პოლიტიკა

ვიქტორ დოლიძე: დარწმუნებული ვარ, საქართველო თავის ღირსეულ და სათანადო ადგილს დაიკავებს ევროატლანტიკურ და ევროპულ სივრცეში

ნატოს პოლიტიკური დეკლარაცია წარმოადგენს ვაშინგტონის სამიტის უმთავრეს პოლიტიკურ დოკუმენტს, სადაც კონკრეტიკაში არ ჩასულან ალიანსის წევრები, აქ იყო ზოგადი ხასიათის პოლიტიკური განაცხადი იმ საიუბილეო სამიტთან დაკავშირებით, რომელიც მიეძღვნა ნატოს დაარსებიდან 75 წლის იუბილეს, – ამის შესახებ ნატოში საქართველოს ელჩმა, ვიქტორ დოლიძემ განაცხადა.

დოლიძის თქმით, ბუნებრივია, დეკლარაციაში საქართველომ თავისი ადგილი დაიკავა.

„ბუნებრივია, საქართველომ თავისი ადგილი დაიკავა არა მხოლოდ პარტნიორობის, არამედ სხვა ჭრილში, სხვა თემებთან დაკავშირებითაც, მათ შორის, პარტნიორი ქვეყნების გაღებული წვლილით საერთაშორისო უსაფრთხოების დაცვაში, ასევე პირად კონტრიბუციაში ევროატლანტიკური უსაფრთხოების გაძლიერების თვალსაზრისით. თუ ვინმეს, და არა მხოლოდ პარტნიორს, არამედ თვითონ ნატოს წევრ ქვეყნებს შეუტანიათ წვლილი, აღიარებულია ჩვენი ქვეყანა. ალბათ, ყველაზე მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ მე-17 მუხლს, სადაც რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულ ომთან, ბარბაროსულ ქმედებებთან დაკავშირებით, ასევე ომის დანაშაულების და სხვადასხვა კონტექსტში ნახსენებია საქართველო და ჩვენი მეგობარი, პარტნიორი მოლდოვა. რუსეთს კიდევ ერთხელ მოუწოდებენ, რომ დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაიყვანონ თავიანთი შენაერთები საქართველოდან და მოლდოვიდან, რომლებიც იმყოფებიან ჩვენს ტერიტორიაზე, როგორც ოკუპანტი ძალა“, – განაცხადა დოლიძემ.

ვიქტორ დოლიძის განცხადებით, ნატოს პოლიტიკური დეკლარაცია ასევე მნიშვნელოვანია, რადგან დაკავშირებულია ძირითადად გლობალურ საფრთხეებთან.

„დეკლარაცია დაკავშირებულია იმასთან, რომ ნატო მაქსიმალურად უნდა გახდეს ქმედითუნარიანი და თავსებადი საკუთარ კრიტერიუმებთან, უნდა იყოს უფრო მედეგი, წინ აღუდგეს რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებს და მაქსიმალურად დაეხმაროს უკრაინას, რათა იგი არ დამარცხდეს რუსეთთან ომში. ამასთან, მესამე საკითხი არის გლობალური პარტნიორობა. მადრიდისა და ვილნიუსისგან განსხვავებით, ეს არ იყო მრავლისმომცველი, დეტალური კომუნიკე, სადაც კონკრეტულად და დეტალურად ნებისმიერ რეგიონზე, ქვეყანასთან მიმართებაში იწერებოდა უსაფრთხოებასთან, ან რაიმე სხვა თემატიკასთან დაკავშირებული თემები. ეს იყო მოკლე სახის დეკლარაცია, რომელიც 40 თავისგანაც კი არ შედგება მაშინ, როცა კომუნიკე 60-70-80 და უფრო მეტიც გვქონია. აქედან გამომდინარე, საქართველოც არ იყო გამონაკლისი და არ იყო ნახსენები მომავალი პოლიტიკური გეგმები, როგორც ალიანსის, ისე ჩვენი ქვეყნის. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო თავის ღირსეულ და სათანადო ადგილს დაიკავებს თავის ევროატლანტიკურ და ევროპულ სივრცეში, ჩვენ ამასთან დაკავშირებით ვმუშაობთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, სტრატეგიულ მოკავშირეებთან ერთად. დარწმუნებული ვარ, წარმატებით გავართმევთ თავს უახლოეს მომავალში“, – განაცხადა დოლიძემ.

შეგახსენებთ, 10 ივლისს გამოქვეყნდა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომის მონაწილე სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურების ვაშინგტონის სამიტის დეკლარაცია, რომელშიც საქართველოც არის ნახსენები.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,854,213 ნახვა