პოლიტიკა

მერაბ გეგეჭკორი: ხელისუფლება ვალდებულია დაიცვას ჩვენი ეროვნული ინტერესები, საქართველოში რამე ისეთი ხდება, რაც არ ხდება სხვა ქვეყანაში? როგორი აზრიც უნდა გაგაჩნდეს, თუ უმცირესობაში ხარ, კეთილი ინებე და მოითმინე უმრავლესობის პოზიცია, ესაა დემოკრატიის პრინციპი

ურთულესი მდგომარეობაა, არც ვიცი, ღირს თუ არა ამაზე საუბარი. ადამიანი შენს პოზიციას არ იცნობს და გლანძღავს, მინდა ახლა ეს ლანძღვა და გინება? აზრი აქვს რამე საუბარს? ის, რაც ჩვენ გუშინ ვნახეთ (ინტერვიუ ჩაწერილია 12 მაისს), ხალხი ქუჩაში გამოვიდა, ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერდნენ და “ევროვიზიაზე” რა მოხდა? – ამის შესახებ მსახიობმა მერაბ გეგეჭკორმა, ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, აქვს თუ არა იმედი, რომ ევროპა საქართველოს დაიცავს, მსახიობმა უკრაინის მაგალითი მოიყვანა და აღნიშნა: “უკრაინა დაიცვა? მაგას თუ დაცვა ჰქვია, მაშინ მე შტერი ვყოფილვარ. ჩვენ ბევრი რთული დღე გვაქვს გამოვლილი. მამარდაშვილი ამბობდა: კანონზომიერად რომ ვთქვათ, ქართველი კაცი უნდა იყოს გაბოროტებული, უნდა იყოს თავის თავში ჩაკეტილი. არადა, ქართველი ადამიანი ღიაა, ლაღიაო. ერთმანეთს რატომ ვუპირისპირებთ? არსებობს პოლიტიკური მოვლენები, რომლებსაც ჩვენ არ შეგვეკითხებიან, მაინც მოხდება. ჩვენ გვინდა თუ არა, ცივილიზაციური გადაჯგუფებები ხდება. 3.5 მილიონი დავრჩით, ეს დიდი ქალაქის ერთი უბანია ჩინეთში.”

მან ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ, უპირველესად სახელმწიფოს ინტერესი უნდა დაიცვას, უმცირესობამ კი დემოკრატიის პრინციპის თანახმად, უმრავლესობის პოზიცია უნდა მოითმინოს. რაც შეეხება საქართველოს წინააღმდეგ ევროპისა და აშშ-ის სანქციებს, მისი თქმით, მსგავსი ქმედებით პარტნიორები რუსეთის წისქვილზე დაასხამენ წყალს.

“თუ ხელისუფალი ყოველ გამოსვლაზე და აქციაზე უკან დაიხევს, ის ხელისუფლება უკვე აღარ არის. ხელისუფლება ვალდებულია დაიცვას ჩვენი ეროვნული ინტერესები. რამდენი ათასი კაციც უნდა მოვიდეს ოპოზიციის აქციაზე, ფაქტი ბრმა არ არის, ხუთჯერ მეტი გამოჰყავს მთავრობას. რა მოხდა ვენესუელაში, თუ გახსოვთ, 1 მილიონი კაცი გამოვიდა და დაიცვა თავისი პრეზიდენტი ნიკოლას მადურო. ამერიკის მიწოდებული კანდიდატი კი არ დაიცვა, თავად ვინც უნდოდა ქვეყანას, მას დაუდგნენ გვერდით. ჩემი არჩევანი არჩევნების დღეს გავაკეთე. ოქტომბერშიც წავალ და გავაკეთებ არჩევანს, ყოველდღე პოლიტიკაზე ვილაპარაკო? დღეს საქართველოში რამე ისეთი ხდება, რაც არ ხდება ამერიკაში ან სხვა ქვეყანაში? იქ რაღაც არ მოეწონება ხალხს და ქუჩაში გამოდიან, ასეა აქაც… შენ როგორი აზრიც უნდა გაგაჩნდეს, თუ უმცირესობაში ხარ, კეთილი ინებე და მოითმინე უმრავლესობის პოზიცია, ესაა დემოკრატიის პრინციპი.

თუ ძალმომრეობაზეა ლაპარაკი, ღმერთმა დაგიფაროს და ამაშიც ვერ მოერევი სახელმწიფოს. იმ ყველაფერზე, რაც დღეს საქართველოში ხდება, ამ მდგომარეობაზე ვინ იფშვნეტს ხელს? – რუსეთი. ვის უხარია ეს ამბავი? – რუსეთს. პრემიერ-მინისტრმა ძალიან კარგად უთხრა ევროპარლამენტარებს: თუ ვიზას არ მომცემ და კიდევ დამბლოკავ, ამით ვის საქმეს გააკეთებ, ჩემსას თუ რუსეთისას? 30 წელია დასავლეთი გვპირდება, აფხაზეთს და სამაჩაბლოს დაგიბრუნებთ და კარგად იქნებით, ჩაგეხუტებით, მხარში ამოგიდგებით, მთელ რესურსს დაგახარჯავთო და რა? ამდენივე წელია რუსეთი გვპირდება დედას გიტირებთო და “გვტირობს”, რომელს დავუჯეროთ?” – განაცხადა მერაბ გეგეჭკორმა.

მან ასევე ისაუბრა ბიძინა ივანიშვილზე და აღნიშნა, რომ სახელმწიფოში ყველაფერი მისმა მოქალაქეებმა უნდა გადაწყვიტონ და არავის კარნახით არ უნდა იმოქმედოს.

“საკუთარი თავის რწმენა უნდა გაგვაჩნდეს. სამების ამშენებელს მივეცი ხმა, ამაში დასამალი არაფერია. რამდენი რამ აქვს ქვეყანაში გაკეთებული, ამის დავიწყება შეიძლება? ჩემი გივი ბერიკაშვილი, კახი კავსაძე და კიდევ ბევრი სხვა სახელოვანი ადამიანი, ყველა სიკეთით ლაპარაკობდა, სხვა წარმოდგენა ბიძინა ივანიშვილზე არც მქონია. ახლა კეთილი ვინებოთ და ვადროოთ, მიიყვანოს საქმე ბოლომდე. თუ არ მოგვეწონება, ოქტომბერში არჩევნებია და შევცვალოთ. ჩემს სახლში მე უნდა გადავწყვიტო ყველაფერი, აბა, ვინ უნდა მიკარნახოს? თუ ვინმეს უნდა, კომპლექსი ჩამოგვიყალიბოს, თქვენ ვერ წყვეტთ თქვენს საქმეს და მე ვწყვეტო, მაგის პასუხია – “დედიმისისამ”! სომხეთი არეულია, უკრაინა რა დღეშია, ახლო აღმოსავლეთში საშინელება ხდება და გონიერება გვმართებს. “ვისისტიც” გინდა, იმისტი იყავი, ეგ ჩემი საქმე არ არის. გულწრფელად გეუბნებით, არავინ მძულს, მიშა სააკაშვილიც კი არ მძულს, როგორ შეიძლება შეიძულო, შეხედე რა დღეშია. ამ მდგომარეობაში შეიძლება კაცმა თავი ჩაიგდოს? გუშინ კაცს ხალხი ხელისგულზე ატარებდა და დღეს რა დღეშია… ძალიან რთულია პოლიტიკაზე ილაპარაკო. კოცონი ანთია მთელ დედამიწაზე, გონიერებას ნუ დავკარგავთ!” – განაცხადა მერაბ გეგეჭკორმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,854,193 ნახვა