გვერდის ავლის შესაძლებლობას არავის ვაძლევთ. ამას თავისი ტექნიკური და ცოდნის კომპონენტი აქვს, რომელშიც გვეხმარება როგორც ევროკავშირი, ისე ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს შესაბამის სამსახურებს, როგორც ტექნიკური აღჭურვილობით, რომელიც ბოლო პერიოდში იქნა შეძენილი, ისე სხვადასხვა ბაზებზე წვდომით, ამიტომ ვიზიტიც არის ნაწილი ერთობლივი ძალისხმევისა, რომ არ მოხდეს სანქციებისთვის გვერდის ავლა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველო, როგორც რუსეთის მოსაზღვრე ქვეყანა, არის ის ტერიტორია, რომელიც შესაძლოა, ვინმემ იფიქროს და გამოიყენოს იმისთვის, რომ სანქციებს გვერდი აუაროს, ასეთი ზრახვები შეიძლება არსებობდეს.

„მსოფლიოში უკვე ათწლეულია აკრძალულია იარაღით და ნარკოტიკებით ვაჭრობა, მაგრამ რაღაცნაირად მსოფლიოში მოძრაობს ხომ ეს აკრძალული ნივთიერება. ამიტომაც არის განსაკუთრებულად დასაფასებელი ის, რომ საქართველოში არცერთი ფაქტი არ არსებობს სანქციების გვერდის ავლის საქართველოს ტერიტორიის გამოყენებით. 1 300-ზე მეტი ასეთი გადაადგილება იქნა შეზღუდული საზღვარზე, გაჩერებული იყო ასეთი ტვირთები, რომელიც, სხვათა შორის, ევროკავშირიდან, აშშ-დან მოდიოდნენ და იყო ან სანქცირებული ტვირთი, ან სანქცირებული კომპანია, ამიტომ ამ მხრივ საქართველოს ხელისუფლება, პირიქით, აჩვენებს თავის სიძლიერეს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ვიზიტის მიზანი არის, რომ გაეცნონ როგორ მუშაობს სისტემა, როგორ არის აწყობილი როგორც კონტროლის, ისე ზედამხედველობის გარკვეული მექანიზმები, რადგან საქართველო, როგორც რუსეთის მოსაზღვრე ქვეყანა, არის რისკის ქვეშ, რომ ვიღაცამ ეს ტერიტორია გამოიყენოს.

„ჩვენ ვართ განსაკუთრებით მობილიზებული და ამიტომაც არის განსაკუთრებულად დასაფასებელი, რომ შეიძლება, ყოფილიყო რამდენიმე შემთხვევა მაინც, ვიღაცა თუ შეეცდებოდა, მაგრამ ყველა ასეთი მცდელობა გამოვლენილ იქნა,1 300-ზე მეტი სასაზღვრო პროცედურა იქნა შეჩერებული“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,755,905 ნახვა