პოლიტიკა

ბაჩო ახალაია: 13 წლის განმავლობაში უამრავი რესურსი დახარჯეს, რომ ჰყოლოდათ რამოდენიმე ბუა, მათ შორის, ერთი მე ვარ

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოკითხვაზე მივიდა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ძალიან რცხვენია, რომ ხალხი ციხეში ზის, თავად კი მოვლენებს სამზარეულოდან ადევნებდა თვალს.

„მიტყდება, რომ არაფერში ვიყავი ჩართული, სამწუხაროდ. ძალიან მრცხვენია ამის. მეორე მხრივ, საღი აზრის ფარგლებში, ადამიანები თუ აზროვნებენ, უნდა ესმოდეთ, რის ორგანიზებაზეა იქ საუბარი. ბატონი პაატა ბურჭულაძის და ლევან ხაბეიშვილის მოწოდება სჭირდებოდა ორგანიზებას? საკუთარი თვალით ვერ ხედავენ, სად ცხოვრობენ? მურთაზ ზოდელავას მოსაზრების ფორმირებას სჭირდებოდა ვინმეს ორგანიზება, თუ მიტინგზე ხალხის მოსვლას შეატყო იქ ვინმემ ორგანიზება ან შემდეგ ნებისმიერ ნაბიჯს. ჩემი აზრით, აქ საუბარია ერთ ძალიან მარტივ რამეზე, რეჟიმს უბრალოდ არ უნდა, დაინახოს მარტივი ჭეშმარიტება, რომ საქართველოში არსებობენ პატრიოტი ადამიანები, ისეთები როგორიც არის ბატონი პაატა, მურთაზი, ლევანი, სხვები, სხვები, რომლებსაც სამოქალაქო მშვიდობიანი აჯანყების მოსაწყობად არ სჭირდებათ ვინმეს კარნახი, ვინმეს რაიმე სახით ორგანიზება“, – აღნიშნა ბაჩო ახალაიამ.

ამასთან, ბაჩო ახალაიამ 4 ოქტომბრის მოვლენები 9 აპრილს შეადარა.

„გადაჭარბების გარეშე, შვილებს ვფიცავარ, ეს არის იმ რანგის მშვიდობიანი სამოქალაქო აჯანყების დღე, როგორიც იყო 9 აპრილი“, – განაცხადა ბაჩო ახალაიამ. რაც შეეხება 4 ოქტომბერს გავრცელებულ ჩანაწერს, ახალაიას თქმით, „ჩანაწერი ათასი პროცენტით ფალსიფიცირებულია“.

„არათუ სიტყვა, ბგერა არ არის ჩემი. არასდროს მიკადრებია ბატონ პაატა ბურჭულაძისთვის პაატათი მიმართვა, ჩემი უფროსი მეგობარია. ყოველთვის მოკრძალებით მივმართავ, მამაჩემის ტოლი კაცია და სხვა ურთიერთობა გვაქვს, ვიდრე იქ ჩანს“,- აღნიშნა ბაჩო ახალაიამ.

ამასთან, ბაჩო ახალიამ არ გამორიცხა, რომ 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დააკავონ.

„ძალიან მარტივ, პრიმიტიულ პროპაგანდასთან გვაქვს საქმე. 13 წლის განმავლობაში უამრავი რესურსი დახარჯეს, რომ ჰყოლოდათ რამოდენიმე ბუა, მათ შორის, ერთი მე ვარ. ბატონ პაატას ვიცნობ ძალიან კარგად, უდიდესი პატივისცემა მაქვს მის მიმართ, ჩვენი ოჯახის ახლობელია. მურთაზი ჩვენი მეზობელია. მგონია, ეს პრიმიტიული სცენარი გამოიყენეს, ცდილობენ, ხაზი გაუსვან იმას, რომ გაგიჟებული პატრიოტების თავგანწირვა კი არ იყო, ქართველები კი არ ვარსებობთ, არ გვყავს ხუთი, 15, 100 კაცი, რომელსაც შეუძლია თავგანწირვა, არამედ  სინამდვილეში ვიღაცები ვიღაცებს უნდა აიძულებდნენ, იყვნენ პატრიოტები. ეს არის კიდევ ერთი დამცირების მცდელობა ამ საოცარი ადამიანების და მთელი საქართველოსი. მშვიდობიანი აჯანყება იცით, რას ნიშნავს? ბატონ პაატას და ბატონ მურთაზს ხელშიც კი არაფერი ეჭირათ, ნიღაბიც კი არ ეკეთათ, აირწინაღიც კი არ ეკეთათ. ეს არის მშვიდობიანი აჯანყება“, – განაცხადა ბაჩო ახალაიამ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბაჩო ახალაია 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, მოწმის სახით გამოკითხვისა და ხმის ნიმუშის აღების მიზნით არის დაბარებული.

შეგახსენებთ, რომ 4 ოქტომბერს ტელეკომპანია „იმედმა“ პაატა ბურჭულაძისა და ბაჩო ახალაიას სავარაუდო სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომლის ავთენტურობა დადასტურებული არ არის. გავრცელებულ ჩანაწერში 4 ოქტომბერს მოვალენათა განვითარების შესახებ არის საუბარი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა