პოლიტიკა

გია ცაგარეიშვილი IMF-ის შეფასებაზე- ეროვნული ბანკის და მთავრობის საქმიანმა, პარტნიორულმა დამოკიდებულებამ მოიტანა ეს შედეგი, რაც ახლა გვაქვს და ეს შეაფასეს სავალუტო ფონდში

„ეროვნული ბანკის და მთავრობის საქმიანმა, პარტნიორულმა დამოკიდებულებამ მოიტანა მათ შორის, ეს შედეგი რაც ახლა გვაქვს და ეს შეაფასეს სწორედ სავალუტო ფონდში“-ასე გამოეხმაურა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე გია ცაგარეიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის საქართველოში ვირტუალური ვიზიტის შემდეგ გაკეთებულ შეფასებას, რომლითაც 2023 წლის იანვარი-მაისის მონაცემებით ქვეყნის ეკონომიკა 7,5%-ით გაიზარდა.

როგორც ცაგარეიშვილი აღნიშნავს, მომავალშიც გაგრძელდება მჭიდრო და საქმიანი ურთიერთობა სავალუტო ფონდთან.

„ჩვენ ვაგრძელებთ ძალიან მჭიდრო, საქმიან ურთიერთობას სავალუტო ფონდთან, მსოფლიო ბანკთან, სხვა საფინანსო ორგანიზაციებთან, რომელთა წვლილიც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში საკმაოდ დიდია ამ წლების მანძილზე. ეს საქმიანი ურთიერთობები მომავალშიც გაგრძელდება. რამდენიმე ხნის უკან ეროვნულ ბანკში განხორციელებული რეფორმებიც ამას ემსახურება, რომ ეროვნული ბანკის საქმიანობა უფრო გამჭვირვალე, საქმეზე ორიენტირებული გახდეს და ეროვნული ბანკი, როგორც ქვეყნის საფინანსო, საკრედიტო პოლიტიკაზე ზედამხედველი და პასუხისმგებლობიანი ბანკი იყოს ყველა იმ ინსტრუმენტით აღჭურვილი, რაც მისთვის არის აუცილებელი“-აღნიშნა ცაგარეიშვილმა.

მისივე თქმით, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, ტურიზმის ის მზარდი ტემპი თუ სხვადასხვა სექტორში ეკონომიკური აღმავლობა, ყველაფერი ეს არის მშვიდობის მონაპოვარი. რისი გარანტორიც არის საქართველოს მთავრობა ეროვნულ ბანკთან ერთად.

„ეკონომიკური ზრდის არნახული მაჩვენებელი, რომელიც ქვეყანას აქვს ბოლო ორი წლის მანძილზე, ორნიშნა ეკონომიკური ზრდის ძალიან დიდი მაჩვენებელი, რომელიც არა მხოლოდ ამ რეგიონში, არამედ მთელ ევროპაში ერთ-ერთი მოწინავეა ამ დროისთვის, ამ თვეების მონაცემს ვგულისხმობ, ტურიზმის ის მზარდი ტემპი, სხვადასხვა სექტორში ეკონომიკური აღმავლობა, საგარეო ვაჭრობის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა ქვეყანაში, ყველაფერი ეს არის მონაპოვარი მშვიდობის ამ ქვეყანაში, ამას ხაზს ვუსვამ. მათ შორის, სამოქალაქო მშვიდობის, რისი გარანტორიც რა თქმა უნდა არის საქართველოს მთავრობა ეროვნულ ბანკთან ერთად. უდავოა ეს და ჩვენ ამისთვის ვიღვწით. გვინდა მშვიდობა საზოგადოებისთვის, რომ უფრო მეტი დოვლათი შექმნას და უფრო მეტი ადამიანი დასაქმდეს ამ ქვეყანაში“-განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,687,701 ნახვა
%d bloggers like this: