ვარშავის პროკურატურამ ბრალი წარუდგინა საქართველოს მოქალაქეს, 25 წლის შახინ გ.-ს, რომელიც გამოძიების ვერსიით, პოლონელი მსახიობის მარჩინ ბოსაკის ცემის საქმეში ფიგურირებს. როგორც ადგილობრივი გამოცემა tvp.info წერს, ბრალდებულს სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ვარშავის რაიონული პროკურატურის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ საქმეზე გამოძიება ხულიგნობის და ჯგუფური ცემის ფაქტზე მიმდინარეობს.
„შახინ გ. მარჩინ ბოსაკის ცემაში კიდევ ერთ პირთან ერთად მონაწილეობდა“, – აცხადებენ პროკურატურაში.
შემთხვევა მიმდინარე წლის აპრილში, ვარშავის რაიონ ოჩოტაში მოხდა.
გამოძიების ცნობით, ბოსაკმა შახინ გ.-ს ავტომობილის მართვის აგრესიულ მანერაზე მისცა მითითება, რის შემდეგაც, საქართველოს მოქალაქე მას თავს დაესხა და მუშტებითა და წიხლებით სცემა. არსებული ცნობით, მსახიობს დაზიანებები მთელი სხეულის არეში აღენიშნებოდა.
პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე, გამოძიების დასრულებამდე ბრალდებული წინასწარ პატიმრობაში დარჩება.
არსებული ცნობით, ბრალდებულმა დაკითხვისას ნაწილობრივ აღიარა დანაშაული.
ცემის ფაქტის შესახებ მსახიობმა სოციალურ ქსელში „დაპოსტა“. მან გამომწერებს დალურჯებული სახე უჩვენა და მოყვა, რომ რამდენიმე კაცმა სცემა. მისივე თქმით, ისინი პოპულარული სატრანსპორტო კომპანიის მძღოლები იყვნენ.