იმ აქციებით და იმ მუხტით ყველა ძალიან კმაყოფილია. უკმაყოფილო უნდა იყოს თქვენი ტელევიზია და უკმაყოფილო უნდა იყოს ივანიშვილი, – ასე უპასუხა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თელავის საკრებულოს წევრმა გიგი გიგიტელაშვილმა „ქრონიკის“ მიერ მოპოვებულ ექსკლუზიურ ინფორმაციასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.
„ქრონიკას“ წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ ბროსეს ქუჩაზე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ოფისში იგორ ნარმანია და ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერები დაიბარეს. ამავე წყაროს ინფორმაციით, დავით კეზერაშვილის ცოლის ძმას, დიმიტრი ჩიქოვანსა და მათ შორის, მძიმე საუბარი შედგა.
ჩიქოვანმა ახალგაზრდებს შეურაცხყოფა მიაყენა, აგინა და განაცხადა, რომ უკმაყოფილოა და მეტი მუხტი სჭირდება. წყაროს ინფორმაციით, ჩიქოვანმა ასევე თქვა, რომ მილიონზე მეტი აქვს უკვე დახარჯული და მათგან შედეგს ვერ იღებს. ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები თათბირის შემდეგ მძიმე შეურაცხყოფის გამო უკმაყოფილებას გამოხატავდნენ. სწორედ, ერთ-ერთმა მათგანმა მიაწოდა ექსკლუზიურად ინფორმაცია „ქრონიკას“ დიმიტრი ჩიქოვანის მიერ ჩატარებული თათბირის შემდეგ. „ქრონიკა“ აღნიშნულ პირებს დაუკავშირდა.
„ნაციონალურ მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერებთან ყოველდღე მაქვს შეხვედრა. მე დღეს დიმიტრი ჩიქოვანსაც შევხვდი და კიდევ სხვა უამრავ ახალგაზრდას, რომლებიც ჩემი მეგობრები არიან. იმ აქციებით და იმ მუხტით ყველა ძალიან კმაყოფილია. უკმაყოფილო უნდა იყოს თქვენი ტელევიზია და უკმაყოფილო უნდა იყოს ივანიშვილი, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თელავის საკრებულოს წევრმა გიგი გიგიტელაშვილმა.
„არა, კაით ერთი რა“, – ასეთი იყო სტუდენტური მოძრაობა „ნაბიჯის“ წარმომადგენლის დავით სეხნიაშვილის პასუხი.
სტუდენტური მოძრაობა „ნაბიჯის“ დამფუძნებლის დავით ჩხობაძის თქმით, იგი ბევრ შეხვედრას ესწრება. „ვესწრები ბევრ შეხვედრას, ოპოზიციის შეხვედრებს და შესაბამისად, ვმუშაობთ ყველა ფორმატში. ოპოზიციურ პარტიებთან ერთად ყველა ვდგავართ ერთად“, – აღნიშნა მან.
„ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრის ტიტე გედენიძის თქმით, არ იცის რაზე ესაუბრებიან.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ბესო გედენიძემ აღნიშნა, რომ, მას ინფორმაცია არ მაქვს.
„ჩვენი მუშაობით? არა, ეგ რაღაც სისულელეებია“, – განაცხადა მან.
თავად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნის დიმიტრი ჩიქოვანის თქმით, საკუთარ თანაპარტიელებს ის ყოველდღე ხვდება.
„თანამდებობა ჩემი იცით? მე ჩემს თანაპარტიელებს ყოველდღე ვხვდები. ეს არის მტკნარი სიცრუე და თქვენ ხართ ბინძური პროპაგანდისტები. თქვენ მარტო სიცრუის ტირაჟირებას ეწევით, მეტს არაფერს აკეთებთ და ყველას უნდა გრცხვენოდეთ, მაგ არხზე ვინც მუშაობთ“, – განაცხადა დიმიტრი ჩიქოვანმა.