პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი OC Media-ზე – ფული, რომელიც საქართველოში იმ მიზნით იხარჯება, რომ პლურალიზმი, ლიბერალური ღირებულებები წახალისდეს

„მედია, რომელიც სრულად უცხოური დაფინანსებით მაუწყებლობს საქართველოში, უფრო სწორად აქვს ონლაინ გამოცემა და რომელშიც უცხო ქვეყნის მოქალაქეების, დონორების ფული იხარჯება, გამოდის, რომ ეს ფული იხარჯება პროპაგანდასა და ცალმხრივ ჟურნალისტიკაში. არადა, დონორები ფიქრობენ, რომ საქართველოში მედია პლურალიზმს სჭირდება წახალისება და ამისთვის აძლევენ გამოცემას ფულს“, – ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი OC Media-ს მიერ გამოთქმულ ბრალდებას, რომ თითქოს დონორების მეშვეობით მათზე ზეწოლა განხორციელდა.

შალვა პაპუაშვილის განმარტებით, მართალია ქართული საზოგადოება ამ გამოცემას არ იცნობს, თუმცა ეს არის უცხო ენაზე ონლაინ გამოცემა და თანამშრომლობის ჩვენების და წახალისების ერთ-ერთი ნაბიჯია, როდესაც მათ პარლამენტის თავმჯდომარის მოსაზრებების ექსკლუზიური გამოქვეყნების შესაძლებლობა აქვთ.

„სამწუხაროდ, რაც ჩვენ ვნახეთ, ეს იყო ჩვეულებრივი ცალმხრივი ჟურნალისტიკის მაგალითი. ის მედია, რომელიც სრულად უცხოეთიდან ფინანსდება და რომელსაც თითქოს პრეტენზია აქვს, რომ იყოს მიუკერძოებელი და პლურალისტური, აღმოჩნდა, რომ არის ჩვეულებრივი, ტიპური ცალმხრივი ჟურნალისტიკა, სადაც, აზრს, რომელსაც არ ეთანხმებიან, უბრალოდ აცენზურებენ, ჭრიან და საკუთარ მსმენელამდე თუ მკითხველამდე არ მიაქვთ“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

შალვა პაპუაშვილის თქმით, წერილს, მედიასაშუალებას ექსკლუზიურად სთავაზობდა.

„სხვათა შორის, მათ გამოხმაურებაში აღნიშნეს, რომ ისინი შინაარსს არ ეთანხმებოდნენ. თუ არ იცოდნენ შინაარსი რა არის, როგორ არ ეთანხმებოდნენ მას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე განმარტებით, გუშინ პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტს ონლაინ გამოცემასთან კომუნიკაცია ჰქონდა, რომ პასუხი გამოქვეყნებულიყო მათ სტატიაზე და შეთანხმდნენ, რომ მათ წერილზე ცალკე პასუხი გამოქვეყნდებოდა.

„შემდეგ აღმოჩნდა, რომ სტატია დაწერეს და ბოლოში მიაწერეს ჩემი გამოხმაურება. ამანაც აჩვენა, რა წვრილმან შარლატანობასთან გვაქვს საქმე. ამიტომაც მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის კომუნიკაცია დონორებთან, ფული, რომელიც საქართველოში იმ მიზნით იხარჯება, რომ პლურალიზმი, ლიბერალური ღირებულებები წახალისდეს, ასეთი მედიების მიერ გამოიყენება პროპაგანდისთვის, ცენზურისთვის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,913,952 ნახვა