GD Banner
პოლიტიკა

სალომე ქურასბედიანმა კიშინიოვში გამართულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრმა, სალომე ქურასბედიანმა, მონაწილეობა მიიღო მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტის საგარეო პოლიტიკისა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში – “United4Moldova”, რომელიც კიშინიოვში გაიმართა. ღონისძიებაში ევროკავშირის 19 წევრი ქვეყნის ევროპულ საკითხთა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები და საქართველოსა და უკრაინის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.


სალომე ქურასბედიანმა კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ევროკავშირის გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე ისაუბრა.


გასულ წელს, უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება და საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარება ისტორიული გადაწყვეტილება იყო, თუმცა, ამან სათანადოდ ვერ ასახა საქართველოს მიღწევები და გეოპოლიტიკური მნიშვნელობა. ამდენად, ვიმედოვნებთ, რომ ევროკომისია სამართლიან შეფასებას მისცემს საქართველოს პროგრესსა და ძალისხმევას და დეკემბერში ევროპული საბჭო კანდიდატის სტატუსს მოგვანიჭებს. ევროკავშირის მხრიდან დროული სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება უმნიშვნელოვანესია საქართველოსთვის და ის ასევე პრინციპულია ევროკავშირის, როგორც გეოპოლიტიკური აქტორის სათანადო პოზიციონირებისთვის“, – განაცხადა სალომე ქურასბედიანმა.


მან კონფერენციაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო, როგორც ევროპული ცივილიზაციის ნაწილი, ყოველთვის მიისწრაფოდა და მიისწრაფვის ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისკენ.


საქართველოს ევროპული არჩევანი არის ჩვენი ცივილიზებული, ისტორიული არჩევანი. 2014 წელს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, საქართველო რეფორმების და სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებლების კუთხით ლიდერ ქვეყნად ჩამოყალიბდა. ჩვენი არსებითი პროგრესი ევროკავშირის ინტეგრაციის გზაზე დადასტურდა თებერვალში გამოქვეყნებული ევროკომისიის ანგარიშში და მუდმივად დასტურდება სხვადასხვა ავტორიტეტული გლობალური რეიტინგებით. უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ყველაფერი უკვე 30 წელზე მეტია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების 20%-ის უკანონო ოკუპაციის პირობებში ხდება”, – განაცხადა სალომე ქურასბედიანმა.


კონფერენციაში მონაწილე დელეგაციებმა მოლდოვას რესპუბლიკის ევროპული ინტეგრაციის მხარდამჭერი რეზოლუცია ერთხმად მიიღეს.


ღონისძიებაში ქართული მხრიდან ასევე მონაწილეობდნენ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი, მოლდოვაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლევან დიასამიძე, საელჩოს უფროსი მრჩეველი მამუკა ქურასბედიანი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,893,328 ნახვა