გმადლობთ ყურადღებისთვის, მაგრამ მე ამას არ ვიმსახურებდი, მიხეილ სააკაშვილის ჯარიმის გამო რომ კიდევ ქონება მიმატანინა ჩვენმა ხელისუფლებამ, არ მეკუთვნოდა ეს ჯარიმა, რის გამო ვიბრძოლე 2012 წელს? – ასე მიმართა ყოფილმა დეპუტატმა, ვალერი გელაშვილმა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის“ თავმჯდომარეს, თეა წულუკიანს მას შემდეგ, რაც წულუკიანმა გელაშვილს სხდომაზე მისვლისთვის მადლობა გადაუხადა.
„ჩვენ ერთ დროს ერთად მოგვიწია არჩევნებში ბრძოლა. თქვენ შიდა ქართლში, მე – დედაქალაქში და ვადასტურებ, რომ ეს იყო უმძიმესი დღეები და თვეები, როდესაც 2012 წელს, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ვიბრძოდით, რათა სააკაშვილის რეჟიმი გადამდგარიყო და მშვიდობიანად წასულიყო ხელისუფლებიდან. მადლობა ამ ბრძოლისთვის“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
ამასთან, თეა წულუკიანს ვალერი გელაშვილმა მაგიდაზე საჩივრები დაუდო და აღნიშნა, რომ ეს მისი „დაუმთავრებელი საქმეებია“.
„მადლობთ ყურადღებისთვის, მაგრამ მე ამას არ ვიმსახურებდი. ეს ჩემი დაუმთავრებელი საქმეებია. გემთმშენებლობის ნაწილშიც და მიხეილ სააკაშვილის ჯარიმის გამო რომ კიდევ ქონება მიმატანინა ჩვენმა ხელისუფლებამ. არ მეკუთვნოდა ეს ჯარიმა. საკუთარ ხელისუფლებას ვუჩივლო? რის გამო ვიბრძოლე 2012 წელს?“, – მიმართა გელაშვილმა წულუკიანს.
თავის მხრივ, კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა:
„სააკაშვილის ჯარიმას თუ გაასაჩივრებდით, ეს ხელისუფლება რა შუაშია. ამ ხელისუფლებამ ჯარიმა გაგინახევრათ, ორი მილიონი გაპატიათ. ასევე პირველი და მეორე ინსტანცია სასამართლოში მოგიგიათ და ელოდებით უზენაესის გადაწყვეტილებას. ალბათ სააკაშვილი რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, ამ ორ ინსტანციას ვერ მოიგებდით. ცოცხლები თუ იქნებოდით, ეგეც საკითხავია, სააკაშვილი რომ აქ ყოფილიყო, ამიტომ ბიძინა ივანიშვილს მადლობა ამისთვის, რომ ჩვენ ვართ ცოცხლები, სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. სააკაშვილი წასული ისტორია არ არის, რადგან მე არ ვიცი, როგორ ჩანს ეს ვილნიუსიდან, რომელიც დღეს ყველას გვასანქცირებს და სანქციების ქვეშ გვამყოფებს, არც ამას ვიმსახურებთ ჩვენ, თქვენი მეორე მოქალაქეობის სახელმწიფოსგან, მაგრამ სააკაშვილი წასული არსად არ არის, ის ცდილობს დაბრუნებას. ამიტომ ვმუშაობთ ჩვენ, რათა ეს არ მოხდეს. ამ სხდომებს ისმენს პროკურატურა, საქართველოს სასამართლოებიც, იმედი მაქვს, თქვენი სხვა პროცედურებიც დამთავრდება ისეთივე წარმატებით, როგორც, ხაზს ვუსვამ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გამოიძია თქვენზე თავდასხმის საქმე და დაისაჯნენ ის პირები, ვინც იყვნენ დამკვეთები. შესაბამისად, ესეც უნდა აღინიშნოს ხმამაღლა. რომ არა ეს, ფაქტობრივი გარემოებები დღეს დადგენილიც კი არ იქნებოდა. ამიტომ, მადლობა პროკურატურას ამ საქმის გამოძიებისთვის და ის საქმე, რომელიც შეტანილი გაქვთ, იმედი მაქვს, მალე დადგება ის შედეგი, რომელიც თქვენ მოგწონთ და რომლისკენაც ისწრაფვით“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.