„ჰამასის“ პოლიტიკურმა ლიდერმა, ხალილ ალ-ჰაიამ, ღაზის სექტორში საომარი მოქმედებების დასრულების შესახებ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ის ადმინისტრაციისა და მოლაპარაკების პროცესის სხვა მონაწილეებისგან ცეცხლის შეწყვეტის გარანტიები მიიღო, — იუწყებიან Reuters-ი და Al Jazeera.
მან დააზუსტა, რომ მიღწეული შეთანხმება ითვალისწინებს „რაფაჰის“ სასაზღვრო გადასასვლელის ორივე მიმართულებით გახსნას, ასევე ისრაელის მიერ პატიმრობაში მყოფი ყველა პალესტინელი ქალისა და ბავშვის გათავისუფლებას.
ალ-ჰაიამ დასძინა, რომ შეთანხმების ფარგლებში გათავისუფლდება 250 პალესტინელი, რომლებსაც ისრაელის მიერ სამუდამო პატიმრობა აქვთ მისჯილი, და დამატებით 1700-მდე პალესტინელი, რომლებიც 2023 წლის 7 ოქტომბერს ომის დაწყების შემდეგ დააკავეს.
Facebook Comments Box











