პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა ოპოზიციაზე: რუსების მიერ დაბომბილ ჩვენს სახლებს ჯერ კიდევ ბოლი რომ ასდიოდა, ჩვენი ბიჭების ცხედრები რომ იყო დაყრილი ბრძოლის ველზე, ესენი და მათი ლიდერი კი, პარალელურად, სახმელეთო საზღვარზე ეპატიჟებოდნენ რუსებს, ეს ორმაგი სტანდარტი არ არის?

გემით შემოვა თუ ავტომობილით ლარსის ხეობიდან, რა განსხვავებაა? ბათუმში რაც ხდება, ჩემთვის ორმაგი სტანდარტის კიდევ ერთი დემონსტრირებაა. ეს ხელმოცარულები, რომ მიხვდნენ, პულსი რომ არ ესინჯებათ რეიტინგში, ახლა თითქოს მიაგნეს რაღაცას და გამოეკიდნენ, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ირაკლი ზარქუა ბათუმის პორტში საკრუიზო ლაინერის შემოსვლის გამო გამართულ საპროტესტო აქციას.

მისი თქმით, 2008 წლის ომიდან მალევე, ლარსის საზღვართან მიხეილ სააკაშვილი რუს ტურისტებს ხვდებოდა და მისი პარტიაც მიესალმებოდა ამ ფაქტს. ზარქუამ ასევე გაიხსენა, რომ რუსეთიდან ტურისტების შემოსვლას მხარს უჭერდნენ ელენე ხოშტარია და მიშა მშვილდაძეც, რომლებსაც ახლა საპირისპირო მოსაზრება აქვთ.

„სახმელეთო საზღვარზე რომ ეპატიჟებოდა მათი ლიდერი, რუსების მიერ დაბომბილ ჩვენს სახლებს ჯერ კიდევ ბოლი რომ ასდიოდა, ჩვენი ბიჭების ცხედრები რომ იყო დაყრილი ბრძოლის ველზე, ესენი კი პარალელურად, საზღვარზე ეპატიჟებოდნენ რუსებს, არ არის ეს ორმაგი სტანდარტი? ვერ ხვდებიან? გემით შემოვა თუ ავტომობილით, ლარსის ხეობით, რა განსხვავებაა? თუ გგონიათ ვინც ლარსიდან შემოდის, ყველა ისე ფიქრობს, როგორც ჩვენ გვაწყობს? ეს არის ორმაგი სტანდარტი, ამ ორმაგ სტანდარტს გრძნობს ქართველი მოსახლეობა.

როგორ უნდა გააპროტესტოს “ნაციონალურმა მოძრაობამ” ლაინერით შემოსული რუსი, თუნდაც ის გაუგებარი ქალბატონი, რომელსაც ვერ გაურკვევია რა როგორ არის და ასეთი ალბათ ძალიან ბევრი იქნება, იქაც, სადაც სახმელეთო საზღვრით შემოდიან. მაშინ იქ დადგნენ, გააპროტესტონ სააკაშვილი რომ ეპატიჟებოდა და მაშინდელი “ენჯეოშნიკები”, ერთი – ქალბატონი “ლიაკა”, გახსოვთ თქვენ, რუსული ფულით რომ ფინანსდება, ვაშაძე რომ გაემიჯნა. წარმოიდგინე, რა პოლიტიკოსი ხარ, ხაბეიშვილს რომ მიანიჭებს უპირატესობას და გაგემიჯნება ვაშაძე, შემირცხვენია ასეთი პოლიტიკოსი.

მეორე კიდევ, მიტინგების ფასიანი წამყვანი რომ არის მშვილდაძე. გახსოვთ თქვენ მათი განცხადებები რუსებთან დაკავშირებით – უნდა შემოვიდნენ, ფული უნდა დაახარჯონ – ახლა არ მოსწონთ? ეს არის ამათი ორმაგი სტანდარტი.“ – განაცხადა ირაკლი ზარქუამ. როგორც ზარქუამ აღნიშნა, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს იგივე მიდგომა აქვთ კონკრეტული პირების საქართველოში შემოშვებასთან დაკავშირებით, კერძოდ, თუ მათ აწყობთ, ოკუპაციის შესახებ კანონის დარღვევის მიუხედავად, პირი ქვეყანაში უნდა შემოუშვან. „გახსოვთ, რამდენიმე თვის წინ მოადგა საზღვარს რუსი ბლოგერი ალექსეი რომანოვი, ჩვენებმა არ შემოუშვეს, ოკუპაციის შესახებ კანონი ჰქონდა დარღვეული და როგორ გაერთიანებულად გვიტევდნენ ეს ხელმოცარულები ოპოზიციიდან, რომ უნდა შემოუშვათო. როცა აწყობთ, მაშინ შემოსაშვებია, თუნდაც დარღვეული ჰქონდეს ოკუპაციის შესახებ კანონი ამა თუ იმ ადამიანს და როცა მიუღებელია მათთვის, იქ უკვე ცრუ პატრიოტიზმს და რაღაცებს იგონებენ, ეს არის ამათი სახე.“ – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,791,031 ნახვა