საზოგადოება

ივანე ჩხაიძე – ქვეყანაში დაფიქსირებული ვირუსების 7% არის კორონავირუსი, სხვა ვირუსების განაწილება კი უფრო მეტია – რინოვირუსის ძალიან ბევრი შემთხვევაა გამოვლენილი და ის მომატებულია მოზრდილი ასაკის ბავშვებშიც

ვირუსების განაწილების ბოლო მონაცემების თანახმად, რომელიც დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა მოგვცა, 7% არის კორონავირუსი, სხვა ვირუსების განაწილება კი უფრო მეტია – რინოვირუსის ძალიან ბევრი შემთხვევაა დაფიქსირებული. აღსანიშნავია, რომ რინოვირუსი მომატებულია მოზრდილი ასაკის ბავშვებშიც, -ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

როგორც ჩხაიძე განმარტავს, რინოვირუსი გაციების გამომწვევი ვირუსია და არ განაპირობებს დაავადების მძიმე მიმდინარეობას.

„2023 წელს რინოვირუსის უჩვეულო მატება გვაქვს, პანდემიამდე წლებთან შედარებით, წელს ძალიან ბევრი რინოვირუსი ცირკულირებს. რინოვირუსი გახლავთ გაციების გამომწვევი ვირუსი და არ განაპირობებს დაავადების მძიმე მიმდინარეობას.

გარდა იმისა, რომ წელს, პროცენტული განაწილების თვალსაზრისით, რინოვირუსის ძალიან ბევრი შემთხვევაა დაფიქსირებული, აღსანიშნავია, რომ რინოვირუსი მომატებულია მოზრდილი ასაკის ბავშვებშიც.

რაც შეეხება კორონავირუსს. თუ გადავხედავთ იმ მონაცემებს, წლის ჭრილში გვაძლევს საშუალებას ვისაუბროთ კორონავირუსის აქტივობაზე, კერძოდ, ლუგარის ცენტრის მონაცემებით, ძალიან კარგად ჩანს, რომ კორონავირუსი არსად გამქრალა და სეზონური სახე აქვს მიღებული. ზაფხულშიც გვქონდა კორონავირუსის შემთხვევები. სტატისტიკაში კარგად ჩანს, რომ 3 კვირა იყო, როდესაც ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებში კორონავირუსი ვერ იქნა ნანახი. კორონავირუსის რაოდენობა მცირეა, 2-7%-მდე მერყეობს მისი განაწილება სხვა ვირუსებთან ერთად. გვაქვს მოლოდინი, რომ აქციების კვალდაკვალ მოიმატებს კორონავირუსის შემთხვევები. ბოლო მონაცემებით, რომელიც დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა მოგვცა, 7% არის კორონავირუსი, სხვა ვირუსების განაწილება უფრო მეტია.

მთავარია, რომ კორონავირუსი კონტროლის ქვეშ იქნება, გვეცოდინება მისი გავრცელების ინტენსივობა, ასევე ის, თუ რომელი ვარიანტი ცირკულირებს. ამ ეტაპზე, ქვეყანაში კორონავირუსი კვლავ ცირკულირებს, კერძოდ, „ომიკრონი“. გარდაცვალების შემთხვევა ძალიან იშვიათია, ქვეყანას კორონავირუსისგან რაიმე საშიშროება არ ემუქრება“,- აღნიშნა ჩხაიძემ.

იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში რინოვირუსის შემთხვევები იმატებს, ივანე ჩხაიძე იმედოვნებს, რომ ეს კლინიკების გადატვირთვას არ გამოიწვევს.

„ჯერ არ გვაქვს ვითარება, რომ კლინიკები გადატვირთული იყოს, მიუხედავად იმისა, რომ რინოვირუსის შემთხვევები მომატებულია, ეს მომართვიანობა არ ჰქმნის პრობლემას. ინფიცირების მაჩვენებელი მოიმატებს, მაგრამ კლინიკების გადატვირთვას არ ველოდებით“,- აღნიშნა ჩხაიძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,908,159 ნახვა