სამართალი

შსს-მ საქართველოში ნარკოტიკების უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავა.

უწყების ცნობით, დაკავება შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ სხვადასხვა დროს, ერთობლივად ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განხორციელდა.

შსს-ის ინფორმაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, დაკავებულები არიან ,უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 1993 წელს დაბადებული ა.მ., 1985 წელს დაბადებული ს.ტ. და 1987 წელს დაბადებული, მ.ლ.

მათივე განმარტებით, დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„პოლიციამ დაკავებულების პირადი ჩხრეკის შედეგად, სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცებად ამოიღეს. სამართალდამცველებმა ა.მ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკის შედეგად, 125 შეკვრად დაფასოებული – 1 კილო და 352 გრამი ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“-ს შემცველი ნივთიერება ნივთმტკიცებადაა ამოღებული. ს.ტ.-სგან კი 50 გრამამდე ოდენობის ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ამოიღეს, ხოლო, რაც შეეხება დაკავებულ მ.ლ.-ს პოლიციამ მისი პირადი ჩხრეკისას, ერთ შეკვრად დაფასოებული, ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“ ამოიღო.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,908,531 ნახვა