პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი – საქართველო რომ 2008 წელს ნატო-ს წევრი ყოფილიყო, არ იქნებოდა არც ომი და არც რუსული ოკუპაცია – საქართველოს და რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის უდიდესი საფრთხე ბუნდოვანებაა

საქართველოს და რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის უდიდესი საფრთხე ბუნდოვანებაა, რომელიც აგრესიულმა ძალებმა სამართლებრივი, პოლიტიკური და სამხედრო კუთხით იოლად შეიძლება გამოიყენონ – 2008 წლის აპრილის ბუქარესტის გადაწყვეტილება ამის კლასიკური მაგალითია, როდესაც საქართველოს გაწევრიანების დაპირება ისე გაიცა, რომ იმავდროულად უარი ეთქვა წევრობის სამოქმედო გეგმაზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ღია წერილში აღნიშნავს.

მისი თქმით, აღნიშნულმა წინააღმდეგობრივმა გადაწყვეტილებამ შექმნა ბუნდოვანება, რომელმაც შესაძლებლობა მისცა რუსეთს, გამოეყენებინა გეოპოლიტიკური შანსი და კიდევ უფრო გაერთულებინა ვითარება. ამასთან, პაპუაშვილი იმ ოთხ ეჭვს ასახელებს, რომელიც მისი აზრით, სკეპტიკოსების მხრიდან ნატო-ს წევრობის პროგრესისთვის დაბრკოლების შესაქმნელად გამოითქმებოდა.

„ტრადიციულად, არსებობდა ეჭვების ოთხი ჯგუფი, რომლებიც სკეპტიკოსების მხრიდან საქართველოს წევრობის პროგრესისთვის დაბრკოლების შესაქმნელად გამოითქმებოდა.

პირველი ნდობასა და ერთგულებას უკავშირდებოდა, მაგრამ საქართველომ ეს გამოცდა ბრწყინვალედ ჩააბარა. ბოლო სამ ათეულ წელიწადში, „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ ინიციატივიდან მოყოლებული, საქართველომ ულაპარაკოდ დაამტკიცა ერთგულება ევროატლანტიკური ოჯახის ღირებულებებისა და პოლიტიკის მიმართ და უზარმაზარი სიძნელეებისა და სასიცოცხლო საფრთხეების მიუხედავად, არასოდეს გადაუხვევია პროდასავლური კურსიდან. ამისთვის ერთი მაგალითიც საკმარისია, უფრო მეტმა ქართველმა ჯარისკაცმა გაწირა თავისი სიცოცხლე ავღანეთის მისიაში, ვიდრე იქ გაგზავნილი ჰყავდა ნატო-ს წევრების ქვეყნების დიდ უმრავლესობას. ხოლო თუკი პოლიტიკურ განზომილებას შევხედავთ, საკმარისი იქნება გავიხსენოთ, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ევროატლანტიკური ინტეგრაცია კონსტიტუციაში შეიტანა, რომელიც მომავალში ადვილად ვეღარ შეიცვლება, ყველაზე უფრო სკეპტიკურად განწყობილი პოლიტიკური ძალის მმართველობის პირობებშიც კი.

საქართველოს მისწრაფების საწინააღმდეგოდ მეორე კონტრარგუმენტი დემოკრატიის ნაკლებობას შეეხებოდა, რომელსაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ, ბოლო ათწლეულში, წარმატებით გაართვა თავი. ყველა ავტორიტეტული საერთაშორისო რეიტინგი ამას თვალსაჩინოდ ადასტურებს. კარგად გვესმის, რომ დემოკრატია არა დანიშნულების ადგილი, არამედ გზაა. მაგრამ, თუკი გზა უსასრულოდ გაიწელება, საქართველოს მდგომარეობა აქილევსის პარადოქსს დაემგვანება, როდესაც დანიშნულების ადგილამდე მიღწევა შეუძლებელია, ვინაიდან მიზნამდე მიღწევისას აღმოჩნდება, რომ სამიზნე, ყოველ ჯერზე, თუნდაც უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც წინ იწევს. საქართველო, როგორც დემოკრატიული სახელმწიფო, მნიშვნელოვნად შეიცვალა ბოლო ათწლეულის განმავლობაში. ურთიერთშეკავებისა და გაწონასწორების მთელი სისტემის რეფორმამ და მმართველობის ევროპული სტანდარტების დანერგვამ საქართველოს შეაძლებინა, მიეღო ევროპული პერსპექტივა. მეტიც, საქართველოს, ამჟამად, კანონის უზენაესობისა და კარგი მმართველობის, ასევე საჯარო სექტორის კეთილსინდისიერების მხრივ, უკეთესი სტანდარტები აქვს, ვიდრე ნატო-ს წევრ ზოგიერთ ქვეყანას.

