უცხოური მედია

ერდოღანი: „მარცვლეულის შეთანხმების“ შეწყვეტას საკვების გლობალური ფასების მატება, გარკვეულ რეგიონებში კი, დეფიციტი და მიგრაციის ახალი ტალღები მოყვება

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან დაგეგმილი მოლაპარაკებების შედეგად, შესაძლოა, შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა აღდგეს.

ერდოღანი დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდებს, რომ რუსეთის მოთხოვნები განიხილონ.

„შავი ზღვის „მარცვლეულის შეთანხმების“ შეწყვეტას მთელი რიგი შედეგები მოჰყვება, დაწყებული საკვების გლობალური ფასების მატებიდან გარკვეულ რეგიონებში დეფიციტამდე და, პოტენციურად, მიგრაციის ახალ ტალღებამდე. მჯერა, ამ საკითხის საფუძვლიანი განხილვით პრეზიდენტ პუტინთან, ჩვენ შეგვიძლია, უზრუნველვყოთ ამ ჰუმანიტარული ძალისხმევის გაგრძელება. ვიცით, პრეზიდენტ პუტინსაც აქვს გარკვეული მოლოდინები დასავლეთის ქვეყნებისგან და გადამწყვეტია ამ ქვეყნებისთვის ზომების მიღება ამ კუთხით“, – აღნიშნა ერდოღანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

რუსეთმა მიმდინარე კვირას მიიღო გადაწყვეტილება „მარცვლეულის შეთანხმების“ დატოვების შესახებ, რომელიც გასული წლის განმავლობაში უკრაინის მარცვლეულის შავი ზღვის უსაფრთხო ექსპორტის საშუალებას იძლეოდა. მოსკოვი აცხადებს, რომ შეთანხმებას დაუბრუნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი მოთხოვნები დაკმაყოფილდება საკუთარი სურსათისა და სასუქის ექსპორტის გასამარტივებლად მსოფლიო ბაზრებზე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,790,310 ნახვა