წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს, რომ ქალაქ ჯვარში, მდინარე მაგანას წყლის ნაკადი შემცირებულია – მათი თქმით, მოსახლეობა ამას ხეობაში წყლის შესაძლო დაგუბებას უკავშირებს.
მერიის ცნობით, მდინარის მიმდებარედ მცხოვრებლები გააფრთხილეს, საშიშროების თავიდან აცილების მიზნით, ამაღამ საცხოვრებელ სახლებს გაერიდონ.
“ადგილზე სიტუაციის გასაცნობად სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონულ უფროსთან და წალენჯიხის მერთან, გიორგი ხარჩილავასთან ერთად იმყოფებოდა.
ამ ეტაპზე მოხდა ხეობის აეროგადაღების კამერით დათვალიერება, თუმცა ხოკოს ხეობის ზედა ნაწილის დათვალიერება დაღამების გამო ვერ მოხერხდა, შესაბამისად, ხვალიდან ტერიტორიის შესწავლაში სპეციალისტები ჩაერთვებიან.
ადგილზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, წალენჯიხის მერიამ მდინარე მაგანას მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის გაფრთხილება მოახდინა, რათა საშიშროების თავიდან აცილების მიზნით, მდინარის სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობა ამაღამ საცხოვრებელ სახლებს გაერიდოს”, – აღნიშნავენ მერიაში.
გუშინ, გვიან ღამით ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გურიის რეგიონი – უხვი ნალექის გამო, ადიდებულია მდინარეების კალაპოტები, ჩამოწოლილია მეწყერი, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, ხიდები და სოფლებთან დამაკავშირებელი გზები. სტიქიას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა