პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე: უახლესმა ისტორიამ დაამტკიცა, რომ სააკაშვილი მთელი თავისი პოლიტიკურ საქმიანობის მანძილზე იცავდა არა საქართველოს ინტერესებს, არამედ ჩვენი მტრების, ანუ ომის პარტიის ინტერესებს, რომლის წარმომადგენლებიც სხვადასხვა ფორმით ცდილობენ ჩაგვითრიონ წინასწარ წაგებულ ომში

დაკავების მომენტიდან მუდმივად ეწევა საზოგადოების მოტყუებას, იგონებს ავადმყოფობების სხადასხვა ფორმას (კახექსია, დემენცია, მოწამლვა, წამებას და ა.შ), 600 დღის განმავლობაში, თავისი ოჯახით, პარტიით, დაქირავებული ლობისტებითა და ჯიბის ტელევიზიებით ახდენს სიცრუის ტირაჟირებას, რომ თითქოს კვდება და ესაჭიროება ევროპაში მკურნალობა, ვინაიდან აქ მისი დაავადების განკურნება შეუძლებელია. დღემდე არ დადებულა არც ერთი სამედიცინო დასკვნა, რომელიც აღნიშნულს დაადასტურებდა. – წერს არასამთავრობო ორგანიზაცია “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე მიხეილ სააკაშვილის შესახებ სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, გაირკვა, რომ სააკაშვილის ოჯახის მიერ, მილიონობით დოლარია გადახდილი ლობისტურ ორგანიზაციებში, საქართველოსთვის სანქციების დაწესების მისაღწევად. სწორედ ამ ლობისტური კამპანიის ნაწილად მიიჩნევს კაკაბაძე ევროპარლამენტარების, კონგრესმენების და სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ სააკაშვილის მიმართ გამოხატულ მხარდაჭერას.

ნანა კაკაბაძის განცხადებით, სააკაშვილი თავისი საქმიანობით ყოველთვის იცავდა არა საქართველოს, არამედ მისი მტრების ინტერესებს, სწორედ ამიტომ, ხელისუფლებამ და ხალხმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ბრძოლის ეს ეტაპიც ქვეყნის გამარჯვებით დასრულდეს.

“სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ კანონის დარღვევით გადაკვეთა ჯერ უკრაინის საზღვარი, ხოლო შემდეგ ასევე უკანონოდ, ტრაილერში ჩამალული შემოიპარა საქართველოში. საზღვარზე აღმოჩენის შემთხვევაში, დაკავებისგან თავის დაღწევის მიზნით, გაკეთებული ჰქონდა ყალბი ჩანაწერი, ვითომ გატაცებულია და ხდება მისი გადაადგილება გაურკვეველი მიმართულებით. ჩანაწერი ასევე გაგზავნილი იყო მიშას შემოპარების ორგანიზატორ გია ლორთქიფანიძესთან, რომელსაც მისი დაკავების შემთხვევაში ეს ჩანაწერი უნდა გაევრცელებინა იმის დასადასტურებლად, რომ სააკაშვილი რუსებმა მოიტაცეს და გადასცეს საქართველოს ხელისუფლებას. საზღვარზე შეუმჩნევლად შემოპარვის შემდეგ, ფეიკ ჩანაწერი აღარ დაჭირდა მიშას. ტელეფონით იღებდა და ინტერნეტის საშუალებით თვითონვე ავრცელებდა საკუთარ ტრაბახს, რომ მაგარია, ვინაიდან უპრობლემოდ შემოიპარა საქართველოში.

ასევე 1 ოქტომბერს ყველას პატიჟებდა რევოლუციაზე -200 ათასი ვიქნებით, მე წაგიძღვებით და ხელისუფლებას დავამხობთო.

1 ოქტომბრის წინა დღეს სააკაშვილი სამართალდამცავებმა დააკავეს. დაკავების მომენტიდან მუდმივად ეწევა საზოგადოების მოტყუებას, იგონებს ავადმყოფობების სხადასხვა ფორმას (კახექსია, დემენცია, მოწამლვა, წამებას და ა.შ), 600 დღის განმავლობაში, თავისი ოჯახით, პარტიით, დაქირავებული ლობისტებითა და ჯიბის ტელევიზიებით ახდენს სიცრუის ტირაჟირებას, რომ თითქოს კვდება და ესაჭიროება ევროპაში მკურნალობა, ვინაიდან აქ მისი დაავადების განკურნება შეუძლებელია. დღემდე არ დადებულა არც ერთი სამედიცინო დასკვნა, რომელიც აღნიშნულს დაადასტურებდა. ომბუდსმენის ოფისთან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაცია “ემპათია”სთან შექმნილმა, მიკერძოებულმა ექპერტებმაც კი ვერ შეძლეს დაედოთ ისეთი დასკვნა, რომელიც დაადასტურებდა მიშას ცრუპენტელობას.

