პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა – მოვუწოდებ ოპოზიციას, მაგალითი მოგვეცით და იარეთ ველოსიპედით

მოვუწოდებ ოპოზიციას, მაგალითი მოგვეცით და იარეთ ველოსიპედით, ვისაც მანქანები გემსახურებათ – რაც შეეხება ხელფასებს, ხომ ხართ მაგრები, ხომ მოდიხართ ხელისუფლებაში?! ყოველთვის შეგახსენებთ, რომ მომატებული ხელფასი არ აიღოთ და საქველმოქმედო ფონდს გადაურიცხოთ,- ამის შესახებ საპარლამენტო ოპოზიციის წევრმა ირაკლი ზარქუამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარლამენტის წევრების ანაზღაურების ზრდის თაობაზე რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების განხილვისას განაცხადა.

ზარქუა ოპოზიციას პოპულიზმში ადანაშაულებს და ამბობს, რომ შეუძლებელია საზოგადოებას ამით თავი მოაწონო.

„ყველაფერს აქვს საზღვარი – შეუძლებელია, რადგან არჩევნებია მოახლოებული, რომ იაფფასიანი პოპულიზმით თავი მოაწონო [საზოგადოებას]. ოპოზიციიდან ვისმენდი, მანქანები რაში გჭირდებათო, დათვლა დაიწყეს, გავყიდოთ და ველოსიპედით იარეთო. ამას ამბობდა ის ადამიანი, რომელიც წინა მოწვევაში სწორედ იმ მანქანით – შავი Camry-ით დადიოდა, რომელიც ახლა სხვას ემსახურება. მაშინ არ ჰქონდა ეს მიდგომა და პრეტენზია, არც ეს ველოსიპედები გახსენებია მაშინ, მაგრამ ახლა გაახსენდა იმიტომ, რომ ხვალ არჩევნებია. ეს იაფფასიანი პოპულიზმია. მოვუწოდებ ოპოზიციას – ძალიან ბევრს გემსახურებათ მანქანა, რაც რეგლამენტითაა დაწესებული – ჩამობრძანდით და ველოსიპედებით იარეთ. ვთხოვ პარლამენტის აპარატს, შევუძინოთ! გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა, მაგალითი მოგვეცით, იარეთ ველოსიპედით, ვისაც მანქანები გემსახურებათ“, – განაცხადა ზარქუამ.

რაც შეეხება დეპუტატებისთვის ხელფასების მომატების საკითხს, ირაკლი ზარქუას თქმით, ოპოზიციის უმრავლესობა პარლამენტის კორიდორებში ჩურჩულებს და წუწუნებს, რომ ხელფასები მოსამატებელია, სხდომაზე კი პოპულისტობს.

„გაჭირვებულები ახლა გაახსენდათ „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებს – არ აქვს მნიშვნელობა, ახლანდელს თუ ყოფილს. ჯერ ორკაციანი ჯგუფები შექმენით და 9 ათას ლარს იღებთ დაფინანსებას. ამას თავი რომ გავანებოთ, 2020-ში ძლივს შემოგიყვანეთ პარლამენტში, 6 თვის დაგვიანებით და იმ 6 თვის ხელფასიც ჩაიჯიბეთ. ზოგი, ვინც ვერ შემოვიდა, დღემდე გვედავება სასამართლოში – შალიკო, ფანჩატურიდან. რატომ არ ჩამირიცხეთ, ხომ მეკუთვნოდაო?! მაშინ რომ გეკითხათ, არ უნდოდათ. რადიკალების უმრავლესობა ასეთი განწყობით იყავით. კორიდორებში ოპოზიციის უმრავლესობა ჩურჩულებთ, წუწუნებთ, ხელფასები მოსამატებელიაო და აქ გამოდიხართ და პოპულისტობთ, ვითომ დღე და ღამე ხალხზე მოფიქრალები ხართ. პოლიტიკოსობა ჩემთვის უპირველესად, გამბედაობაა, რომ მათ შორის, არაპოპულარული და აუცილებელი გადაწყვეტილების მიღების უნარი გქონდეს. პოპულისტობა და კეკლუცობა ნებისმიერს შეუძლია. ასეთი მიდგომით რომ იყავით, ამიტომაც ვთქვით გუნდში, რომ სახელფასო განაკვეთებია გადასახედი. ეს მოქმედ დეპუტატებს არ შეეხება და 2025 წლის 1-ელი იანვრიდან ავამუშავებთ, ხომ ხართ მაგრები, ხომ მოდიხართ ხელისუფლებაში?! კოალიციებს რომ ყვირით ხოლმე – აგერ ბურთი და მოედანი. მე ვიქნები თუ არა, არ მაინტერესებს, მაგრამ სადაც არ უნდა ვიყო, ყოველთვის შევახსენებ იმ დეპუტატებს, ვინც ოპოზიციიდან მოხვდებით, რომ მომატებული ხელფასი არ აიღოთ და საქველმოქმედო ფონდს გადაურიცხოთ. ვნახოთ ვისი აჯობებს. თქვენს სიტყვას და მიდგომას ფასი და ავტორიტეტი უნდა ჰქონდეს“,- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

შეგახსენებთ, რომ „ევროოპტიმისტების“ ხელმძღვანელი რომან გოცირიძე ინიციატივით გამოდის, პარლამენტის თავმჯდომარის გარდა, სამსახურებრივი ავტომობილით მომსახურება ყველა სხვა დეპუტატს გაუუქმდეს და გამოთავისუფლებული თანხა, თუნდაც, ხელფასის სახით კანონმდებლებზე გადანაწილდეს.

„დავემსგავსოთ ევროპულ ქვეყნებს, სადაც დეპუტატები ველოსიპედებით დადიან პარლამენტში. რასაც კომიტეტის თავმჯდომარე ამ საავტომობილო მომსახურებაში იღებს, გადავიანგარიშოთ, დავუმატოთ და მივცეთ ხელფასის სახით. რაც უნდა ის აკეთოს, უნდა ტაქსით მოვიდეს, უნდა მანქანა იყიდოს. ან სხვა სისტემა გავაკეთოთ პარლამენტში, საპარლამენტო მანქანების გამოძახება. უნდა გათანაბრდეს დეპუტატების ანაზღაურება!“, – განაცხადა რომან გოცირიძემ

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,912,826 ნახვა