სამართალი

ირაკლი კობახიძე: „ლელო“ ღიად ითხოვს სანქციების დაწესებას, ეს გამოიწვევს იმას, რომ დაახლოებით 150 ათასი ადამიანი პირველივე წელს დაკარგავს სამსახურს. ის არის ჩვეულებრივი ანტიქართული კლუბი და მათ ასეთ ინიციატივებს მხარს ვერ დავუჭერთ

„ლელოს“ უნდა ქართული საზოგადოების გაღარიბება. ეს არის ჩვეულებრივი ანტიქართული პოლიტიკური კლუბი, ანტიქართული პოლიტიკური ინიციატივებისთვის. იმედი აქვთ, რომ საქართველოს მოსახლეობის გაღარიბების პირობებში მაინც მოახერხებენ 5%-იანი ბარიერის გადალახვას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ამ განცხადებით „ლელოს“ იმ ინიციატივას გამოეხმაურა, რომელიც გუშინ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დახარვეზდა.

„ჩვენ სინამდვილეში უარი ვთქვით ანტიქართულ დოკუმენტზე, როდესაც „ლელო“ ღიად ითხოვს სანქციების დაწესებას, რაც გამოიწვევს საქართველოსთვის ეკონომიკის შემცირებას მინიმუმ 10%-ით. გამოიწვევს იმას, რომ დაახლოებით 150 ათასი ადამიანი პირველივე წელს დაკარგავს სამსახურს, უამრავ ადამიანს შეუმცირდება შრომის ანაზღაურება და ა.შ. როცა ამას საკუთარი ხელით ითხოვს კონკრეტული პოლიტიკური პარტია, ამ შემთხვევაში „ლელო“, ეს ნიშნავს იმას, რომ ის არის უბრალოდ ანტიქართული პოლიტიკური გაერთიანება. „ლელო“ არის ჩვეულებრივი ანტიქართული კლუბი და რა თქმა უნდა, მათ ასეთ ინიციატივებს მხარს ვერ დავუჭერთ. ჩვენთვის არ არის მნიშვნელოვანი, რას იტყვიან ამაზე რუსები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია რა შედეგები მოჰყვება ჩვენს გადაწყვეტილებებს ქართული საზოგადოებისთვის. „ლელოს“ უნდა ქართული საზოგადოების გაღარიბება. ეს არის ჩვეულებრივი ანტიქართული პოლიტიკური კლუბი, ანტიქართული პოლიტიკური ინიციატივებისთვის. ჩვენი მთავარი ამოსავალი წერტილი არის არ გავაღარიბოთ საქართველოს მოსახლეობა, უმძიმესი დარტყმა არ მივაყენოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას, „ლელოს“ მიზანია საპირისპირო. მათ იმედი აქვთ, რომ საქართველოს მოსახლეობის გაღარიბების პირობებში მაინც მოახერხებენ 5%-იანი ბარიერის გადალახვას. ჩვენ ვერ ვიზრუნებთ „ლელოს“ მიერ 5%-იანი ბარიერის გადალახვაზე, ქვეყნის გაღარიბების ხარჯზე“, – აღნიშნა კობახიძემ.

პარლამენტის ბიურომ „ლელოს“ რეზოლუციის პროექტს – „საქართველოს დაცვის აქტი“ – მსვლელობა არ მისცა და ინიციატორებს უკან დაუბრუნა. ბიურომ რეზოლუციის პროექტის ინიციატორებისთვის დაბრუნების გადაწყვეტილება საბიუჯეტო ოფისის უარყოფითი დასკვნის საფუძველზე მიიღო, რომელიც საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელმა ანდრია გვიდიანმა წარადგინა. როგორც გვიდიანმა განაცხადა, რეზოლუციის პროექტში მოსალოდნელი ფინანსური გავლენები მკაფიოდ განსაზღვრული არ იყო და ის წინააღმდეგობაში მოდიოდა საბიუჯეტო სისტემის უნივერსალურობის პრინციპთან.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,856,076 ნახვა