მესამე, თავდაცვისუნარიანობის ნაკლოვანებებიც გამოსწორდა. ნატო-ს ყველა წევრი ულაპარაკოდ დაეთანხმებოდა ამ განცხადებას. საქართველოს თავდაცვის ძალები დღეს ბრძოლისუნარიანობით გამოირჩევა და მათი 80%-ზე მეტი საერთაშორისო სამხედრო მისიებშია გამოცდილი. თავდაცვის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუციური და ტექნიკური პრობლემები მოგვარებულია. შესაბამისად, საქართველომ დაიმსახურა ნატო-ს „გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორის“ სტატუსი და, თავად ნატო-სვე აღიარებით, ერთ-ერთ ყველაზე თავსებად პარტნიორს წარმოადგენს. არსებითად, აღარ დარჩა შეკითხვები საქართველოს თავდაცვის რეფორმებზე და შესაძლებლობებზე, ვინაიდან ნატო-ს დოკუმენტები ცხადად აღიარებს, რომ საქართველოს ურთიერთობა ნატო-სთან „შეიცავს ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს გაწევრიანებისათვის მოსამზადებლად“.

ბოლო კონტრარგუმენტი იყო, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება რეგიონულ სტაბილურობას ხელს შეუწყობდა, თუ, პირიქით, უფრო „გააღიზიანებდა“ რუსეთს და მის აგრესიას გამოიწვევდა, რითაც უფრო დააზარალებდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შანსებს. ახლა უკვე დამაჯერებლად შეგვიძლია თქმა, რომ მხოლოდ გადამწყვეტ პასუხს შეუძლია უკრაინაში რუსეთის აგრესიის მაგვარი უბედურების თავიდან აცილება. მშვიდობისა და სტაბილურობის ერთადერთი სივრცე ისაა, რომელიც დაცულია ნატო-ს მეხუთე მუხლით. სხვა ყველა დანარჩენი ნაცრისფერ ზონაში ექცევა, სისხლისღვრისა და ომის რისკებით.

საქართველო რომ 2008 წელს ნატო-ს წევრი ყოფილიყო, არ იქნებოდა არც ომი და არც რუსული ოკუპაცია, რომელმაც უფრო გაართულა არა მარტო საქართველოს, არამედ რეგიონული უსაფრთხოების პრობლემები. საქართველოსთვის უარის თქმამ, შესაძლოა, უკრაინაზე თავდასხმასაც შეუწყო ხელი. ნატო-ს საზღვრები მშვიდობის საზღვრებია. საქართველოს და რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის უდიდესი საფრთხე ბუნდოვანებაა, რომელიც აგრესიულმა ძალებმა სამართლებრივი, პოლიტიკური და სამხედრო კუთხით იოლად შეიძლება გამოიყენონ. 2008 წლის აპრილის ბუქარესტის გადაწყვეტილება ამის კლასიკური მაგალითია, როდესაც საქართველოს გაწევრიანების დაპირება ისე გაიცა, რომ, იმავდროულად, უარი ეთქვა წევრობის სამოქმედო გეგმაზე (მაპ-ზე). ამ წინააღმდეგობრივმა გადაწყვეტილებამ შექმნა ბუნდოვანება, რომელმაც შესაძლებლობა მისცა რუსეთს, გამოეყენებინა გეოპოლიტიკური შანსი და კიდევ უფრო გაერთულებინა ვითარება“,- აცხადებს პაპუაშვილი.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,757,873 ნახვა