აშშ-ს პრეზიდენტსა და „ტესლას“ ხელმძღვანელს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ყოფილმა მოკავშირემ იმედები გაუცრუა, რადგან პრეზიდენტის ბიუჯეტური კანონპროექტის ჩაგდება მოინდომა. ტრამპმა განაცხადა, რომ მილიარდერი უბრალოდ, ნაწყენია იმის გამო, რომ მთავრობაში აღარ არის.
DOGE-ის ყოფილმა მეთაურმა მაშინვე დაწერა X-ზე, რომ ტრამპი მის გარეშე არჩევნებს ვერ მოიგებდა. ამის შემდეგ Truth Social-ში პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გააუქმა ბიზნესმენის მანდატი, რომელიც ყველას აიძულებდა, შეეძინა ელექტრომობილები და ამის გამო, მასკი „შეიშალა“.
„ყველაზე იოლი გზა, რომ დავზოგოთ ბიუჯეტში მილიარდები, არის გავაუქმოთ ილონთან დადებული სახელმწიფო კონტრაქტები და სუბსიდიები. მე ყოველთვის მიკვირდა, რატომ არ გააკეთა ეს ბაიდენმა“,-დასძინა ტრამპმა.
პასუხად, მასკმა განაცხადა, რომ ტრამპი ფიგურირებდა სექს-დამნაშავე ჯეფრი ეფშტეინის ფაილებში და სწორედ ამიტომ არ მოხდა აღნიშნული ფაილების გასაჯაროება ბოლომდე. მასკმა ასევე, გამოაქვეყნა საარქივო ვიდეო, სადაც ტრამპი ფინანსისტთან ერთად არის აღბეჭდილი.
ამის შემდეგ მასკი დაიმუქრა, რომ დაუყოვნებლივ „მოხსნის სამუშაოდან“ თავის კოსმოსურ ხომალდებს Dragon- მათ გარდა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურამდე მხოლოდ რუსული ხომალდები დაფრინავს. ბიზნესმენმა ასევე მხარი დაუჭირა პოსტს, სადაც საუბარია ტრამპის იმპიჩმენტზე.
საჯარო დაპირისპირების ფონზე, ტესლას აქციები 15%-ით დაეცა, ტრამპის ყოფილმა მრჩეველმა, სტივ ბენონმა კი, მილიარდერის დეპორტაცია მოითხოვა. მისი თქმით, მასკი შესაძლოა, არალეგალური იმიგრანტი იყოს.
