საზოგადოება

კახა კალაძე: საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება გადაჭრის არა მარტო ექსპლუატაციიდან გამოსული მატარებლების პრობლემას, არამედ გაზრდილი მგზავრთნაკადის საკითხსაც

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საზოგადოებას საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების დეტალები გააცნო, რომლის მიხედვით, თბილისის მეტროს მოძველებული მატარებლები თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტის 212 ვაგონით ჩანაცვლდება.

დედაქალაქის მერის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის სატრანსპორტო სისტემის რეფორმის მნიშვნელოვანი ნაწილია, რისთვისაც მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრს.

„2017 წელს, როდესაც თბილისის მოსახლეობამ აგვირჩია, დავიწყეთ მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელება და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ბევრი, საინტერესო, ქალაქისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა ამ მიმართულებით.
ბოლო წლების განმავლობაში სრულად განვაახლეთ ავტობუსების პარკი და მთლიანად ჩავანაცვლეთ დანგრეული, გაუბედურებული ყვითელი ავტობუსები, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა როგორც მგზავრების გადაყვანის, ასევე ეკოლოგიური თვალსაზრისით; მთლიანად განვაახლეთ მიკროავტობუსების პარკი და დღეს თბილისის მოსახლეობას ემსახურება ახალი, თანამედროვე, ევროპული ტიპის ავტობუსები და მიკროავტობუსები. რა თქმა უნდა, რეფორმა გრძელდება და კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი იმისთვის, რომ კიდევ უფრო გავზარდოთ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობა და მისი კომფორტულობა, იმისთვის, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტს დღის განმავლობაში ყველაზე სწრაფად შეეძლოს გადაადგილება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, პროექტის განხორციელებისთვის მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსი დაიხარჯება.

„პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თბილისის მეტროს ვაგონების განახლებისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 475 მლნ ევროს ეკვივალენტი თანხა გამოიყოფა, რითაც მოხდება 212 ერთეული თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მეტროს ვაგონის შესყიდვა.

თბილისის მეტრო საჭიროებს განახლებას. თქვენ იცით, რამხელა სამუშაო ჩატარდა ჩემი მერობის პერიოდში ძალოვანი კაბელების შესაცვლელად. ჩვენ მთლიანად შევცვალეთ დაახლოებით 450 კილომეტრის სიგრძის ძალოვანი კაბელები, რაც უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ასევე გამნიავებელი სისტემები მთლიანად განვაახლეთ, ახალი აგრეგატები დაყენდა გვირაბებში და ეს პროცესი გრძელდება. არანაკლებ საჭირო და მნიშვნელოვანია მოძრავი შემადგენლობების ჩანაცვლება, რადგან ხშირია ძველი მატარებლების მწყობრიდან გამოსვლის ფაქტი, რაც აფერხებს მთლიანად მეტროპოლიტენის მუშაობას.

ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ დღეს თბილისის სატრანსპორტო სისტემის განვითარებისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ეს არის მასშტაბური პროექტი, რადგან აქამდე თბილისის მეტროში საბჭოთა წარმოების მატარებლები არ ჩანაცვლებულა და თბილისს ემსახურება 48 შემადგენლობა 192 ვაგონის სახით, რომელიც გამოშვებულია და ექსპლუატაციაში მიღებულია 1974-1992 წლებში“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ერთდროულად რამდენიმე პრობლემას გადაჭრის.

„ეს გადაწყვეტილება გადაჭრის არა მარტო ექსპლუატაციიდან გამოსული მატარებლების პრობლემას, არამედ გაზრდილი მგზავრთნაკადის საკითხსაც, რადგან დაგეგმილი პროექტით გათვალისწინებულია არსებულზე მეტი – 212 ერთეული საერთაშორისო სტანდარტის ვაგონის შესყიდვა და ჩანაცვლება, რაც ეტაპობრივად განხორციელდება. დღეის მდგომარეობით, სამუშაო დღეებში, ნახევარ მილიონზე მეტი მგზავრი გადაჰყავს თბილისის მეტროს, შესაბამისად, სწორედ ამ ადამიანების კომფორტულ, უსაფრთხო მგზავრობას უზრუნველყოფს აღნიშნული გადაწყვეტილება. პირველ ეტაპზე, რამდენიმე დღეში გამოცხადდება ბაზრის კვლევა, ამის შემდეგ გამოვაცხადებთ ტენდერს და დავიწყებთ აღნიშნული ვაგონების შესყიდვას“, – განაცხადა თბილისის მერმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,755,896 ნახვა