GD Banner
პოლიტიკა

გრიგოლ გიორგაძე: გვაქვს საერთო საზრუნავი, გავაძლიეროთ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა, რაც ნიშნავს, რომ მეტი ახალგაზრდა იყოს გაწვრთნილი და გადამზადებული

2025 წლიდან სტუდენტს, რომელიც დისტანციურად სწავლობს, შეუძლია აირჩიოს სამხედრო სავალდებულო სამსახურის სხვადასხვა ვარიაცია – 6-8-11-თვიანი ან მათთვის სპეციალურად შექმნილი პროგრამა – 4 წლის განმავლობაში ზაფხულობით 1 თვე სამხედრო სამსახურის გავლა, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ პარლამენტში, სადაც „თავდაცვის კოდექსის“ მესამე მოსმენისას გამოკვეთილი ინიციატივები განიხილება.

დისტანციურ სწავლებაზე მყოფი სტუდენტებისათვის სამხედრო სამსახურის გავლის პირობების გარდა, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გასაწვევ პირთა უფლებების დაცვის შესახებაც ისაუბრა.

„ჩვენ შემოგვაქვს ინიციატივა, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში დასრულდეს სასამართლო. ეს არის ახალგაზრდისთვის კარგი, რომ მან იცოდეს, ეკუთვნის თუ არა ჯარში წასვლა. დაახლოებით 2-3 თვეში დასრულდება ეს პროცედურები. სასამართლოს ადმინისტრაციული კოდექსის 29-ე მუხლით აქვს შესაძლებლობა, თუ ის დაინახავს, რომ აშკარად უკანონო გადაწყვეტილება არის გაწვევასთან დაკავშირებით, შეაჩეროს ეს გადაწყვეტილება, ვიდრე არ დამთავრდება სასამართლო წარმოება. ამიტომ, ყველა მხრივ ადამიანის უფლებები იქნება დაცული ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლით“, – განაცხადა მან.

მისივე განმარტებით, უწყება საკანონმდებლო ხარვეზებს გააკონტროლებს, რათა არ დაუშვას ზოგიერთი ადამიანის მხრიდან ჯარისგან თავის არიდება.

გრიგოლ გიორგაძემ ასევე აღნიშნა, რომ „თავდაცვის კოდექსში“ რელიგიასთან დაკავშირებით არანაირი სიახლე არ შემოდის. „როგორც აქამდე იყო, თუ ადამიანი რწმენის ან სინდისის გამო იარაღის აღებაზე უარს ამბობდა, მას შეუძლია ალტერნატიული შრომითი სამსახური გაიაროს“, – დასძინა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.

თავდაცვის მინისტრის მოადგილემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ უწყება მიმართულია სამხედრო სამსახურის საკანონმდებლო საფუძველი მაქსიმალურად დახვეწისა და გასაწვევი ადამიანების უფლებების დაცვისკენ.

„გვაქვს საერთო საზრუნავი, გავაძლიეროთ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა, რაც ნიშნავს, რომ მეტი ახალგაზრდა იყოს გაწვრთნილი და გადამზადებული“, – განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ.

„თავდაცვის კოდექსში“ ცვლილებები შედის. პარლამენტს წარედგინა პროექტი, რომლის დაჩქარებული წესით განხილვაც იგეგმება. პროექტი ძირითადად სამხედრო სავალდებულო სამსახურსა და მის გადავადებას ეხება.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,898,157 ნახვა