სექტემბრიდან 4 დიდ ქალაქში მანქანების გამონაბოლქვის კონტროლი იწყება, – ამის შესახებ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ტარიელ ირემაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა.
„საქართველოს პარლამენტმა, მესამე მოსმენით დაამტკიცა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილებები, რომელიც მოიაზრებს ავტოსატრანსპორტო საშუალების ხილული გამონაბოლქვის კონტროლის დაწყებას გზებზე. კანონპროექტის მიხედვით, კონტროლი განხორციელდება 4 ქალაქში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს უკვე დაევალა ადმინისტრირება და აღსრულება გზებზე აღნიშნული რეგულაციისა“, – აღნიშნა ტარიელ ირემაძემ.
ტარიელ ირემაძემ, ასევე, განმარტა, თუ რა სანქციები დაეკისრებათ გამონაბოლქვის წესების დამრღვევ მოქალაქეებს.
„კანონპროექტის მიხედვით საჯარიმო სანქციების ფიზიკური პირების შემთხვევაში განისაზღვრება პირველ ეტაპზე 100 ლარით, ხოლო იურიდიული პირების შემთხვევაში 500 ლარით. ამასთან, კანონპროექტის თანახმად, თუ 15 კალენდარული დღის განმავლობაში კანონდამრღვევი ხელმეორედ დაარღვევს გამონაბოლქვის წესებს, ჯარიმა გასამმაგდება და ფიზიკური პირების შემთხვევაში იქნება 300 ლარი, ხოლო იურიდიული პირების შემთხვევაში 1 500 ლარი. ასევე, 15 კალენდარული დღის განმავლობაში, მესამედ დარღვევის შემთხვევაში ფიზიკური პირების შემთხვევაში გასამმაგებული ჯარიმა გაორმაგდება, ხოლო იურიდიული პირების შემთხვევაში 3 000 ლარი იქნება.
ვფიქრობთ, ეს ცვლილებები საკმაოდ კარგ ეფექტს გამოიღებს, რადგან სახელმწიფო სექტორის გარდა, ამ ცვლილებების განხილვაში, დამუშავებასა და მიღებაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ჯგუფები. ასევე, სამოქალაქო საზოგადოების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და ვფიქრობთ, მაღალი კონსენსუსით და მხარდაჭერით სარგებლობს აღნიშნული ცვლილებები. აქედან გამომდინარე, პირველ ეტაპზე ველოდებით პოზიტიურ შედეგებს“, – აცხადებს ტარიელ ირემაძე.