პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – რეგლამენტის დონეზე განხორციელდა ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები, სერიოზული ბერკეტები მიენიჭა პარლამენტს, მათ შორის ოპოზიციას იმისთვის, რომ განახორციელოს ეფექტიანი ზედამხედველობა

რეგლამენტის დონეზე განხორციელდა ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები, კანონმდებლობა მთლიანად თავსებადია საერთაშორისო სტანდარტებთან, მეტიც, მთელ რიგ შემთხვევებში, იმაზე მაღალი სტანდარტიც არის დადგენილი, ვიდრე თუნდაც ევროკავშირის წევრ რიგ ქვეყნებში – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც ევროკავშირის 12 პრიორიტეტის შესრულების თაობაზე ანგარიში წარადგინა.

მისი თქმით, სერიოზული ბერკეტები მიენიჭა პარლამენტს, მათ შორის ოპოზიციას იმისთვის, რომ განახორციელოს ეფექტიანი ზედამხედველობა.

„მეორე პრიორიტეტი უკავშირდება ინსტიტუტების ეფექტიანობას ამაღლებას, რაც მოიცავდა რამდენიმე ასპექტს. პირველი იყო საპარლამენტო ზედამხედველობა და პირველ რიგში საპარლამენტო ზედამხედველობის ნაწილი უკავშირდებოდა რეგლამენტში შესატან ცვლილებებს. ამასთან დაკავშირებით ჩვენ თავიდანვე წარვადგინეთ ჩვენი გეგმა და საბოლოო ჯამში განხორციელდა ფუნდამენტური ცვლილებები პარლამენტის რეგლამენტში, რომელთა მიზანი იყო პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციების გაძლიერება.

ზოგადად ამ მიმართულებით ჩვენ გვქონდა ისედაც ხელშესახები პროგრესი, მას შემდეგ, რაც ამოქმედდა ახალი კონსტიტუცია 2018 წელს და ამოქმედდა ახალი რეგლამენტი, თუმცა, დამატებით დაიხვეწა რეგლამენტის კონკრეტული ნორმები. დეტალებში არ გავყვები ამ ცვლილებებს, მაგრამ მაგალითად მოგახსენებთ, რომ ინტერპელაციის ნაწილში გვაქვს მნიშვნელოვანი ცვლილება, გაორმაგდა ინტერპელაციების რაოდენობა. გახსოვთ, წლების განმავლობაში არც პრემიერები, არც მინისტრები არ მოდიოდნენ პარლამენტში იმისთვის, რომ წარმოედგინათ ანგარიშები პარლამენტის წინაშე, საზოგადოების წინაშე დღევანდელი, ახალი მოცემულობით მაგალითად თუ ექნება ამის სურვილი პარლამენტს, მათ შორის ოპოზიციას, პრემიერ-მინისტრიც კი, არა მარტო მინისტრები, ვალდებულია ნებისმიერ სასესიო თვეში მობრძანდეს პარლამენტში და წარუდგინოს ანგარიში პარლამენტს კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით ან წარადგინოს მთავრობის ზოგადი ანგარიში. ანუ, ყოველთვიურია უკვე ინტერპელაციები, რომლებიც შემოღებულია რეგლამენტის დონეზე, რაც გულისხმობს ფუნდამენტურ ცვლილებას. ახლა რა თქმა უნდა, ყველაფერი არის პირველ რიგში ოპოზიციის ხელში, თუ ოპოზიცია თავისი კომპეტენციით შეძლებს ამ საზედამხედველო ფუნქციის გამოყენებას, მისთვის გზა ხსნილია“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, მინისტრის საათთან დაკავშირებით იყო ასევე მნიშვნელოვანი ცვლილებები, რაც განხორციელდა პარლამენტის რეგლამენტში.

„მაგალითად, ანგარიშის წინასწარ წარდგენის ვალდებულება დაეკისრა მინისტრს. ერთ დღეში ერთზე მეტი მინისტრის საათის გამართვა დაუშვებელია; საკომიტეტო მოსმენებთან დაკავშირებით გვაქვს ასევე მნიშვნელოვანი ცვლილებები, მაგალითისთვის, დაზუსტდა ვადები, რაც დაკავშირებულია კომიტეტის თავმჯდომარის მიერ მინისტრის მოწვევასთან კომიტეტის სხდომაზე, ასევე დადგინდა პროაქტიული ანგარიშგების წესი, ამ თემასთან დაკავშირებით კომიტეტი ვალდებულია პროაქტიულად წარადგინოს შესაბამისი ინფორმაცია. პარლამენტის წევრის კითხვა არის ერთერთი მნიშვნელოვანი საზედამხედველო ინსტრუმენტი. აქაც გვაქვს ცვლილებები, კერძოდ, შემცირდა პასუხის გაცემის ვადები, რაც მნიშვნელოვანი ცვლილებაა, ასევე, აქაც პროაქტიულად გამოქვეყნდება ნებისმიერი ინფორმაცია, რაც დაკავშირებულია შეკითხვებზე პასუხის გაცემასთან, მათ შორის შესაბამისი სტატისტიკური ინფორმაცია და ა.შ. თემატური მოკლვევა – ესეც არის მნიშვნელოვანი საზედამხედველო ინსტრუმენტი და ამ შემთხვევაშიც გვაქვს მნიშვნელოვანი ცვლილებები. კერძოდ, კვორუმი იქნა დაწეული, რაც დაკავშირებულია ამ გადაწყვეტილების მიღებასთან, ასევე რეგლამენტში დაიხვეწა თემატური მოკვლევის რეკომენდაციების შესრულების კონტროლის მექანიზმი.

სუს-ის ანგარიშს რაც შეეხება, სუს-ის უფროსი არ იყო ვალდებული წარმოედგინა პირადად ანგარიში პარლამენტის წინაშე და ესეც დაზუსტდა, სუს-ის უფროსი პირადად წარუდგენს პარლამენტს ანგარიშს სუს-ის საქმიანობის თაობაზე. როგორც ხედავთ, რეგლამენტის დონეზე განხორციელდა ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები, კანონმდებლობა არის მთლიანად თავსებადი საერთაშორისო სტანდარტებთან და უფრო მეტიც, მთელ რიგ შემთხვევებში, იმაზე მაღალი სტანდარტიც არის დადგენილი, ვიდრე თუნდაც ევროკავშირის წევრ რიგ ქვეყნებში. ანუ, სერიოზული ბერკეტები მიენიჭა პარლამენტს, მათ შორის ოპოზიციას იმისთვის, რომ განახორციელოს ეფექტიანი ზედამხედველობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,758,007 ნახვა