პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: ევროკავშირს ახალი სენი, ბუნდოვანება შეეყარა, რის ფონზეც, არც კანდიდატის წევრობის მინიჭება გამიკვირდება და არც არ მინიჭება

ევროკავშირში, ისე როგორც ნატო-ში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება, მათ შორის გაწევრიანების ან კანდიდატის სტატუსის მიცემის შესახებ კონსენსუსის საფუძველზე ხდება. რა თქმა უნდა ეს ორი ორგანიზაცია ერთმანეთისგან განსხვავდება, რაც იმას ნიშნავს მათი მიზნებიდან გამომდინარე სხვადასხვა მიზეზების გამო შეიძლება ხდებოდეს გადაწყვეტილების მიღება, თუმცა ყველაფერი რომ პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული ეს ფაქტია! – ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

როგორც ნიკოლეიშვილი განმარტავს, ისტორიაც და ფაქტებიც იმას მოწმობს, რომ პოლიტიკური ნების ფონზე, რამდენიმე ისეთი ქვეყანა მიიღეს ევროკავშირის წევრად, რომლებიც რეალურად ამას არ იმსახურებდნენ, კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ კი, რამდენიმე ქვეყანა ათეული წლებია წევრობას ელოდება.

მისი თქმით, ევროკავშირმა სულ ახლახანს დაგვანახა, თუ როგორ არ მიანიჭა ყველა პარამეტრით წინ მყოფ საქართველოს კანდიდატის სტატუსი, მაშინ, როდესაც ომში მყოფ უკრაინას და დსთ-ის წევრ მოლდოვას წამახალისებელი ჯილდოსავით გადასცეს სტატუსი.

“ევროკავშირში, ისე, როგორც ნატო-ში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება, მათ შორის გაწევრიანების ან კანდიდატის სტატუსის მიცემის შესახებ კონსენსუსის საფუძველზე ხდება. რა თქმა უნდა ეს ორი ორგანიზაცია ერთმანეთისგან განსხვავდება, რაც იმას ნიშნავს, მათი მიზნებიდან გამომდინარე სხვადასხვა მიზეზების გამო შეიძლება ხდებოდეს გადაწყვეტილების მიღება, თუმცა ყველაფერი რომ პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული, ეს ფაქტია! მხოლოდ გაუთვითცნობიერებელი, დილეტანტი, უცოდინარი ან უბრალოდ მცოდნე, მაგრამ გარკვეული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ხალხი ამტკიცებს, რომ არის რაღაც ბარიერები (რეფორმები), რომლის გადალახვის შემდეგ (რეფორმების დასრულების შემდეგ), შესაძლოა ან კანდიდატის ან წევრობის სტატუსის მიღებაა შესაძლებელი.

ისტორიაც და ფაქტებიც გვეუბნება იმის შესახებ თუ რამდენიმე ქვეყანა მიიღეს თავის დროზე ევროკავშირში წევრად, რომლებიც რეალურად არ იმსახურებდნენ ამას და მერე ლიდერი ქვეყნების კისერზე იყვნენ შემომჯდარი წლების განმავლობაში (სხვათა შორის ახლაც ასეა!). კანდიდატობის მიღების შემდეგ კი რამდენი ქვეყანა და რამდენი წელი უიმედოდ ელოდება წევრობას, ამაზე ახლა არ შევჩერდები. სულ ახლახანს ევროკავშირმა კიდევ ერთხელ დაგვანახა ყველა პარამეტრით წინ მყოფ საქართველოს როგორ არ მისცა კანდიდატის სტატუსი, სამაგიეროდ რუსეთთან ომში მყოფ, ნახევრად დანგრეულ უკრაინას და დსთ-ს წევრ მოლდოვას წამახალისებელ ჯილდოსავით დაურიგა კანდიდატობა, ოღონდ ვინმემ არ მითხრას, რომ ან ერთმა ან მეორე ქვეყანამ რეფორმები დაასრულა, ან რაღაც ბარიერები გადალახა – ეს გახლდათ პოლიტიკური ნების საკმაოდ უცნაური გამოხატულება.

დღეს კი ევროკავშირის სტრუქტურებსა და ეშელონებში ბევრი სიკეთეებთან ერთად თანამდებობის პირების საკმაოდ შეუთანხმებელ, უფრო კი ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს ვისმენთ (მაგალითისთვის, შარლ მიშელისა და ევროკომისიის პრესსპიკერის მოადგილე დანა სპინანტის ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს თუ გავიხსენებთ) რაც იმის მანიშნებელია, რომ გარკვეული შიდა პოლიტიკური დაპირისპირებები აღარ იმალება ან კიდევ უფრო უარესი ევროკავშირს ახალი სენი შეეყარა – ბუნდოვანება. ამ ბუნდოვანების ფონზე კი არც კანდიდატის თუ წევრობის მინიჭება გამიკვირდება და არც არ მინიჭება. უბრალოდ ყველამ უნდა გაითავისოს, რომ ასე უბრალოდ არაფერი არ ხდება. მაგალითად, საქართველოსთან მიმართებაში დადებით პასუხს მე მივიჩნევდი, რომ როგორც იქნა დაინახეს ის პროგრესი რაც ჩვენთან არის და ამას სტრატეგიული-გეოგრაფიული მნიშვნელობის გააზრებაც მოჰყვა. ხოლო უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, როგორც ჩანს ვერც სტრატეგიული-გეოგრაფიული მნიშვნელობას აღიქვამენ ჯერ და უფრო მეტიც სხვა ძალებს აძლევენ ხელსაყრელ მიზეზს აქ სიტუაციის ასარევად. ბოლოს კი აუცილებლად უნდა აღვნიშნო რომ შესაძლოა ბუნდოვანება და გაურკვევლობა ევროკავშირის ახალი სენი თუ იარაღი გახდა, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში არ იმუშავებს, საკმაოდ კარგად ვიცით ვინ ვართ, რა გვინდა და მტერიც თუ მოყვარეც თავის მხარდამჭერებთან ერთად უკვე გარკვეულიც გვყავს!” – წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,810,190 ნახვა