პოსტები სოციალური ქსელიდან

ნანა კაკაბაძე – „ნაცებმა“ და მათმა ანასხლეტებმა კარგად იციან, რომ თავისუფალ არჩევნებში მათი მარცხი გარდაუვალია. ამიტომ მასობრივი ქაოსით უნდათ მიაღწიონ ისეთ მდგომარეობას, როდესაც ხელისუფლების მხარდაჭერა საშიშად ჩაითვლება

„ნაც-ოპოზიცია და მათი ანასხლეტები ვერ ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილს კონსტიტუცია არ დაურღვევია, ამას ამართლებენ „კეთილშობილური მიზნებით“. ოთარ ფარცხალაძე აშშ-მ დაასანქცირა, მაგრამ სანამ ის საქართველოს მოქალაქე იყო, მას საქართველოს კონსტიტუცია იცავდა, მაგრამ რადგან საერთაშორისო არენაზე ჩვენი მხრიდან საკუთარი კონსტიტუციის დარღვევა-დაკნინება უფრო მოეწონებოდათ და ეს სამართლიანად მიიჩნეოდა, ამიტომ ჩვენი კანონები ჩვენც ფეხებზე უნდა დავიკიდოთო,“- წერს სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე.

კაკაბაძის თქმით, ეს ყველაფერი ემსახურება ერთადერთ მიზანს, არ ჩატარდეს საქართველოში ობიექტური არჩევნები, რადგან ნაცებმა და მათმა ანასხლეტებმა კარგად იციან, რომ თავისუფალ არჩევნებში მათი მარცხი გარდაუვალია.

მისივე თქმით, სწორედ ამისკენ არის მიმართული მუდმივი მუქარები და შეტაკებების მცდელობები.

„კანონი და სამართალი სამართლიანობა შეფასებითი კატეგორიაა, რის გამოც ადამიანის გონებამ ყველა ქმედება შეიძლება სამართლიანად მონათლოს. როდესაც მოქალაქე აცხადებს, რომ ვინმეს ქმედება კანონიერია, მაგრამ სამართლიანი არ არის, რის გამოც კანონის დარღვევა არათუ შესაძლებელი, არამედ აუცილებელიცაა, ამ შემთხვევაში დგება სუბიექტური შეფასების საკითხი, რასაც ყოველთვის საფუძვლად უდევს მიკერძოება, გემოვნება, განწყობა, ინტერპრეტირება, ერთი სიტყვით, არაობიექტურობა.

მაგრამ როდესაც ასეთ პოზიციას პოლიტიკოსი აფიქსირებს და ახერხებს, რომ ხალხის გარკვეულ ნაწილში კანონის დარღვევა სამართლიანობის დაცვის აუცილებლობით გაამართლოს, ამ შემთხვევაში იწყება საზოგადოების კრიზისი. ნაც-ოპოზიცია და მათი ანასხლეტები ვერ ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილს კონსტიტუცია არ დაურღვევია, როდესაც მთავრობის ნებართვის გარეშე მოაწყო ვიზიტები ევროპის დედაქალაქებში, მაგრამ ამას ამართლებენ „კეთილშობილური მიზნებით“, რადგან პრეზიდენტს სურდა საკუთარი წვლილი შეეტანა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების ლობირებაშიო. ოთარ ფარცხალაძე აშშ-მ დაასანქცირა, მაგრამ სანამ ის საქართველოს მოქალაქე იყო, მას საქართველოს კონსტიტუცია იცავდა, კონსტიტუცია კი კანონთა იერარქიაში ყველაზე მაღლა დგას, მაგრამ რადგან საერთაშორისო არენაზე ჩვენი მხრიდან საკუთარი კონსტიტუციის დარღვევა-დაკნინება უფრო მოეწონებოდათ და ეს სამართლიანად მიიჩნეოდა, ამიტომ ჩვენი კანონები ჩვენც ფეხებზე უნდა დავიკიდოთო.

მთავარი ის არის, რომ ეს ყველაფერი ემსახურება ერთადერთ მიზანს: არ ჩატარდეს საქართველოში ობიექტური არჩევნები, რადგან ნაცებმა და მათმა ანასხლეტებმა კარგად იციან, რომ თავისუფალ არჩევნებში მათი მარცხი გარდაუვალია. ამიტომ მასობრივი ქაოსით, ხელისუფლებაზე მუდმივად ძალისმიერი ზემოქმედებით როგორმე უნდა მიაღწიონ ისეთ მდგომარეობას, როდესაც ხელისუფლების მხარდაჭერა არა მხოლოდ სამარცხვინოდ, არამედ საშიშად ჩაითვლება. სწორედ ამისკენ არის მიმართული მუდმივი მუქარები, შეტაკებების მცდელობები, კუნთების თამაში, ძალის დემონსტრირება, სულ უფრო ხშირი აპელირება „სტრატეგიული პარტნიორებზე“, უკრაინაში მყოფ ქართველ მეომრებზე და ა. შ.

საბოლოო ჯამში ამ ყველაფერს მცოცავი სახელმწიფო გადატრიალება ჰქვია, რადგან ობიექტური და თავისუფალი არჩევნების გარეშე ხელისუფლებაში ნებისმიერი სხვა გზით მოსვლა სწორედ სახელმწიფო გადატრიალებაა. ამ რეალობას არ ცვლის არც ამ გადატრიალების „რევოლუციად“ მონათვლა (სულ ერთია, ვარდების ერქმევა, ტიტების თუ გირჩების) და არც ის, რომ ძალადობრივი ფორმებით აგრესიული ანტიდემოკრატიული ძალები ჯერ მოიპოვებენ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ უპირატესობას, თავს წარმოაჩენენ „დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დამცველ რაინდებად“, რომლებმაც უნდა განგმირონ „რუსული ჭაობისკენ“ საქართველოს წამყვანი დემონები და ურჩხულები და მხოლოდ ამის შემდეგ აღმოაჩენს ხალხი ცხვრის ტყავში გახვეულ მგლებს, რომლებიც სისხლის კალოს დაატრიალებენ ქვეყანაში.

ეს ყველაფერი ჩვენმა წინაპრებმა 100 წლის წინ გაიარეს, ხოლო ჩვენმა თაობამ ეს მძიმე გამოცდილება 20 წლის წინ მიიღო. ამიტომ ჩვენი მეხსიერება და განჭვრეტის უნარი ცხვრის ტყავის მიღმა ადვილად ხედავს თვალებანთებულ და კბილებდაკრეჭილ სისხლმოწყურებულ მგლებს,”- წერს ნანა კაკაბაძე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,847,376 ნახვა