თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე აიკრძალება M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, დილის 08:00-11:00 საათებში და საღამოს 17:00-20:00 საათის შუალედში, – ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
„მინდა, გამოვეხმაურო კიდევ ერთ თემას, რომელიც პარლამენტის მხარდაჭერით და ჩართულობით ხორციელდება. დიდი მადლობა მათ ასეთი თანამშრომლობისათვის! თემა ეხება სატრანსპორტო პოლიტიკას. თქვენ იცით, რამდენად მნიშვნელოვანია ეს მიმართულება, რაზეც მუდმივად ვმუშაობთ და არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებაც განვახორციელეთ- სრულად განვაახლეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ავტობუსები და მიკროავტობუსები, დაწყებულია მეტროს მოდერნიზება, განხორციელდა ტაქსების ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა, შემოვიღეთ ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა და ა.შ.
ყოველივე ეს ემსახურება იმას, რომ დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება ხელმისაწვდომი და კომფორტული იყოს.
ცხადია, ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს დედაქალაქში არსებული კერძო ავტოპარკი. დღეს თბილისში 600 000-მდე ავტომობილი გადაადგილდება, რაც, ბუნებრივია, ქმნის ე.წ. საცობებს, განსაკუთრებით პიკის საათებში.
საცობების წარმოქმნაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის დიდი გაბარიტების მქონე ავტომობილებს, რომლებიც, თავიანთი გაბარიტებიდან და მოცულობიდან გამომდინარე, ძალიან აფერხებენ მოძრაობას, ხოლო ავარიის შემთხვევაში კი ხდება დიდი ხნით მოძრაობის პრაქტიკულად გაჩერება.
ამ პრობლემის შემცირებისთვის, ჩვენ მივმართეთ პარლამენტს და წარვუდგინეთ შესაბამისი კანონპროექტი, რომელიც გუშინ პარლამენტმა მე-3 მოსმენით განიხილა.
კანონის მიხედვით:
თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე აიკრძალება M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, დილის 08:00-11:00 საათებში და საღამოს 17:00-20:00 საათის შუალედში;
ამასთან, ამ მანქანების მოძრაობის აკრძალვა არ მოხდება მთელი ქალაქის მასშტაბით, მოძრაობა აიკრძალება მხოლოდ ქალაქის გარკვეულ ტერიტორიაზე. კერძოდ, იმ მონაკვეთებში, სადაც პიკის საათებში დიდია ნაკადები და გადაადგილება გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული.
საგულისხმოა რომ, შეზღუდვა არ იმოქმედებს შაბათს და კვირას, ასევე შრომის კოდექსით გათვალისწინებულ უქმე დღეებში, და ასევე არ იმოქმედებს აგვისტოს თვეში;
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ იქნება გარკვეული გამონაკლისი შემთხვევები, რაზეც ეს რეგულაცია საერთოდ არ გავრცელდება. ეს საგამონაკლისო შემთხვევები, ცხადია, დაკავშირებულია აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებებთან, როგორიცაა, მაგალითად:
• საზოგადოებრივი ტრანსპორტი;
• მუნიციპალური ან სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის საჭირო ტრანსპორტი;
• მოსწავლეების და სტუდენტების გადაადგილებისთვის საჭირო ტრანსპორტი;
• ტურისტული საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო ტრანსპორტი; და ა.შ.
აღნიშნული წესების დარღვევისთვის კანონი ითვალისწინებს ჯარიმებს. პირველ შემთხვევაზე 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორებით და ყოველ შემდგომ შემთხვევაზე – 3 000 ლარის ოდენობით.
ცხადია, ეს შეზღუდვა საწყის ეტაპზე გარკვეულ გავლენას იქონიებს ეკონომიკურ სექტორზე, ბიზნესზე. ამიტომ, ამ ინიციატივაზე სწორედ ბიზნეს-ასოციაციასთან ერთად ვიმუშავეთ. ბიზნეს-ასოციაციასთან გვქონდა რამდენიმე სამუშაო შეხვედრა და ამ თანამშრომლობისთვის დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ასოციაციის ყველა წევრს. ყველამ ერთად დავინახეთ ის ძალიან დიდი და მწვავე პრობლემა, რაც დღეს დგას ქალაქში პიკის საათებში გადაადგილების კუთხით.
მინდა ხაზგი გავუსვა, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური სექტორი, რომელზეც არსებით გავლენას მოახდენს აღნიშნული რეგულაცია, არის სამშენებლო სექტორი. ჩვენ კარგად გვესმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სამშენებლო სექტორის როლი დღევანდელ ეკონომიკაში, ამიტომ არ უნდა დავუშვათ ისეთი შეფერხება, რაც არსებითად დააზიანებს, როგორც თავად ბიზნესს, ასევე მოსახლეობას, პოტენციური მყიდველის კუთხით.
მინდა, ვიცე-მერს დავავალო, რადგან კანონი უკვე განიხილა პარლმენტმა, შესაბამის სექტორთან ერთად, კიდევ ერთხელ გავიაროთ დეტალები და საბოლოო, შეჯერებული პოზიცია წარვუდგინოთ საკრებულოს დასამტკიცებლად“, – აღნიშნა კალაძემ.