გამოცემა The Economist-მა იმ ქვეყნების სია გამოაქვეყნა, რომლებიც ნებსით თუ უნებლიედ რუსეთის მოკავშირეების როლს ასრულებენ. სიაში შევიდა უნგრეთი, ავსტრია, საბერძნეთი, თურქეთი, სერბეთი და შვეიცარია. სიას „პუტინის სასარგებლო იდიოტებს“ უწოდებენ.
სტატიაში ცალკეა გამოყოფილი პრორუსული პოლიტიკოსების როლი, როგორებიცაა მარინ ლე პენი, რობერტო ფიცო, მატეო სალვინი და სხვები.
მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში სხვადასხვა პოლიტიკური ბერკეტის გამოყენების მცდელობა რუსეთისთვის წარმატებული არ აღმოჩნდა, მან სრული კრახიც არ განიცადა. ევროპის მხრიდან უკრაინის უდიდესი მხარდაჭერის მიუხედავად, იქ ჯერ კიდევ რჩებიან პოლიტიკოსები, რომლებიც პუტინის დანაშაულს ფაქტობრივად მხარს უჭერენ.
ეს „სასარგებლო იდიოტები“ დასავლეთში კრემლის ნარატივის პოპულარიზაციას ეწევიან, რაც უკრაინას დიდ ზიანს აყენებს. კერძოდ, ულტრამემარჯვენეები და ულტრამემარცხენეები, რომელთა შორის წესით ფუნდამენტური წინააღმდეგობები არსებობს, მხარს უჭერენ უკრაინაში დაუყოვნებლივ მშვიდობის დამყარებას, რაც, ფაქტობრივად, რუსეთისთვის დღემდე დაკავებული ტერიტორიის გადაცემას ნიშნავს. აგრეთვე ისინი დაპყრობილ ტერიტორიაზე რუსეთის პრივილეგიის აღიარებას მოითხოვენ.
ეს რადიკალები ასევე ევროპის და აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გაწეულ ფინანსურ დახმარებას აპროტესტებენ, რომელმაც ევროკავშირის და დიდი ბრიტანეთის მხრიდან დაახლოებით 70 მლრდ. ევროს შეადგენს და დაახლოებით ამდენივეს ამერიკის შეერთებული შტატებისგან.
ზოგიერთ მედიასაშუალებაში ექსპერტები გამოდიან, რომლებიც ყურადღებას არ აქცევენ რუსუთის იმპერიულ ამბიციებს და ამის ნაცვლად ჩივიან, რომ ევროპის, აშშ-სა და რუსეთს შორის ომში ჩათრევას ცდილობენ. საუბარია ასევე, შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის უფრო გლობალურ დაპირისპირებაში ჩათრევის მცდელობაზეც.
უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების არაერთი ფაქტის მიუხედავად, რუსეთს დასავლეთში მეგობრები ჯერ კიდევ ჰყავს.

პუტინის მოკავშირეებს შორის არის ევროპის ქვეყნების მთავრობის წარმომადგენლებიც. პუტინის ერთ-ერთი გამორჩეული მეგობარია უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი. ორბანმა დასავლეთის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა და დახმარება არაერთხელ გააკრიტიკა. უნგრეთი დღესაც რუსული ბუნებრივი აირის იმპორტს ახორციელებს. ასევე ორბანის მთავრობა უნგრეთის გავლით უკრაინაში დასავლური იარაღის ტრანზიტის უფლებას არ აძლევს.
უკრაინას ფაქტობრივად არანაირ დახმარებას არ უწევს ავსტრიაც. მისი მთავრობის არგუმენტია, რომ ავსტრია ნატოს წევრი არ არის, სამაგიეროდ ავსტრიასა და რუსეთს შორის ვაჭრობა მკვეთრად გაიზარდა.
ევროკავშირის კიდევ ერთი წევრი, საბერძნეთი, ამ ორგანიზაციის მიერ დაწესებულ სანქციებს იცავს, მაგრამ მას არ სურს რუსული ნავთობის ტრანსპორტირებაზე შეზღუდვების გამკაცრება, ვინაიდან ბერძნული კომპანიები ამით დიდ მოგებას ნახულობენ.
აშშ-ის დიდი ზეწოლის შემდეგ კვიპროსმა რუსეთში მოქალაქეების 4000-მდე ანგარიში დახურა, ამასთანავე, ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა თურქეთი და სერბეთი, რუსეთი ე.წ. „შავ ხვრელებს“ კარგად იყენებს. ანკარა და ბელგრადი ამას არც მალავენ.
შვეიცარიამ, რომელიც ნეიტრალური ქვეყანაა, ეს სტატუსი უკრაინისთვის იარაღის მიწოდების დაბლოკვისთვის გამოიყენა. მათ შორისაა „ლეოპარდის“ ტიპის 96 დაკონსერვებული ტანკი, რომლებიც იტალიის ტერიტორიაზე დგას და შვეიცარიის კერძო კომპანიას ეკუთვნის. ასევე შვეიცარია რუსული ოქროს შესყიდვას განაგრძობს.
ევროკავშირის წვერი სლოვაკეთი უკრაინისთვის დასავლური სამხედრო დახმარების მნიშვნელოვანი წყაროა და ცოტა ხნის წინ უკრაინას „მიგ-29“ ტიპის ავიაგამანადგურებლები მიაწოდა. მაგრამ სოციოლოგიური კვლევების მიხედვით, სექტემბრის საპარლამენტო არჩევნებზე შეიძლება მემარცხენე რუსოფილის, რობერტ ფიცოს პარტიამ გაიმარჯვოს. ფიცომ ომში „უკრაინელი ფაშისტები“ დაადანაშაულა, რომლებმაც პუტინის პროვოცირება მოახდინეს.