ნარკომოვაჭრეებთან მიმართებით პოლიტიკა უნდა იყოს მკაცრი. თუნდაც ყველაზე ლიბერალური ქვეყნების მხრიდანაც კი არ განიხილება ეს მიდგომა არასწორად. მითია იმაზე საუბარი, რომ მხოლოდ ლიბერალური მიდგომით მცირდება და მკაცრი პოლიტიკის შემთხვევაში, პირიქით, არ მცირდება ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ სატელევიზიო დებატებში საუბრისას.
სარჯველაძის თქმით, სახელმწიფოს მთავარი მიზანია, შეიზღუდოს გავრცელება და ხელმისაწვდომობა.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, მკაცრი პოლიტიკის მქონე ქვეყნებში მოსახლეობაში ნაკლებია ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების პრევალენტობა.
„ნარკომომხმარებელთა რიცხვი, როგორც წესი, 15-დან 65 წლამდე პოპულაციაში იზომება. კვლევების მიხედვით, იაპონიაში, სადაც მიდგომა საკმაოდ მკაცრია, პრევალენტობა ორი პროცენტია. ცოტა მეტია საქართველოში, შვედეთს აქვს ოთხი-ხუთი პროცენტი. გერმანიას, რომელიც ლიბერალური მიდგომით გამოირჩევა, აქვს რვა პროცენტი. შვედეთში, სადაც მკაცრი პოლიტიკაა, პრევალენტობა დაბალია, ჩეხეთში – მაღალი, ბულგარეთში კი, სადაც ითვლება, რომ ამ მიმართულებით მკაცრი პოლიტიკაა, ბევრად დაბალია. ასე რომ, საზოგადოება არ შევიყვანოთ შეცდომაში. მკაცრი პოლიტიკის შემთხვევაში ნარკოტიკების მოხმარების გავრცელება, პრევალენტობა შეიძლება შემცირდეს არსებითად“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.











