პოლიტიკა

ანა ნაცვლიშვილი – რუსეთი 2 საუკუნეა ებრძვის ჩვენ დამოუკიდებლობას, ისტორიას ვერც მედვედევი და ვერც სხვები გადაწერენ 

რუსეთი ორი საუკუნეა ებრძვის საქართველოს დამოუკიდებლობას, ისტორიას ვერც მედვედევი და ვერც სხვები გადაწერენ და სამწუხაროა, რომ საქართველოს და რუსეთის სპიკერების განცხადებები საგანგაშოდ და სამარცხვინოდ ემთხვევა ერთმანეთს, – ამის შესახებ “ლელოს” დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

ნაცვლიშვილის თქმით, მსგავს განცხადებებზე მყისიერი პოზიციონირებაა საჭირო საქართველოს სახელმწიფო უწყებების და ოფიციალური თანამდებობის პირების მხრიდან, რომლებიც როგორც წესი ასეთ დროს დუმილს არჩევენ, თუმცა მყისიერად ეხმაურებიან დასავლელი პარტნიორების განცხადებებს.

“პირველ რიგში ამ განცხადებას ძალიან სწრაფად და ძალიან მკაფიოდ უნდა ეხმაურებოდნენ ოფიციალური უწყებები და ველოდები როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებას, ისე უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების განცხადებებს, რადგან ასეთ ვითარებაში ჩვენ როგორც წესი ვხედავთ გაჩუმებულ “ქართულ ოცნებას”, რომელიც დასავლეთის ნებისმიერ მეგობრულ და პარტნიორულ განცხადებას ამ განცხადებისგან განსხვავებით მყისიერად ეხმაურებიან ხოლმე. ახლა მაინტერესებს სად არის სახელმწიფო უწყებების და “ქართული ოცნების” მყისიერი პოზიციონირება ამ ყოვლად მიუღებელ განცხადებასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება თარიღებს, შევახსენებ რუსეთს და მის თითოეულ წარმომადგენელს, რომ რუსეთი ორი საუკუნეა ებრძვის საქართველოს დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას და ისტორიის გადაწერის მცდელობა, რომ თითქოს ეს ყველაფერი მხოლოდ 2008 წელს დაიწყო, ან 90- იან წლებში, არის რუსული პოლიტიკის ხელწერა, თუმცა, მსოფლიომ კარგად იცის ამ ისტორიის დასაწყისი და ქართველებმა ძალიან კარგად ვიცით, რომ ევროკავშირი საერთოდ არ იყო შექმნილი, როცა რუსეთი ებრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობას, ეკლესიის ავტოკეფალიას, რომელიც გააუქმა კიდეც საქართველოს სახელმწიფოებრიობასთან ერთად. ეს არის მოცემულობა, რომელსაც მედვედევის და სხვების ვერც ერთი განცხადება ვერ გადაწერს. საქართველოს აქვს არჩეული ევროატლანტიკური კურსი და ძალიან სამწუხაროა, რომ ისტორიის ამ მომენტში საქართველოს და რუსეთის სპიკერების განცხადებები საგანგაშოდ და სამარცხვინოდ ემთხვევა ერთმანეთს,”- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების იდეა შეიძლება განხორციელდეს, თუ დასავლეთი საქართველოში სიტუაციის გამწვავებას გააგრძელებს.

„აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების იდეა ჯერ კიდევ პოპულარულია და სრულიად შესაძლებელია, განხორციელდეს, თუ ამის საფუძვლიანი მიზეზები იარსებებს“, – განაცხადა მედვედევმა.

მისივე თქმით, თუ მათი შეშფოთება რეალურ ფორმას მიიღებს, არ დააყოვნებენ.

“ისევ მიდის საუბარი საქართველოს ნატო-ში შესაძლო გაწევრიანებაზე. ამ ქვეყანაში რუსოფობიის აფეთქებები დაიწყო. ჩვენ არ გვჭირდება 2008 წლის ისტორიის გამეორება. მზად ვართ დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან, გაერო-ს წესდების სულისკვეთებით, პრობლემების გადასაჭრელად. მაგრამ თუ ჩვენი შეშფოთება რეალურ ფორმას მიიღებს, არ დავაყოვნებთ,”- განაცხადა მედვედევმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,856,076 ნახვა