სასჯელისაგან თავის არიდების იმედით, მოგვიანებით, სააკაშვილმა განაცხადა, ოღონდ გამიშვით და არ ჩავერევი ქართულ პოლიტიკაში, მე მხოლოდ უკრაინის პოლიტიკა მაინტერესებსო. ამანაც რომ არ იმუშავა, მიშამ მოახდინა “სასწაული”, მიხეილ, “სასწაულმოქმედი”, „განიკურნა“ განუკურნელი დაავადებისგან (დემენციისგან). მანვე დაარღვია საჯაროდ მიცემული “აღთქმა” და ღიად ჩაერთო ქართულ პოლიტიკაში. ყოფილმა პრეზიდენტმა და ახლა უკვე პატიმარმა სააკაშვილმა კარგად იცის, რომ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეს აქვს უფლება ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევის.

მიშას გეგმები ცოტა აერია, როცა 7 თვის წინ „გამოწერილმა“ (როცა “კვდებოდა”) პოლონელმა ექიმებმა დაგვიანებით ჩამოაკითხეს, მაშინ როდესაც უკვე აღარ „კვდება“ და აქტიურ პოლიტიკურ ბრძოლაშია ჩაბმული. პოლონეთიდან მედიკოსთა გამომგზავნებს, ექიმებიც მიშასნაირი თაღლითები შეურჩევიათ. მათ იცოდნენ, ოფიციალურად აღებული ნიმუშებით მიშას „მოწამვლას“ ვერ დაადასტურებდნენ, ამიტომ სცადეს, არალეგალური გზით (წინდებში ჩამალული) ბიოლოგიური მასალის ჯერ გამოპარება, შემდეგ მისი მომწამვლელი ნივთიერებით დაბინძურება, სავარაუდოდ ოფიციალური ნიმუშის დაბინძურებული ნიმუშით ჩასანაცვლებლად, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდებოდა მსოფლიოს მასშტაბით კამპანიის წამოწყება, საქართველოს ხელისუფლებამ სააკაშვილი მოწამლა, ხოლო ფაქტი „მიუკერძოებელმა“ ექიმებმა დაადასტურესო.

ახლახანს გაირკვა, რომ ამ ყველაფრის პარალელურად მიმდინარეობს მილიონობით დოლარით დაფინანსებული ლობისტური ორგანიზაციების მიერ წარმობული ფართომასშტაბიანი საერთაშორისო კამპანია სააკაშვილის შეწყალების მიზნით, ასევე სოლიდურ საერთაშორისო მედიაში “წამებული” სააკაშვილის საკითხის აქტუალიზება, საქართველოსთვის სანქციების დაწესების მისაღწევად. ამის შედეგი იყო საერთაშორისო ცრუპენტელა ევროპარლამენტარების, კონგრესმენების თუ სხვა ორგანიზაციების მხრიდან სააკაშვილის პერსონისადმი გამოხატული ღია მხარდაჭერა.

კრიტიკას ვერ უძლებს 44 ცრუპენტელა ევროპარლამენტარის მიერ ხელმოწერილი მიმართვა, რომელშიც მოთხოვნილია, ევროპის რომელიმე ქვეყანაში სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანა. ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც ევროპის სასამართლოს მიერაა ნათქვამი, რომ პატიმარი სააკაშვილი არ საჭიროებს დამატებით სამედიცინო ჩარევას. სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს გამარჯვებით დასრულებული საქმე „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“, ვერ მოინელეს მიშამ და მისმა დაჯგუფებამ. ამ ფაქტით გაბოროტებულებმა, დასავლელ ლობისტებს შეუკვეთეს ყველაფერი გააკეთონ, რათა მიაღწეულ იქნეს საქართველოს დასანქცირება. ასე რომ, დღეს მიმდინარეობს უღირსი ბრძოლის მეორე რაუნდი, რომელსაც ჰქვია „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“. ქართულმა საზოგადოებამ და ქვეყნის ხელისუფლებამ ერთად ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ბრძოლის ეს ეტაპიც საქართველოს გამარჯვებით დასრულდეს. სააკაშვილის წარმატების შემთხვევაში, გაიმარჯვებენ საქართველოს მტრები, ვინაიდან უახლესმა ისტორიამ დაამტკიცა, რომ სააკაშვილი მთელი თავისი პოლიტიკურ საქმიანობის მანძილზე იცავდა არა საქართველოს ინტერესებს, არამედ ჩვენი მტრების, ანუ ომის პარტიის ინტერესებს, რომლის წარმომადგენლებიც ომის დაწყების დღიდან სხვადასხვა ფორმით ცდილობენ ჩაგვითრიონ წინასწარ წაგებულ ომში.” – წერს ნანა კაკაბაძე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,791,050 ნახვა